29 ოქტომბერი – ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

29 ოქტომბერი – ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

29. ოქტ, 2013 / მთავარი

მსოფლიოში ყოველწლიურად ინსულტის 15 მილიონამდე ახალი შემთხვევა ვლინდება და ყოველ წუთში საშუალოდ ერთი ადამიანი იღუპება ამ მიზეზით; მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ინსულტის ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა, ინსულტით ავადობის ტვირთი ძალზე მაღალია დაავადების ახალი შემთხვევების და ინსულტისგან გადარჩენილთა დიდი რიცხვის, აგრეთვე ინსულტის მიზეზით ინვალიდობასთან ასოცირებული სიცოცხლის წლების გახანგრძლივების გამო. 1990-2010 წლებში მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ინსულტის ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი შემცირდა 12%-ით, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიზარდა 12%-ით; სიკვდილიანობის მაჩვენებლები შემცირდა ყველგან, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში – 37%-ით, საშუალო და დაბალ-შემოსავლიან ქვეყნებში – 20%-ით. 2010 წელს გლობალურად იმ პაციენტთა აბსოლუტური რიცხვი, რომელთაც პირველად განუვითარდათ ინსულტი, შეადგენდა 16.9 მლნ.-ს, ინსულტისგან გადარჩენილთა საერთო რიცხვმა (პრევალენტობა) 33 მილიონი შეადგინა; ინსულტის შედეგად 5.9 მლნ. ადმიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ინსულტით ავადობის, პრევალენტობის, სიკვდილიანობისა და  ინვალიდობასთან ასოცირებული სიცოცხლის წლების 50%-ზე მეტს (ახალი შემთხვევების 62%-ს, პრევალენტობის – 70%-ს, ინსულტით გარდაცვლილთა 56%, DALYs-72% ) ადგილი აქვს 75 წლამდე ასაკში (Global and regional burden of stroke during 1990—2010: findings from the Global Burden of Disease Study 2010The Lancet, Early Online Publication, 24 October 2012). საქართველო არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობაში ცერებრო-ვასკულური დაავადებების ახალი შემთხვევების სიხშირე 2006-2012 წლებში 100 000 მოსახლეზე თითქმის 2-ჯერ გაიზარდა (117-დან 221-მდე), ხოლო პრევალენტობის მაჩვენებელი გაიზარდა 1.3-ჯერ. 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ცერებროვასკულურ დაავადებათა ავადობის მაჩვენებლები 100 000-ზე 0.3-დან 1.6-ის ფარგლებში ვარირებდა, ხოლო პრევალენტობის მაჩვენებელი 2.6-დან 1.6-მდე შემცირდა. ინსულტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანს შეადგენს ჯანმრთელი სიცოცხლის წლების შენარჩუნება და მოსახლეობის ინფორმირება იმ ღონისძიებებისა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ქცევების შესახებ, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ინსულტის განვითარებას. კამპანიის მიმდინარეობა საზოგადოებას შეახსენებს, რომ ინსულტისგან გადარჩენილებს სჭირდებათ შესაფერისი და ხარისხიანი ხანგრძლივი მზრუნველობა და მხარდაჭერა. ფაქტები ინსულტთან დაკავშირებით:

  • ყოველი 6 ადამიანიდან ერთს სიცოცხლის მანძილზე ინსულტის განვითარების რისკი აღნიშნება;
  • მსოფლიოში საშუალოდ ყოველ ორ წუთში ერთხელ ვითარდება ინსულტის შეტევა, ხოლო ყოველ 6 წამში ერთხელ  ერთი ადამიანი იღუპება ინსულტისგან;
  • ყოველწლიურად ინსულტის 15 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება, რის შედეგადაც 6 მილიონი ადამიანი შეტევის მსხვერპლი ხდება;
  • მსოფლიოში 30 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი და აღენიშნებათ ნარჩენი მოვლენები.
  • შესაძლებელია ინსულტის პროფილაქტიკა, მკურნალობა და მართვა ხანგრძლივი დროის მანძილზე;

2012-2013 წლებში ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის სლოგანია: „რადგან მე ვზრუნავ…“ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ დაავადებულებს, ძირითადი როლი უნდა შეასრულონ კამპანიის მიმდინარეობაში, რადგან კამპანია აღნიშნავს ამ პირთა მნიშვნელოვან კონტრიბუციას. სამედიცინო პერსონალი ცერებრო-ვასკულური დაავადებების მქონე პირებსა და საზოგადოებას შორის დამაკავშირებელი რგოლია, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სწორი ინფორმაციის მიწოდება. „რადგან მე ვზრუნავ…“

  • მსურს იცოდე ფაქტები ინსულტის შესახებ;
  • მსურს ისწავლო ინსულტის თავიდან აცილების გზები;
  • მსურს დავამსხვრიო მითი ინსულტის შესახებ, კერძოდ ის, რომ ინსულტის განვითარების რისკი მხოლოდ მოგვიანებით ასაკში დგება;
  • მსურს, მკურნალობის საუკეთესო შესაძლებლობები იყოს ხელმისაწვდომი;
  • დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მიიღებ ეფექტურ მკურნალობას, მზრუნველობას და მხარდაჭერას;
  • ვიქნები შენთან ერთად დაავადების ყველა ეტაპზე, სანამ სრულ გამოჯანმრთელებას არ მივაღწევთ.

ინსულტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საზოგადოებას მოუწოდებს, უპასუხოს ინსულტის 6 ძირითად გამოწვევას:

  • იცოდე დაავადების რისკის ფაქტორები: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის ჭარბი შემცველობა…
  • იყავი ფიზიკურად აქტიური, მიმართე რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს;
  • შეარჩიე კვების ჯანსაღი რაციონი, რომელიც მდიდარი იქნება ხილითა და ბოსტნეულით, შეზღუდე მარილის მოხმარება და შეინარჩუნე არტერიული წნევის დაბალი დონე;
  • შეზღუდე ალკოჰოლის მოხმარება;
  • ნუ მოწევ; თუ ეწევი, ეცადე, ეხლავე თავი დაანებო მოწევას;
  • ისწავლე ინსულტის პირველი ნიშნებისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.

Tags: ,