ევროპის ანტიბიოტიკების ინფორმირებულობის დღე

ევროპის ანტიბიოტიკების ინფორმირებულობის დღე

18. ნოე, 2013 / მთავარი

18 ნოემბერს ევროპა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ღონისძიებას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC), ამერიკის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF). ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), მსოფლიო ბანკის (World Bank), წითელი ჯვრის და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე (EAAD) ჯანმრთელობის ევროპული ინიციატივაა. მას კოორდინაციას ევროკომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) უწევს და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობებით ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში შემავალ 53 ქვეყანაშიც აღინიშნება, სადაც 900 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლა ანტიბიოტიკების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების გზით ყველას ეხება: მათ, ვინც ჯანდაცვის პოლიტიკასა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, სამედიცინო კვლევებს ატარებენ, ანტიბიოტიკებს აწარმოებენ და დისტრიბუციას უზრუნველყოფენ. აგრეთვე იმათაც, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ და ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარენ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, გაიმართა შეხვედრა და დისკუსია დარგობრივ სპეციალისტებს, სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული სფეროების წარმომადგენლებს შორის.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1639