აუტიზმის მსოფლიო დღე

აუტიზმის მსოფლიო დღე

02. აპრ, 2013 / მთავარი

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთხმად შეუერთდა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა. იგი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის მიერ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.

აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:
• კომუნიკაციის პრობლემა – მეტყველების გაგება ან გამოყენება; მეტყველება ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით;
• დაქვეითებული აქვთ მშობლებთან, მომვლელებთან საუბრის უნარი; ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან;
• ბავშვებს არ შეუძლიათ ან დაქვეითებული აქვთ წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარი;
• სათამაშოებით ან სხვა საგნებით არატრადიციული თამაში;
• ახასიათებთ ინტერესების შეზღუდვა (არანორმალური ინტენსივობა და ყურადღების ფოკუსირება);
• ყოველდღიური მოქმედებების და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება;
• საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილება; გვირაბისეული ხედვა; ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე;
• გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება;
• გონებრივი განვითარების ჩამორჩენა;
• ქცევის პრობლემები – აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები; საზიანო და აგრესიული ქცევა.
აუტიზმი ყოველ 10,000 – დან 2-10 ადამიანს აღენიშნება. გამოკვლევების მიხედვით მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი 3-5 – ჯერ მეტია. აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში. იგი აღინიშნება მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანებში.

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=532