მალარიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 25 აპრილი 2013 წელი

მალარიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 25 აპრილი 2013 წელი

25. აპრ, 2013 / მთავარი

ბოლო  ათწლეულის მანძილზე კაცობრიობამ მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით  მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2000 წლიდან მალარიით სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 25% – ით,  99 ქვეყნიდან 50 ქვეყანა უახლოვდება ჯანმრთლობის მსოფლიო ასამბლეის მიერ 2015 წელს დასახულ მიზანს, რომელიც ითვალისწინებს მალარიის ინციდენტობის მაჩვენებლის შემცირებას 75% – ით.   ამ წარმატების საფუძველს წარმოადგენს ინფექციის გადამტანების ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მასშტაბების გაფართოება, აგრეთვე დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მაგრამ ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მალარიასთან ბრძოლის კუთხით. გათვლებით დადგენილია, რომ ყოველწლიურად  მალარიით გამოწვეული დაახლოებით 660 000 სიკვდილობის შემთხვევა აღინიშნება, მათგან უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია აფრიკის საჰარის სამხრეთ ნაწილიდან. ყოველწლიურად აღინიშნება მალარიის 200 მილიონი ახალი შემთხვევა, თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობა არ რეგისტრირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წამლისა და ინსექტიციდების მიმართ  რეზისტენტულობა  ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის საფრხეს წარმოადგენს.

მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებების შესანარჩუნებლად და მილენიუმის განვითარების მიზნების (4 და 5) მისაღწევად, საჭიროა დამატებითი დაფინანსება.

2013 წლის და შემდგომი წლების მალარიასთან ბრძოლის მსოფლიო დღის სლოგანია – „ჩავდოთ ინვესტიცია მომავალში. დავამარცხოთ მალარია“.

მიზანი:  გავაძლიეროთ მალარიასთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ვალდებულებების შესრულება

მალარიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე დაარსდა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ  2007 წელს ჯანმო–ს ასამბლეის სესიაზე. ამ დღის აღნიშვნით მსოფლიოს ყურადღება მიმართულია მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ძალისხმევის ხელშეწყობისკენ, რომელიც ითვალისწინებს მუდმივ ინვესტირებას და  მდგრადი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებას მალარიის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საქმეში.

მალარიის მსოფლიო დღე იძლევა შესაძლებლობას:

  • მალარიის გავრცელების ქვეყნებისთვის: გამოცდილების გაზიარება  და   ურთიერთდახმარება;
  • ახალი დონორებისთვის:  მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გლობალურ პარტნიორობაში გაერთიანება;
  • სამეცნიერო–კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის:   სამეცნიერო მიღწევებისადმი ექსპერტებისა და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა;
  • საერთაშორისო პარტნიორებისათვის, კომპანიებისა და ფონდებისათვის:  საკუთარი ძალისხმევის დემონსტრირება და ეფექტური ღონისძიებების მასშტაბების გაფართოების პერსპექტივების შემუშავება.

ძირითადი ფაქტები

  • მალარია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, რომლის გამომწვევიც არის პარაზიტი და რომელიც ადამიანზე ვრცელდება  ინფიცირებული კოღოს ნაკბენით;
  • 2010 წელს აღინიშნა მალარიით გამოწვეული დაახლოებით 660 000 სიკვდილობის შემთხვევა (490 000  – დან  836 000 – ის ფარგლებში) მათგან უმრავლესობა აფრიკის რეგიონში.
  • შესაძლებელია მალარიის თავიდან აცილება, მალარია განკურნებადია.
  • მალარიის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერება ბევრ რეგიონში მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ტვირთს;
  • დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, რომლებიც მალარიისგან თავისუფალი რაიონებიდან მოგზაურობენ მალარიაზე არაკეთილსაიმედო რეგიონებში  უფრო მეტად დაუცველები არიან.

ბოლო პერიოდის გათვლებით დადგენილია, რომ 2010 წელს აღინიშნა მალარიის დაახლოებით 219 მილიონი ახალი (154 მილიონიდან –  289 – ის ფარგლებში) და   660 000 სიკვდილობის შემთხვევა (490 000  – დან  836 000 – ის ფარგლებში). 2000 წლიდან მალარიით სიკვდილობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 25% – ით შემცირდა, ხოლო ჯანმო–ს აფრიკის რეგიონში – 33% – ით.  სიკვდილობის შემთხვევების უმეტესობა აღინიშნება ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკის რეგიონში. ამ რეგიონში ყოველ წუთში მალარიით ერთი ბავშვი იღუპება. 2010 წლის მონაცემებით მალარიით სიკვდილობის 80% აღინიშნება მხოლოდ 14 ქვეყანაში, ხოლო ავადობის 80% – მხოლოდ 17 ქვეყანაში.  კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ნიგერიაში ერთად აღინიშნება მალარიით სიკვდილობის 40% – ზე მეტი. 

10 ფაქტი მალარიის შესახებ

ფაქტი 1

მალარიის  გამომწვევია  პარაზიტები;  მალარია  ადამიანს გადაეცემა  ინფიცირებული კოღოს ნაკბენით

მალარიის გამომწვევია Plasmodium პარაზიტები. მალარია  გადაეცემა ადამიანს ინფიცირებული კოღო Anopheles – ის ნაკბენით. პარაზიტების 5 სახეობიდან Plasmodium falciparum ყველაზე  საშიში სახეობა.

