8.5 საქართველოს სახალხო დამცველი

07. ივლ, 2011 / 8. ეროვნული პროცედურები და დამატებები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

სახალხო დამცველს ნებისმიერმა მოქალაქემ, შეიძლება მიმართოს მაშინ, როცა ირღვევა მისი (ან სხვისი) უფლებები და თავისუფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

უფლებების დარღვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, საწარმოთა, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა მხრიდან.

სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნება ახალი გარემოებანი.

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სახალხო დამცველს შეუძლია:

  • რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებების დარღვევა;
  • დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მის ხელთ არსებული მასალები გადასცეს საგამოძიებო ორგანოს;
  • შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში იმ პირთა დისციპლინარული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;
  • აცნობოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით;
  • ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ გამოაქვეყნოს სპეციალურ მოხსენებებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში;1

განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

სახალხო დამცველი განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით.

განცხადება ან/და საჩივარი უნდა იყოს დაწერილი სახალხო დამცველის სახელზე, გარკვევით, ქართულ ენაზე, უნდა მოიცავდეს ძირითადი საკითხის, გარემოებების აღწერას და განმცხადებლის ზუსტ მისამართს.

განცხადება ან/და საჩივარი შეიძლება სახალხო დამცველს გამოეგზავნოს ფოსტით ან მოქალაქემ უშუალოდ მიიტანოს სახალხო დამცველის ოფისში.

სახალხო დამცველი განცხადების ან/და საჩივრის განხილვისას დროში შეზღუდული არ არის. განცხადების განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე. ხშირად სხვა უწყებებისგან საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო, საჩივრის განხილვისთვის საჭირო დრო ხანგრძლივდება.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, თანამდებობისა და იურიდიულ პირების მხრიდან – შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს.

ნებისმიერი მოქმედება, რომლითაც თქვენ საკუთარი ან სხვისი უფლებების დაცვას ეცდებით მაშინ, როცა ბავშვის მიმართ ძალადობენ, როცა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს დევნიან, ხანდაზმულის უფლებებს არღვევენ, დასაქმებულს უსამართლოდ ეპყრობიან, პატიმარს აწამებენ ან არაადამიანურად ეპყრობიან, უმცირესობაში მყოფ მოქალაქეებს ავიწროებენ, განსხვავებების გამო უფლებას ართმევენ, თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ – არის მოქმედება ადამიანის უფლებების დაცვისთვის და შესაბამისად მხარდაჭერა ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირებისადმი.


1 მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ“.