”ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” – პუბლიკაციის პრეზენტაცია

”ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” – პუბლიკაციის პრეზენტაცია

10. სექ, 2011 / მთავარი

9 სექტემბერს, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” გაიმართა სახელმძღვანელოს “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” პრეზენტაცია.

პუბლიკაცია პრაქტიკული დანიშნულებისაა და წამოადგენს გზამკვლევს იურისტებისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად.

სახელმძღვანელოში განხილულია კონსტიტუციური დებულებები, კონვენციები, კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სამედიცინო მომსახურების გამწევის და პაციენტის უფლება-მოვალეობანი და პაციენტებთან და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირებული რეალური მაგალითები და საქმეები.

 

სახელმძღვანელო შექმნილია როგორც სასამართლოში დავის წარმოების დამხმარე მასალად, ასევე ტრეინინგებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო ძირითადად იურისტებისთვისაა დაწერილი, იგი შეიძლება საინტერესო იყოს აგრეთვე ექიმებისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის, ჯანდაცვის მენეჯერებისათვის და პაციენტებისათვის, რომელთაც სურთ უფრო ახლოს გაეცნონ პაციენტის და ჯანდაცვის მიმწოდებლის უფლებებისა და მოვალეობების იურიდიულ საფუძველს და აღსრულების მექანიზმებს.

”ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები მუდმივად იცვლება, ვითარდება და ამიტომ, საჭიროა სახელმძღვანელოში რეგულარულად ცვლილებების შეტანა. სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებები შევა შემდეგ ვებგვერდზე: http://www.healthrights.ge -აღნიშნავს ნინო კიკნაძე, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის წარმომადგენელი.

გამოცემაზე მუშაობდნენ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა და  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამები.

ავტორები

 

ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე იმედაშვილი – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი;

გივი ჯავაშვილი – საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე;

ნინო კიკნაძე – ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის დირექტორი;

კახაბერ ასლანიშვილი – იურისტი;

ნინო მირზიკაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსი;

 

მამუკა ჯიბუტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზ. ჯანდაცვის სკოლის დეკანი.

გამოცემა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.