7.2 სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულებები

31. ივლ, 2011 / 7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

პაციენტის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება

ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას, ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებული არიან გაითვალისწინონ პაციენტის ინტერესები.

ეს ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არის ჯანდაცვის პერსონალის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი პრონციპი.

) უვალდებულება საქართველოს კონსტიტუციისკანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციაში არ არსებობს სპეციფიკური დებულებები აღნიშნული ვალდებულების შესახებ.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია დახმარების აღმოჩენისას იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად (მუხ. 30).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს (მუხ. 38).

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ ვალდებულებასთან დაკავშირებით

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

«ადამიანზე მეცნიერული კვლევის წარმოებისას პაციენტის ინტერესები უზენაესია; კვლევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენს გავლენას ექიმის ძირითად მოწოდებაზე – ემსახუროს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს» (“ექიმი – მკვლევარი,» მუხლი 2).

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

ხარისხიანი მკურნალობის ვალდებულება  

ექიმები ვალდებული არიან სათანადო ხარისხით უმკურნალონ პაციენტებს.

) ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციაში არ არსებობს სპეციფიკური დებულებები აღნიშნული ვალდებულების შესახებ.

კანონები:

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება არის ექიმის უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილი (მუხ. 29’).

კანონი განსაზღვრავს ექიმის განათლების, ლიცენზირების და ა.შ. წესებს, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად (მუხ. 7-37’5). მე-7 მუხლის თანახმად, . დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. პროფესიული განვითარების საბჭო ვალდებულია გასცეს ლიცენზია (მუხ. 20).

მომსახურების ხარისხი ასევე აღნიშნულია საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში, როცა ხდება სამედიცინო მომსახურების გადაბარება სხვა სამედიცინო პერსონალისთვის. ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფლი უნდა იყვეს ხარისხიანი მომსახურება (მუხ. 50).

დაბოლოს, პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობა უზრუნველყოს ისეთივე ხარისხითა და სამედიცინო სტანდარტებით, როგორითაც იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან პატიმრები, დაკავებულები ან დატყვევებულები (მუხ. 53).

იხ. აგრეთვე სექციები: ხარისხიანი მომსახურების მიღების უფლება, პერსონალური მკურნალობის უფლება, თანამედროვე მედიცინის მიღწევებით სარგებლობის უფლება მე-6 თავში პაციენტის უფლებების და მოვალეობების შესახებ.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

პროფესიული ცოდნის განახლება და სრულყოფა, შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწა ექიმის ყოველდღიური საზრუნავია მთელი მისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე («ზოგადი დებულებები», მუხ. 8).

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად:

1. სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

2. თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.

აღნიშნული მუხლის I ან/და II ნაწილებით გათვალისწინებული პაციენტის უფლებების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს მედიცინის მუშაკის (ექიმი, ექთანი, ბებია ქალი ან სხვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლით.

კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის (ავადმყოფის განაცდელში მიტოვება) I ნაწილი ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფის დაუხმარებლობისათვის მედიცინის მუშაკს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ იგი არასაპატიო მიზეზით უარს იტყვის დახმარების გაწევაზე.

საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, როგორიცაა სტიქიური უბედურება, უტრანსპორტობა, საჭირო სამკურნალო საშუალებების არქონა. გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული ექიმის უფლებებიც. კერძოდ ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტის დახმარების აღმოჩენაზე იმ შემთხვევაში თუ არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა; ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ასევე თუ სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.
იმ შემთხვევაში თუ ექიმს უხდება ორი (ან მეტი) მძიმე ავადმყოფისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, რა დროსაც ექიმმა შესძლო მხოლოდ ერთის გადარჩენა, მეორე კი დაიღუპა, ადგილი აქვს მოვალეობათა კოლიზიას და ექიმი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

საქართველოს სსკ-ის 130 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე განზრახ უართქმის მომენტიდან.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის II ნაწილით და ოსჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გულისხმობს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, როცა მისი დროულად აღმოჩენის გარეშე სერიოზული საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მაგალითებია სისხლისა და საინფუზიო ხსნარების გადასხმა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის დროს, დეფიბრილაცია (გულის ელექტროშოკური თერაპია) გულის ე.წ. ფატალური არითმიების დროს (მაგ. პარკუჭთა ფიბრილაცია), სასუნთქ გზებში მილის შეყვანა (ინტუბაცია) და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს და სხვა.

