საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული პირები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი უფასო მკურნალობით არიან უზრუნველყოფილნი

საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული პირები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი უფასო მკურნალობით არიან უზრუნველყოფილნი

04. თებ, 2013 / მთავარი

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ეხმიანება ფრანგულ გაზეთ „ფიგაროში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმადაც „პიტიე სალპეტრიერის” საავადმყოფოში 15-ზე მეტი ტუბერკულოზით დაავადებული ქართველი პაციენტი მკურნალობს და რომ ისინი მკურნალობის კურსის გასავლელად ლეგალური თუ არალეგალური გზით ჩადიან საფრანგეთში. გაზეთ „ფიგაროს” სტატიის უყურადღებოდ დატოვებამ და სწორი ინფორმაციის მიწოდების დაყოვნებამ სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული პირების ჯანმრთელობას, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას და პროგრამაში ჩართულ მედიცინის მუშაკებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, როგორ ხორციელდება საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამა:

(1) საქართველოს ყველა მოქალაქე და რეზიდენტი – სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით – სრულიად უფასოდ უზრუნვეყოფილი არიან ტუბერკულოზის გამოვლენასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიებით. აღნიშნული მოიცავს მიკროსკოპულ, კულტურალურ და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდებს და თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს მედიკამენტების ჩათვლით.

(2) დღეს საქართველოში დანერგილია და ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მედიკამენდები – როგორ პირველი, ისე მეორე და მესამე რიგის ტუბ-საწინააღმდეგო წამლები.

(3) საქართველოში მოქმედი სამკურნალო სქემები და მედიკამენტები რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მწვანე შუქის კომიტეტისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. არსებული მკურნალობის სქემების ეფექტურობას ცხადყოფს ბოლო ათწლეულში დაავადების გავრცელებისა და ახალი შემთხვევების კლება.

(4) აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში პრობლემად რჩება მულტი-რეზისტენტული და ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმების მართვა, რაც ძირითადად უკავშირდება ანტი-ტუბერკულოზური მედიკამენტების წყვეტილად და არარეგულარულად მიღებას.

(5) ამასთან დაკავშირებით საერთაშორიო ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროში შემოსულია წინადადება მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი თაობის, ექსპერიმენტული მედიკამენტების (დელამანიდი და TMC 207) მოწოდებასთან დაკავშირებით. სამინისტრო გადის კონსულტაციებს დარგის ექსპრტებთან, რამდენად მიზანშეწონილია ჯერ კიდევ კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში მყოფი მედიკამენტების დანერგვა.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 3 თებერვალი, 2013 წ – http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1291