8.4 ადმინისტრაციული პროცედურები

31. ივლ, 2011 / 8. ეროვნული პროცედურები და დამატებები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

1. სამედიცინო მედიაციის სამსახური

სამედიცინო მედიაციის სამსახური შეიქმნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანების შესაბამისად, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი ფუნქციონირებს 2012 წლის 1 ივნისიდან და არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული დავების განმხილველი ორგანო.

სამედიცინო მედიაციის სამსახური განიხილავს დავებს პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, რომლებიც წარმოშობილია 2012 წლის 1 მარტის შემდგომ. დავა უნდა ეხებოდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო/ ადგილობრივი / ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლებისთვის სამედიცინო მომსახურების / ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. დავა სამედიცინო მედიაციის სამსახურმა უნდა განიხილოს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამაზე შეთანხმდებიან. ამ შემთხვევაში სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თუ მხარეები არ შეთანხმებულან დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობზე, დავას განიხილავს და რეკომენდაციას შეიმუშავებს სამედიცინო მედიაციის სამსახური. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის მიზნით მიმართონ სასამართლოს, თუ არ ეთანხმებიან აღნიშნულ რეკომენდაციას.

თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში, დავა შეიძლება განიხილოს სამედიცინო მედიაციის სამსახურმა, ან სასამართლომ, ანდა საქართველოს კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილმა ორგანომ, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, თუ დავას განიხილავს სამედიცინო მედიაციის სამსახური მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ასევე წინასწარ უნდა შეთანხმდნენ  სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების ან რეკომენდაციის შემუშავების თაობაზე. მედიაციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან მედიაციის მეშვეობით დავის განხილვაზე და იძლევა რეკომენდაციას თუკი ასეთი შეთანხმება არ არსებობს.

სამედიცინო მედიაციის სამსახური დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის საფუძველზე და ხელმძღვანელობს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, მოქმედი კანონმდებლობით, ,,სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებებითა” და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულების შესაბამისად.

სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს სამედიცინო მედიაციის საბჭომ.  მედიაციის სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პირისათვის არის 500 ლარი.

2013 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სამედიცინო მედიაციის სამსახურს 6536 ფიზიკურმა პირმა მიმართა.  სამსახურმა სულ განიხილა 53 სასარჩელო მოთხოვნა, საიდანაც 69% დასრულდა მორიგებით. ფიზიკური და იურიდიული პირები სამედიცინო მედიაციის სამსახურს უკავშირდებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური „ცხელი ხაზის“ მეშვეობით – ნომერზე 15-05.