ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე

18. ნოე, 2013 / მთავარი

2013 წლის  18 ნოემბერს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MOLHSA), ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC&PH) ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით (WHO)  საქართველოში პირველად აღინიშნა

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე EAAD 

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში პრესკონფერენციით გაიხსნა. შემდეგ გაიმართა შეხვედრა და დისკუსია დარგობრივ სპეციალისტებს, სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული სფეროების წარმომადგენლებს შორის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგიკენ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას  საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე (EAAD) ჯანმრთელობის ევროპული ინიციატივაა. მას კოორდინაციას ევროკომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) უწევს და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობებით ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში შემავალ 53 ქვეყანაშიც აღინიშნება, სადაც 900 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლა ანტიბიოტიკების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების გზით ყველას ეხება: მათ, ვინც ჯანდაცვის პოლიტიკასა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, სამედიცინო კვლევებს ატარებენ, ანტიბიოტიკებს აწარმოებენ და

დისტრიბუციას უზრუნველყოფენ. აგრეთვე იმათაც, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ და ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარენ.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამ დღესთან დაკავშირებით დაიბეჭდა და ცენტრის მიერ ჯანდაცვის ობიექტების მეშვეობით გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის ზოგადი მოსახლეობისთვის, სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტებისთვის.

ზოგადი ინფორმაცია

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე

რა არის ანტიბიოტიკები?

ანტიბიოტიკები, ანუ ანტიმიკრობული პრეპარატები, მედიკამენტებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას. ისინი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან საბრძოლველად გამოიყენება. ანტიბიოტიკების გარეშე, ეს ინფექციები ფატალური გახდება. ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ისინი უკვე 70 წელზე მეტია გამოიყენება და „სამედიცინო სასწაულადაა“ მიჩნეული. ანტიბიოტიკებისა და ვაქცინაციის წყალობით ჩვენი სიცოცხლე დაახლოებით 20 წლით გახანგრძილვდა.

ანტიბიოტიკების 15-ზე მეტი კლასი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ქიმიური შემადგენლობითა და სხვადასხვა ბაქტერიებზე ზემოქმედებით განსხვავდებიან.

რა არის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?

ზოგიერთი ბაქტერია ბუნებრივად რეზისტენტულია (გამძლეა) გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ. პრობლემას წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ ჩვეულებრივ მგრძნობიარე ბაქტერიები გენეტიკურ ცვლილებებს, მუტაციას განიცდიან, რის შედეგადაც ანტიბიოტიკების ზემოქმედებით აღარ კვდებიან და განაგრძობენ გამრავლებას, რაც პაციენტისთვის შესაძლოა  სასიკვდილო აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებები უფრო ხანგრძლივ მკურნალობას და ალტერნატიული, ძვირადღირებული ანტიბიოტიკების გამოყენებას მოითხოვს, რომლებსაც შესაძლოა უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდეთ.

რა მდგომარეობაა ამჟამად?

ამჟამად, ანტიბაქტერიული რეზისტენტობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. სულ უფრო და უფრო მეტი სახეობის ბაქტერია ხდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული. რეზისტენტულობა მატულობს, ანტიბიოტიკების ეფექტურობა კი კლებულობს. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე ანტიბიოტიკის არც ერთი ახალი კლასი არ შექმნილა.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ანტიბიოტიკებს საკუთარი სურვილისამებრ მოიხმარს და მათი შეძენა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე. მეტიც, ექიმები ადვილად ან არამიზნობრივად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს ვირუსული ინფექციების (მაგალითად გრიპის) სამკურნალოდ, რომლებზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითების მიუხედავად, ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც ანტიბიოტიკების გამოყენება სახელმწიფო დონეზე არ რეგულირდება, ჯანმრთელ პირუტყვს ანტიბიოტიკებს ზრდის სტიმულირების და დაავადების პრევენციის მიზნით აძლევენ, ზოგიერთი კერძო კომპანია კი ანტიბიოტიკების უპასუხისმგებლო რეკლამირებას ეწევა.