ხშირად, გადაუდებელი მოქმედება საჭიროა წუთებში, ზოგჯერ კი წამებში. ასეთ შემთხვევებში, თუ პაციენტი თავად ვერ ახერხებს თანხმობის გაცხადებას (მაგალითად, კომურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ან ქმედუუნარობის გამო) და იქვე არ იმყოფება მისი კანონიერი წარმომადგენელი, ამ უკანასკნელის მოძიება შეუძლებელი ხდება დროის სიმცირის გამო და პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.

ზემოთ მოხსენიებულ შემთხვევებში ირღვევა ინფორმირებული თანხმობის მიღების პირობა და ექიმი სამედიცინო ჩარევას ახორციელებას თანხმობის მიღების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანხმობის მიღების პრინციპის დარღვევა ხდება ობიექტური გარემოებების გამო, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე და ის არ გულისხმობს პაციენტის პიროვნების უპატივეცმულობასა და მისი ავტონომიის უგულებელყოფას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული გამონაკლისი (ჩარევის განხორციელება თანხმობის გარეშე) დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობების არსებობისას და ის არ შეიძლება შეეხოს ისეთ შემთხვევებს, როცა დაყოვნება დასაშვებია და დრო იძლევა პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოძიების შესაძლებლობას.

გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პრობლემას ეხმიანება საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, კანონში «პაციენტის უფლებების შესახებ» მითითებულია, რომ ზემოღ აღწერილ სიტუაციებში (როცა პაციენტს არ შეუძლია თანხმობის გაცხადება და ის გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, ხოლო მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება) «სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად» (მუხლი 25, პუნქტი 2).

იგივეა გაცხადებული საქართველოს კანონში საექიმო საქმიანობის შესახებ (მუხლი 45, პუნქტი 2).
ადამიანთა გარკვეული კატეგორია მათი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი ან სხვა მოსაზრებების გამო ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებს სხვადასხვა სიცოცხლისათვის აუცილებელ სამედიცინო ჩარევაზე (მაგალითად სისხლის გადასხმაზე) მაშინაც კი, როცა სამედიცინო დახმარების ეს სახე აუცილებელია პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

სამედიცინო პერსონალი ასეთ შემთხვევაში დილემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე: ერთი მხრივ, მისი ვალია დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს; მეორე მხრივ, თავად პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი, ან კანონიერი წარმომადგენელი არ აძლევს სამედიცინო პერსონალს პროფესიული ვალის მოხდის შესაძლებლობას; ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (მაგ: სისხლის გადასხმა) აუცილებლად იქნება დაკავშირებული «ძალადობასთან», იძულებასთან. რაც აგრეთვე დაუშვებელია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში.

ზემოთ მოხსენიებულ დილემმას, სამართლისა და სამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით, ორი განსხვავებული ასპექტი აქვს:

1. კონფლიქტი, ერთი მხრივ, პაციენტის ავტონომიის საყოველთაოდ, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპსა და, მეორე მხრივ, ექიმის მოვალეობას შორის დაეხმაროს პაციენტს; იმ შემთხვევევებში კი როდესაც პაციენტის უარს საფუძვლად უდევს რელიგიური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებები საქმე გვაქვს კონფლოქტთან პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებსა და ადამიანის არჩევანის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტში უმეტესწილად აღიარებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტი.

2. განსხვავებული მიდგომა:

  • ქმედუნარიანისა და არაქმედუნარიანის მიმართ;
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობისას ან ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც მიესადაგება შემთხვევებს, როცა პაციენტი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია1, წარმოდგენილია შემდეგი კანონებით:

  • საქართველოს კანონი «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ»
  • საქართველოს კანონი «პაციენტის უფლებების შეასხებ»

პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე აუცილებელია მისი (პაციენტის) ინფორმირებული თანხმობის მიღება.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობაში, კერძოდ ზემოთ მოხსენიებულ კანონებში ცალსახად არის გაცხადებული, რომ ქმედუნარიან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, ჩაუტარდეს თუ არა მას ესა თუ ის სამედიცინო ჩარევა. ამასთან, პაციენტის გადაწყვეტილება საბოლოოა. სამედიცინო პერსონალს არა აქვს უფლება ძალის გამოყენებით ან მოტყუების გზით ჩაატაროს სამედიცინო ჩარევა, რომლის წინააღმდეგია პაციენტი. საქართველოს კანონში «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» აღნიშნულია, რომ «სამკურნალო, სადიაგნოზო, სარეაბილიტაციო,

საპროფილაქტიკო პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა».

«პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის 23-ე მუხლში ნათქვამია, რომ:

მუხლი 23

1. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

2. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

კანონში «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» (მუხლი 76) მითითებულია, რომ «განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლევის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას მოქალაქეთა ღირსება და მათი ძირითადი უფლებები».

გარდა ზემოთ ნათქვამისა, საქართველოს კანონი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» ითვალისწინებს ფსიქიკურად დაავადებულის იძულებით მკურნალობას, თუ ის საფრთხეს უქმნის გარემომცველებს.

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტისათვის მისი ნების წინააღმდეგ, «იძულებითი წესით» რაიმე სამკურნალო პროცედურის, მათ შორის, სისხლის გადასხმის, ჩატარება. ეს კი ნიშნავს, რომ ქმედუნარიანი, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე კონკრეტული პირისთვის, სისხლის გადასხმის უფლება სამედიცინო პერსონალს არა აქვს, თუ პაციენტი უარს აცხადებს სისხლის გადასხმაზე.

სხვაგვარად წყდება საკითხი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ქმედუუნაროა (არასრულწლოვანია, ან სასამართლოს მიერ არის მიჩნეული ქმედუუნაროდ ფსიქიკური დაავადების ან ჭკუასუსტობის გამო) და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაშია. ასეთ დროს «ჯანმრთელობის დაცვის შესახბ» კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, «სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით».კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ» უფრო დეტალურად განიხილავს ასეთ შემთხვევებს, კერძოდ 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: «თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად».

იმავე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ: «თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ხოლო მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად».

ამრიგად, თუ კონკრეტული პირი არასრულწლოვანია ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია ქმედუუნაროდ, ამასთან, მას აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ის საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რომლის გარეშეც გარდაუვალია სიკვდილი, სამედიცინო პერსონალი უფლებამოსილია გადაუსხას მას სისხლი. ეს უფლება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა სამედიცინო პერსონალმა ვერ მოიძია პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი (ანუ არ იცის მათი აზრი) და მაშინაც, როცა ეს უკანასკნელნი სამედიცინო ჩარევის წინააღმდეგი არიან.

რა გზას უნდა დაადგეს სამედიცინო პერსონალი იმ შემთხვევებში, როცა ქმედუუნარო და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება არც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და არც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობა, საჭიროებს ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევას (მათ შორის სისხლის გადასხმას) რომლის ჩატარებაზეც უარს აცხადებს პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი? კანონში «პაციენტის უფლებების შეასხებ» გაცხადებულია, რომ «სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ქმედუუნარო, ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარს მოკლებული პაციენტსი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს» (მუხლი 25, პუნქტი 1).

იეღოვას მოწმეებთან მიმართებაში ამ მუხლის ინტერპრეტაცია შემდეგნაირად შეიძლება: თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან არა აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მას ესაჭიროება სისხლის გადასხმა, რისი წინააღმდეგიცაა პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, ამავე დროს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისათვის საშიში და არ მოითხოვს გადაუდებლად სისხლის გადასხმას, სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს პაციენტისათვის სისხლის გადასხმის უფლება.

იეღოვას მოწმეთა მიერ სისხლის გადასხმაზე უარის გაცხადება კიდევ ერთ პრობლემას მოიცავს. მხედველობაში გვაქვს მშობიარის მიერ ჰემოტრანსფუზიაზე (სისხლის გადასხმაზე) უარის თქმა. არის შემთხვევები, როცა მშობიარესათვის სისხლის გადასხმა ნაყოფის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. ასეთი გარემოების არსებობისას სახეზეა კონფლიქტი დედის ავტონომიასა და ნაყოფის სიცოცხლეს შორის.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მშობიარე ვერ განაცხადებს უარს ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც ნაყოფს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, ხოლო დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. საქართველოს კანონში «პაციენტის უფლებების შესახებ» ამ პრობლემის მარეგულირებელი ნორმა შემდეგი ფორმით არის მოცემული: «მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია». (მუხლი 36, პუნქტი 2).

