ასთმის მსოფლიო დღე

ასთმის მსოფლიო დღე

07. მაი, 2013 / მთავარი

ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA) ყოველწლიურად აღინიშნავს ასთმის მსოფლიო დღეს, რომელიც მიზნად ისახავს ასთმის შესახებ მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და დაავადების მართვის გაუმჯობესებას.

2013 წლის ასთმის მსოფლიო დღის თემა კვლავ არის „თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა“. თუმცა  წელს GINA – მ ამ სლოგანს დაამატა ქვეთემა „დროა, გააკონტროლო ასთმა“.

10 ფაქტი ასთმის შესახებ 
ფაქტი 1 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამჟამად მსოფლიოში 235 მილიონი ადამიანია ასთმით დაავადებული.
ფაქტი 2 
იმ შემთხვევაში თუ დროულად არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული, შემდგომი 10 წლის მანძილზე ასთმით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ასთმა არ ინკურნება, თუმცა სწორი დიაგნოსტიკით, ადექვატური მკურნალობითა და პაციენტთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებით შეიძლება კარგი შედეგები იქნას მიღწეულ ასთმასთან ბრძოლისა და ამ დაავადების მართვის კუთხით.
ფაქტი 3
ასთმით ადამიანები ავადდებიან ყველა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, თუ  განვითარების რა დონეზე იმყოფება ქვეყანა. სიკვდილის შემთხვევების 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. ასთმის ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის (მედიკამენტის ფასის თვალსაზრისითაც)  უზრუნველყოფა, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის.
ფაქტი 4
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გაძნელების შეტევებით და ხიხინით. დაავადების გამოვლენა სხვადასხვა სიმძიმისაა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირია.
ფაქტი 5
დაავადებულ ადამიანებს ასთმის  სიმპტომები  შეიძლება აღენიშნოთ რამდენჯერმე დღის ან კვირის განმავლობაში. ზოგიერთს სიმპტომები უძლიერდებათ ღამით ან ფიზიკური დატვირთვისას. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მაპროვოცირებელი ნივთიერებების ამოცნობა და მათი ზემოქმედების პრევენცია, ხდება სასუნთქი გზების შევიწროება, რაც შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლსათვის საშიში, გამოიწვიოს ასთმური შეტევა, სუნთქვის უკმარისობა და ლეტალური გამოსავალიც კი.
ფაქტი 6
ასთმით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების შემცირება შესაძლებელია   ადეკვატური მკურნალობით, მაგალითად ანთების საწინააღმდეგო საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.
ფაქტი 7
ასთმა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა ბავშვებში. ასთმის პრევენცია და კონტროლი შესაძლებელია სხვადასხვა სახის მკურნალობით     ინდივიდუალური სიმპტომების გათვალისწინებით.
ფაქტი 8
ასთმის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებია დახურული სივრცის ალერგენები, როგორიცაა ოთახის მტვრის ტკიპები საწოლში, ნოხებში, რბილ ავეჯში, შინაური ცხოველები; ღია სივრცის ალერგენები, როგორიცაა მცენარის მტვერი, თამბაქოს ბოლი და საწარმოო ქიმიური გამღიზიანებლები.
ფაქტი 9
ასთმის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ცივმა ჰაერმა, ფიზიკურმა ვარჯიშმა,  ძლიერმა ემოციურმა აღზნებადობამ, როგორიცაა მაგალითად აღშფოთება და შიში.
ფაქტი 10
ასთმის დიაგნოსტირება ხშირად არ ხდება სათანადო დონეზე, რის გამოც პაციენტს არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი ტვირთია როგორც ინდივიდებისა და მათი ოჯახებისათვის, ასევე სახელმწიფოსთვის. შესაძლებელია, რომ ამ ფაქტმა გამოიწვიოს ამ პირთა აქტივობების შეზღუდვა  მთელი ცხოვრების მანძილზე.

http://www.who.int/gard/news_events/WAD_2008_interview/en/
http://www.ginasthma.org/WADIndex.asp
http://www.who.int/features/factfiles/asthma/asthma_facts/en/index.html