14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე

14. ნოე, 2013 / მთავარი

დიაბეტთან ბრძოლის დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით  1991 წლიდან აღინიშნება და 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ.

2013 წლის 14 ნოემბერი „დიაბეტის  პრევენციისა და განათლების“ ხუთწლიანი კამპანიის ფინალურ ეტაპს წარმოადგენს. 2009-2013 წლებში დიაბეტის მსოფლიო დღის ძირითადი თემაა მოსახლეობის განათლება დიაბეტის შესახებ და პრევენცია. კამპანია დიაბეტზე პასუხისმგებელ ყველა პირს მოუწოდებს გააძლიერონ დაავადების კონტროლი. დიაბეტით დაავადებულთათვის მთავარი გზავნილია – ჯანმრთელობის გაუმჯობესება განათლების გზით, ხოლო მთავრობას კამპანია მოუწოდებს დიაბეტის მართვისა და პრევენციის თვალსაზრისით სწორი პოლიტიკის განსაზღვრისა და ეფექტური სტრატეგიის დამკვიდრებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებული ან რისკის ქვეშ მყოფი საკუთარი მოქალაქეების დაიცვა შეძლოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს დიაბეტის სერიოზული შედეგებისა  და მისი თავიდან აცილების   გზების შესახებ. საგანმანათლებლო ღონისძიებები ადამიანებს დაეხმარებათ გააცნობიერონ დიაბეტის გლობალური პრობლემა, რომელიც შესაძლოა თითოეულ ჩვენთაგანს შეეხოს; ამასთან, კამპანია ხელს უწყობს მოსახლეობის მობილიზაციასა და ჩართულობას მარტივი საგანმანათლებლო და პროფილაქტიკური გზავნილების გავრცელების თვალსაზრისით. ადგილობრივ და გლობალურ დონეზე გამართული საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პატარა და მარტივი აქციებით შესაძლოა მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები დიაბეტით დაავადებული და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

დიაბეტი 21-საუკუნის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი და განვითარებადი გამოწვევაა. გლობალურად დიაბეტით დაავადებული 371 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 280 მილიონი დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით 2030 წლისათვის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწევს და ეს დაავადება სიკვდილიანობის გამომწვევი მე-7 ძირითადი მიზეზი იქნება.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები (IDF Diabetes Atlas, 5-th edition, 2012) :

  • მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 371 მილიონ ადამიანი ცხოვრობს;
  • 2012 წელს დიაბეტით 4.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა;
  • დიაბეტით გარდაცვლილთა 50% 60 წლამდეა;
  • დიაბეტის სიკვდილიანობის 80%-ზე მეტს ადგილი ჰქონდა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში;

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით საქართველოში დიაბეტით დაავადებული დაახლოებით 105 110 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 37 710-მა (36%) არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ – არა აქვს დიაგნოზი დასმული(IDF Diabetes Atlas, 5-th edition, 2012). საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი).

კამპანიის ძირითადი გზავნილები:

  • ყოველი ორი დიაბეტით დაავადებული ადამიანიდან ერთმა არ იცის, რომ მას აქვს დიაბეტი;
  • დიაბეტი: იცოდე გართულებების შესახებ;
  • დიაბეტი: ნუ შეეცდები დისკრიმინირებას.

დიაბეტის მსოფლიო დღის სპეციფიკური მიზნები:

  • მთავრობისადმი მხარდაჭერა დიაბეტის და მისი გართულებების პრევენციის პოლიტიკის დამკვიდრებისა და გაძლიერების თვალსაზრისით;
  • დიაბეტის და მისი გართულებების პრევენციისა და მართვის ღონისძიებებისადმი ხელშეწყობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე;
  • დიაბეტის და მისი გართულებების პრევენციის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობის დემონსტრირება;
  • დიაბეტის ადრეული ნიშნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა და დაავადების ადრეული გამოვლენისადმი ხელშეწყობა;
  • დიაბეტი ტიპი 2-ის ძირითადი მართვადი რისკის ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა და მათი გავრცელების შემცირების ღონისძიებებისადმი ხელშეწყობა;
  • დიაბეტის გართულებების პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა.