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობა, აღიარებს რა პაციენტის ავტონომიის უზენაესობის პრინციპს, უფლებას აძლევს ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის მქონე პირებს თავად განსაზღვრონ, ჩაუტარდეთ თუ არა მათ ესა თუ ის სამედიცინო ჩარევა, მათ შორის, სისხლის გადასხმა. მეორე მხრივ, კანონი იცავს ქმედუუნარო პირებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, აგრეთვე გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის არმქონე მოქალაქეებს მათი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებისაგან (უარის გაცხადება სისხლის გადასხმაზე), რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა, აგრეთვე იცავს არდაბადებული ნაყოფის სიცოცხლეს, როცა მშობიარე სისხლის გადასხმის წინააღმდეგია.

სიცოცხლის უფლებასა და ადამიანის არჩევანის თავისუფლებას შორის კონფლიქტი განსაკთრებულ საიმწვავეს იძენს აბორტის უფელებასთან მიმართებაში. აბორტის უფლება არსებობს მხოლოდ კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

საქართველოს კანონის «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», 139, 140 მუხლები განსაზღვრავს აბორტის მართლზომიერების პირობებს. კერძოდ, ორსულობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ კვირას. ორსულს ოპერაციის ჩატარებამდე 3 ადრე მაინც უნდა ჩაუტარდეს წინასწარი გასაუბრება და უნდა მიეცეს მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ორსულის პრეროგატივაა. აბორტის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებაში და მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ. 140-ე მუხლის თანახმად, აბორტის რეკლამა აკრძალულია. ამავე მუხლით, თორმეტ კვირაზე მეტი ხნის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების საფუძველზე. სამედიცინო ჩვენებები განისაზღვრება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სოციალური ჩვენებები კანონით.

ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთი პირობის დარღვევაც კი იწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 133 მუხლით გათვალისიწნებულ სისხლისამაღთლებრივ პასუხისმგებლობას.

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება პაციენტისათვის

«ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონის 41-ე მუხლში მითითებულია, რომ «ექიმი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევბისა, როცა იგი დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს პაციენტს».
იგივე მოვალეობა, თუმცა უფრო დეტალურად განხილულია კანონში «საექიმო საქმიანობის შესახებ» – მუხლი 39.

მუხლი 39. პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს მისთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის:

ა.ა) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო, პალიატიური ჩარევებისა და მათი ალტერნატიული ვარიანტების, თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ; (8.05.2007 N4721)

ა.ბ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ა.გ) განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ა.დ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშემწყობი ან უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ;

გ) პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების არსებული სახეებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა შესახებ, აგრეთვე გაწეული თუ განზრახული სამედიცინო მომსახურების საფასურისა და მისი ანაზღაურების წესის თაობაზე.

პაციენტის უფლება ექიმის მოვალეობა
უფლება ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე პროფესიული მზადება, სერტიფიცირება, უწყვეტი სამედ. განათლება, რესერტიფიცირება
ინფორმაციის მიღების უფლება ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა
თანხმობის ან უარის გაცხადების უფლება ინფორმირებული თანხმობის მიღების მოვალეობა
კონფიდენციალურობის უფლება საექიმო საიდუმლოს შენახვის მოვალეობა

ექიმს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე პაციენტისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღებას ავალდებულებს კანონები «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», «პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ» და «საექიმო საქმიანობის შესახებ.»

«საექიმო საქმიანობის შესახებ» კანონი ავალდებულებს ექიმს, რომ მიიღოს პაციენტისაგან ინფორმირებული თანხმობა წერილობით ან ზეპირად. იგივე კანონი განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაშია საჭირო წერილობითი თანხმობის მიღება.

საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ისეთ პრობლემებსაც, რომლებიც წარმოიქმნება პაციენტის ახლობლის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც საზიანოა პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

როცა ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის არმქონე პაციენტსი ახლობლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, ექიმს «საექიმო საქმიანობის შესახებ» კანონის 45-ე მუხლით შეუძლია:

  • მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სამედიცინო ჩარევის განხორციელების ნებართვა, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა;
  • იმოქმედოს პაციენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესების სესაბამისად, როცა საკმა
    რისი დრო არ არის და სამედიცინო ჩარევის გადავადება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის სიცო
    ცხლეს.

კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და პაციენტის პირადი ცხოვრების პატივისცემა

სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულება დაიცვას კონფიდენციალობა და პატივი სცეს პაციენტის პირად ცხოვრებას დაკავშირებულია პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან.

იხ. აგრეთვე სექცია კონფიდენციალობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ მე-6 თავში – პაციენტის უფლებები და მოვალეობები.

) პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციაში არ არსებობს სპეციალური დებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

ჯანდაცვის დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო საიდუმლოება, რომლის გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა «კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.» (მუხ. 42).

ამასთანავე, 152-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილის სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოადგენს საექიმო საიდუმლოს 42-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (მუხ. 42).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

კანონი ავალდებულებს საექიმო საქმიანობის სუბიექტს დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც საექიმო საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ (მუხ. 48.1).

კანონი სპეციალურად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია (მუხ. 48.2). ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ:

• პაციენტი აძლევს ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას;

• ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

• თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე;

• ინფორმაცია მიეწოდება სამედიცინო მომსახურების მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალს;

• ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის;

• ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვენ სამართალდამცველი ორგანოები;

• ინფორმაცია მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს პაციენტისათვის სოციალური შეღავათების დაწესების მიზნით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა;

• სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენლი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.

დაბოლოს, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი შესაბამისობაშია კანონთან პაციენტის უფლებათა შესახებ, რადგან ორივე კანონი განსაზღვრავს გამონაკლისებს პაციენტის პირადი ცხოვრების დაცვის ვალდებულებიდან. საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის 49-ე მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ:

ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების პრევენციისათვის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა;

ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. 28.1 მუხლი განსაზღვრავს გამონაკლისებს ამ ზოგადი წესიდან. გამჟღავნება დასაშვებია, თუ მიღებულია პაციენტის თანხმობა; ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია; ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. დაბოლოს, სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად შეიძლება ჩაითვალოს (მუხ. 28.2).

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

კანონი ითვალისწინებს აივ ინფექციის მატარებელი ადამიანების კონფიდენციალობის დაცვას. მე-9 მუხლის მიხედვით:

«მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების/შიდსით დაავადების შესახებ, ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა.»

ეს ვალდებულება ძალაშია «როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ» (მუხ. 9.2).

კანონი ითველისწინებს გამონაკლისებს კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან (მუხ. 9.3):

• თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა;

• თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარგანცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ;

• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია, თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია (მუხ 9.4).

საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ

პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირებისათვის (მუხ. 26.2). ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე შესაძლებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით (მუხ. 26.3).

დაბოლოს, კონფიდენცილობის უფლების დარღვევა დასაშვებია, თუ საფრთხე ემუქრება პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. დარღვევა ასევე შესაძლებელია, თუ საფრთხე ექმნება პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამჟღავნების შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია; ასეთი ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავს (მუხ. 26.4).

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოცილური დაცვის მინისტრის ბრძანება ¹217/ო (23.07.2010) აივ/შიდსის რუტინული ზედამხედველობის შესახებ შეიცავს სპეციალურ მუხლს მონაცემების კონფიდენციალობის შესახებ (მუხ. 11).

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ექიმი საიდუმლოდ ინახავს პაციენტის ჯანმრთელობასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფაქტებს, პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი, თუ საიდუმლოს გამჟღავნებას მას კანონი არ ავალებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ექიმი აცნობებს პაციენტს (ან მის ჭირისუფალს) საიდუმლოს გამჟღავნების განზრახვის შესახებ (ექიმი და პაციენტი, მუხ. 4).

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ჩანაწერების წარმოების ვალდებულება

ჯანდაცვის მომსახურების გამწევებმა უნდა აწარმოონ სამედიცინო ჩანაწერები არსებული წესების მიხედვით.

ეს უფლება დაკავშირებულია პაციენტის უფლებასთან მიიღოს ინფორმაცია.

) პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით კონსტიტუცია:

კონსტიტუცია

არ შეიცავს აღნიშნულ ვალდებულებას.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში; არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახოს და დანიშნულებისამებრ გადასცეს ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ (მუხ. 43).

საქართველოს კანონი სამედიცინო საქმიანობის შესახებ და საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ:

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (56.1).

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით (მუხ. 56.2).

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაციის მიუწოდებლობის საფუძველი. (მუხ. 39.4)

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს შესწორება, დამატება ან განმარტება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში, აგრეთვე განაახლოს პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო მონაცემები (მუხ. 42.1). საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით არ შეცვალოს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, თუ მისი დაფიქსირების აუცილებლობა საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (42.3).

აღნიშნული ვალდებულება უფრო დაწვრილებით აღწერილია საქართველოს კანონში პაციენტის უფლებათა შესახებ.

