8.2 სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები

31. ივლ, 2011 / 8. ეროვნული პროცედურები და დამატებები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი რომელიც სხვა პირს, მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამ მუხლის დისპოზიციაში გამოყენებული ცნება მართლწინააღმდეგობა ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით წარმოადგენს ანაზღაურების აუცილებელ პირობას და ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურებით დამდგარი შედეგი ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ თუკი ის ასეთად გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული გაზრახი და გაუფრთხილებელი მოქმედებების ცნებები წარმოადგენს სამოქალაქო ბრალის ფორმებს რაც განსხვავებულია სისხლის სამართლებრივი ბრალისაგან და დადის მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინების და განჭვრეტის შესაძლებლობამდე, ასევე პირის მოვალეობამდე იმოქმედოს ამგვარი შედეგის დადგომის თავიდან ასაცილებლად და აღნიშული მოვალეობის შეუსრულებლობამდე.

1007 მუხლის თანახმად კი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ძიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.

მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ზიანის დადგომაში სამედიცინო დაწესებულებას ბრალი არ მიუძღვის აკისრია თავად სამედიცინო დაწესებულებას.

სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ისევე როგორც ნებისმიერი დელიქტის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს იმ მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ზიანის მიყენების შესახებ.

სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის ცნებებს, ამასთან უბედური შემთხვევის დაზღვევისას თუ მზღვეველის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არასებობა ივარაუდება მანამდე სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.

«პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, დადგენილია პაციენტის უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიებები; კერძოდ: თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში კი, თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ხოლო მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი ამით შეზღუდული არ არის, მიუხედავად საკითხის სპეციფიურობისა, და მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად. ამასთან, სამედიცინო მომსახურების გამწევი უფლებამოსილია (და არა ვალდებული) სასამართლოში გაასაჩივროს ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს.