8.3 სისხლის სამართლის პროცედურები

31. ივლ, 2011 / 8. ეროვნული პროცედურები და დამატებები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

სისხლის სამართლებრივი პროცედურებიდან გამოყოფის ღირსია ეჭვმიტანილის უფლება, მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ეჭვმიტანილს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. ეჭვმიტანილი ვალდებული არ არის, წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება (დოკუმენტი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ან რაიმე სხვა ფორმით ამტკიცოს სამედიცინო შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.

დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე ეჭვმიტანილს ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც შეუძლია, მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, ან სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და ასეთ შემთხვევაში შუამდგომლობა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა იმპერატიული ვალდებულებაა, თუ გამომძიებელმა იგი არ შეასრულა, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს საჩივარი. ამ შემთხვევაში სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვა მხოლოდ ერთხელ შეიძლება, ანუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში აღარ საჩივრდება.