ამ ეტაპზე დიბეტი ტიპი 1-ის პრევენცია შუძლებელია. მიუხედავად დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის შესაძლებლობისა, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე დაავადებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება; 1985 წელს მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ათწლეულზე რამდენადმე ცოტა მეტი დროის გავლის შემდეგ დაავადებულთა რიცხვმა 150 მილონს მიაღწია; დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით დღესდღეობით დაავადებულთა რიცხვი 371 მილიონია და ასევე ფედერაციის ვარაუდით კონტროლისა და პრევენციის ეფექტური ღონისძიებების გარეშე დაავადებულთა რიცხვი 2030 წლისათვის 435 მილიონს მიაღწევს.

დიაბეტის პრევენციასა და განათლებაში თანხის ჩადება რენტაბელურია და იგი მნიშვნელოვან მონაგებს იძლევა დიაბეტით დაავადებულთა და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ხარისხიანი სიცოცხლის წლების მინიჭებით.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკის მიზნით სამ მარტივ საფეხურს გვთავაზობს:

  • დიაბეტის განვითარების რისკის მქონე ყველა ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ოპორტუნისტული (და არა ორგანიზებული) სკრინინგის და თვით-გასინჯვის მეთოდების გამოყენებით. დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება და იმ ადამიანთა გამოვლენა, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ხორციელდება მარტივი კითხვარის გამოყენებით, რომლებიც აფასებენ პაციენტის ასაკს, თეძოს გარშემოწერილობას, ოჯახურ ანამნეზს, ანამნეზს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ და გესტაციურ (განვითარება მუცლად ყოფნის პერიოდში) ანამნეზს.
  • შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის მქონე ადამიანთა იდენტიფიცირების შემდეგ საჭიროა ექიმმა-პროფესიონალმა შეაფასოს უზმოზე გლიკემიის დარღვევა ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა; ორივე მათგანი დიაბეტი ტიპი 2-ის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.
  • მესამე ეტაპზე მნიშვნელოვანია პრევენცია: არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჯანსაღი წონის მიღწევა და დოზირებული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს თამაშობის დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკაში. დაავადების პირველად პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მოსახლეობის ინფორმირებას, რათა ადამიანებმა შეაფასონ დიაბეტის განვითარების რისკი და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია რეკომენდაციას უწევს ყოველდღიურად 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს, როგორიცაა სწრაფი სიარული, ცურვა, ცეკვა. კვლევებით დასტურდება, რომ ყოველდღიური 30-წუთიანი სწრაფი სიარული დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს 35-40%-ით ამცირებს.

დროთა განმავლობაში დიაბეტი აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს, თვალებს, ნერვებს და თირკმელებს:

  • დიაბეტი ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს;
  • დიაბეტით დაავადებული ადამიანების გარდაცვალების მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან კომბინაციაში ქვემო კიდურების ნეიროპათია ზრდის ტერფზე წყლულების გაჩენის შესაძლებლობას  და საბოლოო ჯამში, კიდურების ამპუტაციის რისკს;
  • დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც  სიბრმავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, ვითარდება ბადურის წვრილი სისხლძარღვების ხანგრძლივი დაზიანების შედეგად. სიბრმავის შემთხვევათა 1 % განპირობებულია დიაბეტით;
  • დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია;
  • დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სიკვდილიანობის საერთო რისკი 2-ჯერ აღემატება იგივე ასაკის დიაბეტის არმქონე პირთა სიკვდილიანობის რისკს.

ეფექტური და ხელმისაწვდომი ინტერვენციების გზით შესაძლებელია დიაბეტი და მისი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული. თითოეულ ადამიანს შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს დიაბეტის ეპიდემიის შეჩერებაში და „დაიცვას ჩვენი მომავალი“.

    შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის ფაქტორები

   დიაბეტი, როგორ შევამციროთ მისი ტვირთი

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=674