 

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში ექიმთა უმრავლესობა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მხოლოდ ემპირიულ ანტიბიოტიკოთერაპიას იყენებს და უგულვებელყოფს ანტიბიოტიკების დანიშვნის წინ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებს, რაც ხშირად უშედეგო მკურნალობასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების ფორმირებას იწვევს.  ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის კლინიკური ნიმუშების აღება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია შედეგს არ იძლევა. უკანასკნელი წლების მანძილზე ნოზოკომიური ინფექციების  გამომწვევ ბაქტერიათა რეზისტენტობა უპირატესად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ გაიზარდა 2–ჯერ და მეტად. თითქმის არცერთ კლინიკას არ გააჩნია მონაცემთა ბაზა გამოყენებული ანტიბიოტიკებისა და ნოზოკომიურ ინფექციათა გამომწვევ ბაქტერიათა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ.

რაში მდგომარეობს საფრთხე?

ვითარება თანდათან რთულდება, ვინაიდან ჩნდებიან ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიები. საბოლოო ჯამში, მათში შეიძლება განვითარდეს რეზისტენობა ყველა არსებული ანტიბიოტიკისადმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დავბრუნდეთ ე.წ. „ანტიბიტოიკებამდელ ხანაში“, რაც  ფაქტიურად უკურნებელს და სიცოცხლისთვის საშიშს გახდის „უბრალო“ ბაქტერიულ ინფექციებს.

წარმოიდგინეთ: ექიმი გეუბნებათ, რომ თქვენი ოჯახის წევრს ან ახლობელს აქვს რაიმე ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად – ფილტვების ანთება და რომ მისი განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან ანტიბიოტიკები ამას ვერ გაუმკლავდება.

მეტიც, ანტიბიოტიკებით ეფექტური პრევენციის არქონის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება რიგი სამედიცინო და დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ქირურგიული ჩარევების განხორციელება.

რა უნდა გაკეთდეს?

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლა ანტიბიოტიკების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების გზით ყველას ეხება: მათ, ვინც ჯანდაცვის პოლიტიკასა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, სამედიცინო კვლევებს ატარებენ, ანტიბიოტიკებს აწარმოებენ და მათ დისტრიბუციას უზრუნველყოფენ, და აგრეთვე იმათაც, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავენ და ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარენ.

მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერებაც – მონაცემების და ინფორმაციის შეგროვება ანტიბიოტიკების გამოყენებასა და რეზისტენტობის შემთხვევებზე.

ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღესთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების  დეპარტამენტის დირექტორის, დოქტორ გუნელ როდიერის განცხადებით: „ანტიბიოტიკების ჭარბი და არამიზნობრივი გამოყენება და სამკურნალო კურსის ბოლომდე არ მიყვანა ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. სწორედ ამიტომ, ანტიბიოტიკების გამოყენების და ბაქტერიების რეზისტენტობის შემთხვევების აღნუსხვა და ანალიზი მთავარი ნაბიჯებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მზარდი პრობლემის მართვისა და დაძლევისკენ. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ასეთი ინფორმაცია, რათა შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები და საკანონმდებლო მარეგულირებელი ზომები ანტიბიოტიკების მოწოდების, მათი სამკურნალო მიზნით დანიშვნისა და მოხმარების თაობაზე. ვინაიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მთლიანად ჯანმო-ს ევროპის რეგიონს ეხება, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშომლობთ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევავსოთ მონაცემები, რომლებიც გროვდება ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ ევროკავშირში.“

რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს?

ü  ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებმა ანტიბიოტიკები უნდა მივიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

ü  ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა დავასრულოთ მაშინაც კი, თუ უკეთ ვიგრძნობთ თავს;

ü  მკაცრად დავიცვათ დანიშნული დოზირება და ანტიბიოტიკის მიღების სიხშირე;

ü  არ გამოვიყენოთ წინა მკურნალობიდან დარჩენილი ანტიბიოტიკები და ჩვენთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკები არ გავუზიაროთ სხვებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ვებგვერდი

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod/album&id=41&mid=158&lang=geo