ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

22. მარ, 2013 / მთავარი

ტუბერკულოზის მსოფლიო  დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 მარტს. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს რობერტ კოხმა აღმოაჩინა  ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა. ეს იყო პირველი  ნაბიჯი ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა  და მკურნალობისაკენ. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია იწყება 1982 წლიდან, როდესაც ტუბერკულოზისა  და ფილტვის დაავადებების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა (International Union Against Tuberculosis and Lung Disease) 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა კოხის აღმოჩენის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

1996 წელს ტუბერკულოზის დღის  ხელშეწყობის საქმეში კავშირს  შეუერთდნენ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაცია და  სხვა ორგანიზაციები. 1998 წელს  დაარსდა „პარტნიორობა  შეაჩერე ტუბერკულოზი“, რომელსაც  დასაწყისში „ინიციატივა  შეაჩერე ტუბერკულოზი“  ერქვა. ეს არის ტუბერკულოზის  წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებული  ორგანიზაციებისა და ქვეყნების  ქსელი. ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაცია თანამშრომლობს   ამ პარტნიორობასთან და  ყოველწლიურად მხარს უჭერს  ტუბერკულოზის მსოფლიო  დღის აქტივობებსა და  ღონისძიებებს.

ყოველი წლის 24 მარტს  ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ტუბერკულოზის ტვირთის, პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და  იძლევა პოლიტიკური და სოციალური ვალდებულებების მობილიზების გაძლიერების შესაძლებლობას.

შთამბეჭდავია  ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი მსოფლიოში ტუბერკულოზით ავადობისა და სიკვდილობის  შემთხვევების შემცირების  კუთხით: მსოფლიოში 1990 წლიდან ტუბერკულოზით სიკვდილობის  მაჩვენებელი  შემცირდა 40%–ით, ამასთან ერთად აღინიშნა დაავადების ინციდენტობის კლებაც.

თუმცა კვლავ რჩება  მნიშვნელოვანი პრობლემები:

2011  წელს  მსოფლიოში ტუბერკულოზის 8.7 მილიონი ახალი  შემთხვევა აღირიცხა;  1.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დიაგნოზით;

ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევების 95%  – ზე მეტი დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. ყველაზე მეტად ზიანდება ღარიბი მოსახლეობა და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, თუმცა ეს აეროგენული გზით გადამცემი დაავადება ყველა ადამიანისთვის საშიშროებას წარმოადგენს;

ტუბერკულოზი არის 15–44 წლის ქალთა გარდაცვალების სამი  ძირითადი მიზეზიდან ერთ–ერთი;
2011 წელს  ბავშვებში 0.5 მილიონი ავადობის ახალი და 64 000 გარდაცვალების შემთხვევა დარეგისტრირდა;
მულტირეზისტენტული ფორმის (MDR-TB) ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით შეიმჩნევა ნელი პროგრესი: 2011 წლის ბოლოსთვის მკურნალობა ჩაიტარა 60 000 პაციენტმა – ეს არის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული დარეგისტრირებული პაციენტების მხოლოდ ყოველი მეხუთე შემთხვევა;
ჯანმო–ს რეკომენდაციების განსახორციელებლად ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც დაინფიცირებულნი არიან აგრეთვე აივ ინფექციით,  აუცილებელია ანტივირუსული თერაპიის მასშტაბების გაორმაგება (ART);

1990–2015 წლებში აფრიკის და ევროპის რეგიონების წინსვლის ტემპი ტუბერკულოზით გარდაცვალების ორჯერ შემცირების კუთხით არ არის დამაკმაყოფილებელი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არ არის საკმარისი  ტუბერკულოზის მკურნალობისა და მასთან  ბრძოლის  ფინანსური  სახსრები. 2013–2015 წლებში   დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ტუბერკულოზის მკურნალობისა და მასთან  ბრძოლის მიმართულებით ყოველწლიურად საჭიროა 8 მილიარდი დოლარი. ყოველწლიურად აღინიშნება 3 მილიარდი აშშ დოლარის  დაფინანსების  ნაკლებობა. საერთაშორისო დონორების  დაფინანსებას  გადამწყვეტი  მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით  დაბალი შემოსავლების 35 ქვეყანაში, სადაც დონორები უზრუნველყოფენ  მიმდინარე დაფინანსების 60% –ზე მეტს.

შეაჩერე ტუბერკულოზი ჩემს ცხოვრებაში

2013 წელი არის ტუბერკულოზის  მსოფლიო დღის 2 წლიანი კამპანიის  მეორე წელი, რომლის სლოგანიც არის „შეაჩერე ტუბერკულოზი ჩემს ცხოვრებაში“.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ტარდება ჯანმო–სა  და „შეაჩერეთ ტუბერკულოზი პარტნიორობის“ ერთობლივი ძალისხმევით. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე შესაძლებლობას აძლევს ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებს და სხვა პარტნიორებს   აწარმოონ დისკუსია ამ დაავადების შესახებ და დასახონ შემდგომი თანამშრომლობის გეგმები, რომ შესრულდეს ტუბერკულოზის შეჩერების დაპირება ადვოკატირებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებით.
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_tb_day/en/index.html