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიეს ბრძანება ¹198/ნ (17.07.2002) «სამედიცინო ჩანაწერების შენახვის წესები სამედიცინო დაწესებულებებში) განსაზღვრავს ჩანაწერების შენახვის ვადას და პირობებს.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ასახავს განხილულ უფლებას.

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციის გადაცემის/მიწოდების ვალდებულება

ჯანდაცვის მომსახურების გამწევი ვალდებულია გადასცეს სათანადო ინფორმაცია ჯანდაცვის დაწესებულების ადმინისტრაცისას ან შესაბამის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტზე.

) პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით კონსტიტუცია:

კონსტიტუცია

არ გამნიხილავს აღნიშნულ ვალდებულებას.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი ვალდებულია დადგენილი წესით მიაწოდოს სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მუხ. 20.2).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის ჯანმრთელობას რაიმე ზიანი მიადგა ან არსებობს ზიანის მიყენების რისკი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას (მუხ. 51).

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ:

შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ (მუხ. 8). სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადამდები დაავადების გამოვლენის თითოეული შემთხვევის შესახებ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს (მუხ. 10).

ამ მოვალეობის შესასრულებალად, გადამდები დაავადების მატარებლობის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ ფიზიკურ პირს მოსთხოვონ ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება ან/და სათანადო მკურნალობა ან/და მიიღოს სათანადო კონსულტაცია; დაასახელოს ის პირები, რომლებიც მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ან/და იმყოფებიან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში (მუხ. 10.3).

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ:

მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა (მუხ. 8.5). ამასთანავე, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ, რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი (მუხ. 8.6).

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 101/ნ (5 აპრილი, 2005).

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 122/ნ (4 ივნისი, 2003).

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #217/ო (23.07.2010).

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ექიმი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ცნობილ იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მთლიანად საზოგადოების თუ მისი ცალკეული ჯგუფების ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს და რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია (“ექიმი და საზოგადოება», მუხ. 1)

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

პასუხისმგებლობა და მოვალეობები კოლეგებისა და პროფესიის მიმართ

ექიმის პროფესიის რეპუტაციას დიდი მნიშვნელობა და საზოგადოებრივი ღირებულება აქვს. უსაფუძვლო და არასათანადო კრიტიკამ შესაძლოა დააზიანოს ეს ღირებულებები.

) პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით კონსტიტუცია:

კონსტიტუცია

არ შეიცავს დებულებებს არნიშნული საკითხის შესახებ.

კანონები

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები (მუხ. 53).

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პაციენტის ინტერესები, საექიმო საქმიანობის პრესტიჟი, დაამკვიდროს კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო (მუხ. 57). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმაროს კოლეგას, რომელიც მას მიმართავს მომსახურების გაწევის მიზნით (მუხ. 58).

პაციენტის მკურნალობისას ექიმმა უნდა გაითვალოსწინოს შემდეგი პრინციპები:

  • თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა პაციენტმა, რომელსაც მანამდე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მეთვალყურეობდა, პირველი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ პაციენტმა, მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შეატყობინონ ამის შესახებ იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც პაციენტს ადრე მეთვალყურეობდა. აკრძალულია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მას ადრე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა.
  • სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ გამოგზავნილი პაციენტის მკურნალობის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უკან გაუგზავნოს პაციენტი იმავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თუ შემდგომში საჭიროა მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელება. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა;
  • თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, რომელსაც მანამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, მომსახურების გამწევი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს ამის შესახებ ადრინდელ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს და პაციენტის თანხმობით მასვე გადააბაროს ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა;
  • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს, რომელსაც მკურნალობს ან/და მეთვალყურეობს იმავე დაწესებულებაში მომუშავე კოლეგა, თუ ეს უკანასკნელი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამედიცინო მომსახურების განხორციელებას.

კოლეგის საქმიანობის შეფასებისას ექიმმა უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად (მუხ. 63). უფროსმა ექიმმა უნდა იზრუნოს თავისი ხელქვეითი კოლეგის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში დადგენილი წესით მონაწილეობაზე (მუხ. 64).