ფაქტი 2

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დგას მალარიის რისკის ქვეშ

დაახლოებით  3,3 მილიარდი ადამიანი ანუ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დგას მალარიის რისკის ქვეშ.  ეს არის  დაახლოებით მალარიის 219 მილიონი  ახალი (154 მილიონიდან –  289 – ის ფარგლებში) და მალარიით გამოწვეული დაახლოებით 660 000 სიკვდილობის შემთხვევის (490 000  – დან  836 000 – ის ფარგლებში) მიზეზი.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან.

ფაქტი 3

მალარიის მიზეზით ყოველ წუთში ერთი ბავშვი იღუპება

2010 წელს მალარიის მიზეზით სიკვდილობის 90% აღინიშნა აფრიკაში, სადაც დაახლოებით 600 000 ბავშვი გარდაიცვალა. მათგან უმეტესობის ასაკი არ აღემატებოდა 5 წელს.

ფაქტი 4

მალარიის მიზეზით სიკვდილობის მაჩვენებელი მცირდება

მალარიის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერება ბევრ რეგიონში მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ტვირთს; 2000 წლიდან მალარიით სიკვდილობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 25% – ით შემცირდა, ხოლო ჯანმო–ს აფრიკის რეგიონში – 33% – ით.

ფაქტი 5

მალარიის ადრეული დიაგნოსტიკითა და დროული მკურნალობით შესაძლებელია სიკვდილობის შემთხვევების შემცირება

მალარიის ადრეული დიაგნოსტიკითა და დროული მკურნალობით შესაძლებელია სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ეს ხელს უწყობს აგრეთვე მალარიის გავრცელების შემცირებას. დიაგნოსტიკური ტესტირებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა უნდა განიხილებოდეს არა  მხოლოდ როგორც  მალარიასთან ბრძოლის კომპონენტი, არამედ რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლება.

ფაქტი 6

მალარიის  საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მზარდი რეზისტენტობა  სწრაფად ვრცელდება   

2008 წელს არტემიზინინის პრეპარატების მიმართ პარაზიტების რეზისტენტობა დადასტურდა კამბოჯა–ტაილანდის საზღვარზე,  ამჟამად ვარაუდობენ მიანმარისა და ვიეტნამის ზოგიერთ ნაწილში. თუმცა არტემიზინინზე დაფუძნებული კომბინირებული თერაპია კვლავ რჩება მაღალეფექტურ საშუალებად თითქმის ყველა რეგიონში.  

ფაქტი 7

ხანგრძლივი მოქმედების ინსექტიცინით დამუშავებული ბადეების ქვეშ ძილი ადამიანს იცავს მალარიისგან

ბადეები უზრუნველყოფენ  კოღოს ნაკბენისგან  ადამიანთა პერსონალურ დაცვას.  ბადეები შეიძლება გამოყენებულ იქნან მაღალი რისკის ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების, დასაცავად გადაცემის მაღალი რისკის რეგიონებში. ბადეები ეფექტურია 3–დან 5 წლამდე, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოდელისაა ბადე და რა პირობებში ხდება მისი გამოყენება.  „მალარიის შესახებ 2011 წლის მსოფლიო ანგარიშის“ მონაცემების მიხედვით ადამიანების 96%, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ბადეებზე, იყენებენ მათ.

ფაქტი 8

გადახურულ სივრცეში ინსექტიციდების მოსხურებით აეროზოლის გამოყენება არის მალარიის გავრცელების შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება

ეფექტური შედეგი მიიღება, თუ ინსექტიციდების მოსხურება ჩატარდება  შენობის სივრცის სულ მცირე 80% – ში.  შენობაში ინსექტიციდების მოსხურება  ანადგურებს ინფექციის გადამტან კოღოებს  და ინარჩუნებს ეფექტს 3–6 თვის მანძილზე, რაც დამოკიდებულია   გამოყენებული ინსექტიციდისა და ზედაპირის ტიპზე, რომელზედაც მოხდა მისი მოსხურება. ამჟამად მიმდინარეობს უფრო  ხანგრძლივმოქმედი ინსექტიციდების შემუშავება.

ფაქტი 9

ორსული ქალები არიან  მალარიის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ 

ორსული ქალები არიან სიკვდილობის  მაღალი რისკის ქვეშ  მალარიის შედეგად მიღებული გართულებების გამო. ისინი დგანან სპონტანური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის ან ნაყოფის მკვდრადშობადობის საფრთხის წინაშე. მალარია დედებში იწვევს აგრეთვე მწვავე ანემიას და არის  ახალშობილის დაბალი წონით დაბადების მიზეზი.

ფაქტი 10

მალარია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მალარიის ინტენსიური ტრანსმისიის ქვეყნების  ეკონომიკას

იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც აღინიშნება მალარიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, მალარიის მკურნალობა იწვევს ოჯახებისა და თემების გაღარიბებას, არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს ღარიბ და ადამიანთა მარგინალურ ჯგუფებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მკურნალობის სახსრები ან აქვთ სამედიცინო  დახმარებისადმი შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

http://www.who.int/campaigns/malaria-day/2013/en/index.html

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs094/en/index.html

http://www.who.int/features/factfiles/malari  /malaria_facts/en/index9.html