კანონი აწესებს გარკვეულ აკრძალვებს კოლეგებს შორის სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის უზრუნველსაყოფად (მუხ. 65). ექიმს ეკრძალება:

  • კოლეგის საექიმო საქმიანობის არაობიექტური კრიტიკა, მისი პიროვნული თვისებების დამამცირებელი გამონათქვამები;
  • კოლეგისათვის საექიმო საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი გაძევების მცდელობა ან კონკურენციის გამო გაძევება;
  • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ საექიმო პრაქტიკის დაწყება 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის საექიმო პრაქტიკის ტერიტორიაზე (რეგიონში, დასახლებულ პუნქტში ან მის ნაწილში), რომელთანაც ის მუშაობდა უმცროს ექიმად ან გადიოდა მასთან რეზიდენტურის კურსს ან სწავლობდა დიაგნოსტიკურ ან/და სამკურნალო მეთოდებს არანაკლებ 3 თვისა. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია ზემოხსენებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თანხმობა;
  • უმუშევარი კოლეგის მდგომარეობით სარგებლობა და მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სატარიფო ნორმებზე ნაკლები ანაზღაურების გათვალისწინებით;
  • საზღაურის მიღება სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ან გამოსაკვლევი მასალის გაგზავნისათვის, აგრეთვე საზღაურის გაცემა იმ შემთხვევებში, როცა მას უგზავნიან პაციენტს ან გამოსაკვლევ მასალას.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი შეიცავს სპეციალურ თავს «ექიმი და კოლეგა», რომელიც ეძღვნება კოლეგებს შორის ურთიერთობას. კოდექსი მოუწოდებს ექიმებს, რომ, დაიცვან შემდეგი დებულებები:

  • ექიმი უფრთხილდება თავისი პროფესიის პრესტიჟს, ისევე როგორც ექიმსა და პაციენტს შორის დამკვიდრებულ ნდობას. იგი ისე წარმართავს საექიმო საქმიანობას, რომ ჩრდილი არ მიაყენოს თავის პროფესიას. ექიმი უყოყმანოდ უთითებს კოლეგას მის პროფესიულ ნაკლსა და არაეთიკურ საქციელზე. საჭიროებისამებრ ექიმი კოლეგის საქმიანობაში შემჩნეულ პროფესიულ ნაკლს განსჯის კოლეგების წრეშიც. მიუღებელია სხვა ექიმის საექიმო შეცდომაზე საჯაროდ (სახალხოდ) მსჯელობა, თუ ამას კანონმდებლობა არ მოითხოვს;
  • ექიმი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს სხვა ექიმს პროფესიული მოვალეობის აღსრულებაში;
  • ექიმს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები. თუ მას აკლია სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ის დასახმარებლად სხვა ექიმს უხმობს;
  • ექიმი პაციენტს კოლეგასთან გზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულია ამ უკანასკნელის კომპეტენციაში. ამასთან, კონსულტაციის წინ იგი კოლეგას აწვდის პაციენტის სათანადო სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას;
  • ექიმი დაწვრილებით ინფორმაციას და დასკვნას აწვდის კოლეგას, რომელიც პაციენტს მასთან გზავნის საკონსულტაციოდ;
  • ექიმი ეხმარება კოლეგას, რომელიც ცდილობს იმოქმედოს პროფესიული ეთიკის უზენაესი პრინციპების შესაბამისად და რომელსაც აიძულებენ უგულებელყოს აღნიშნული პრინციპები.

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.

სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება

გარკვეულ შემთხვევებში ჯანდაცვის მომსახურების გამწევი ვალდებულია გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

ეს ვალდებულება არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჯანდაცვის მომსახურების გამწევს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს პაციენტს აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

) ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებებს მოცემულ საკითხზე.

კანონები:

საქართველოს შრომის კოდექსი

კანონის თანახმად, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ რეგულარული სამედიცინო შემოწმება (მუხ. 54.1.ბ). შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექიმებო და ექთნები ექვემდებარებიან რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, სამინისტროს უფლება აქვს დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება (მუხ. 70.1).

თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კანონის შესაბამისი პროცედურების დაცვით (მუხ. 71).

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიეს ბრძანება # 215/ნ, 11.07, რომელიც განსაზღვრავს იმ დასაქმებულთა სიას, რომელთა სავალდებულო რეგულარული სამედიცინო შემოწმება ფინანსდება დამსაქმებლის მიერ. სია შეიცავს ექიმებს და ექთნებსაც (დანართი 1, პარაგრაფი 1).

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები არ ასახავს განხილულ უფლებას.

) სხვა წყაროები

არ არებობს სხვა წყაროები განხილულ უფლებასთან დაკავშირებით.