6.1 პაციენტის უფლებები

31. ივლ, 2011 / 6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

საქართველოს კანონში პაციენტის უფლებების შესახებ განმარტებულია, რომ პაციენტი შეიძლება იყოს «ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით».

პაციენტად იგულისხმება ნებისმიერი მოქალაქე დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ანუ, პიროვნება, რომელიც ელოდება, იღებს, ან უკვე მიიღო მომსახურება ჯანდაცვის სფეროში.

2000 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», რომელსაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.

კანონისპაციენტის უფლებების შესახებმე-9 მუხლის თანახმად:

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფება.

ადამიანის უფლბა, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს აუცილებელი ჩარევის ან ჩაურევლობის შედეგად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა (საქართველოს კონსტიტუცია 37-ე მუხლი), არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პირთა გარკვეული წრის მიმართ მოქალაქეობის ნიშნით. მოქალაქეობა შინაარსობრივად სამართლებრივ – პოლიტიკური ინსტიტუტია და იგი გავლენას არ უნდა ახდენდეს სამართლით დაცული სიკეთის _ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხზე. ადამიანს ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვს ადამიანის და არა მოქალაქის სტა-ტუსით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საერთაშორისო ხელშეკრულებების (საერთაშორისო საჯარო სამართლის) დარღვევას, რომელთაც საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით უპირატესი ძალა აქვთ, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა წინააღმდეგობასთან, არამედ სრულიად ერთგვაროვან რეგულირებასთან, რადგან საერთაშორისო შეთანხმებების შიდასახელმწიფოებრივ სამართალში იმპლემენტაცია ხდება კონსტიტუციასა და მიმდინარე კანონმდებლობაში აღნიშნული ნორმების გადმოტანის გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი დასათაურებულია, როგორც «ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი» და არა მოქალაქის ძირითადი უფლებანი. წინამდებარე მუხლი განავრცობს ჯანმრთელობის დაცვის უფლების გარანტირებულობის მოქმედების ფარგლებს და განმარტავს, რომ სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ასევე დაცულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (ორმხრივი ან მრავალმხრივი), ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა.

პაციენტის ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა

პაციენტის ქმედუნარიანობის საკითხი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, კერძოდ:

მე-12 მუხლის თანახმად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ქმედუნარუანობა წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს. ამავე დროს ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის ქმედუუნარო. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულითავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).

ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად.

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი 7-18 წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება.

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. ასეთი პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.
პაციენტის უფლებების შესახებ კანონის VIII თავი ეძღვნება სწორედ არასრულწლოვანის უფლებებს. /მუხლები: 39, 40, 41, 42, 43/

საყურადღებოა, რომ ამ კანონის 40-ე მუხლის თანახმად «მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ», თუმცა არსებობს გამონაკლისიც, რომლის თანახმადაც

«მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:

ა) არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუნარიანად ითვლება;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით». (მუხლი 40, პუნქტი 2.) ასეთ დროს პაციენტს უფლება აქვს განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურებაზე.

პაციენტის უფლებები იყოფა სოციალურ და ინდივიდუალურ უფლებებად.

სოციალური უფლებები:

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა

ამონარიდი «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან» (გაეროს გენერალური ასამბლეა, 1948 წელი)

«ყველა ადამიანის აქვს უფლება ცხოვრების ისეთ დონეზე, რომელიც ადეკვატური იქნება მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისათვის, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ადგილის, სამედიცინო დახმარების და აუცილებელი სოციალური სამსახურების ჩათვლით»

სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელიც იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

  • სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა;
  • სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა მომსახურების სახეების მიხედვით;
  • სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული (ტერიტორიული) თვალსაზრისით;
  • სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე (ასაკი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, რასა და ა.შ.)
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი;

ცნება «სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა» ქვეყნის შესაძლებლობებით, რესურსებით და მრავალი ფაქტორის ბალანსით არის წარმოდგენილი. ეს ფაქტორებია: კადრები, დაფინანსება, სატრანსპორტო საშუალებები, არჩევანის თავისუფლება, საზოგადოების ინფორმირებულობა, ტექნიკური რესურსების ხარისხი და განაწილება. ეს ელემენტები განსაზღვრავენ მოსახლეობის მიერ რეალურად მიღებული დახმარების მოცულობას და ხარისხს, ხოლო მათი ბალანსი – დახმარების ხელმისაწვდომობის ხასიათსა და ხარისხს.

ტერმინი «ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა» ნახსენებია კონვენციაში «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინეს შესახებ», რაც აქ გაგებული არ უნდა იყოს, როგორც აბსოლუტურად თანაბარი მომსახურების (საპროფილაქტიკო, სადიაგნოზო, სამკურნალო და სარებილიტაციო ჩარევების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასათვის. უპირველეს ყოვლისა, ის გულისხმობს გაუმართლებელი დისკრიმინაციის გამორიცხვას.

პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მე-6 მუხლის თანახმად:

«1. პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.

2. ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა».

სახელმწიფო აღიარებს ყველა პაციენტის თანასწორობის პრინციპს და არც ერთს არ ანიჭებს უპირატეს უფლებას. უფრო მეტიც, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აკრძალულია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. ამასთან, «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, დაცულია ზოგადად პაციენტის უფლებები, ანუ როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისა თუ მოქალაქეობის არმქონე პირის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს პრინციპი ფუნდამენტური პრინციპია და მისმა დარღვევამ შესაძლებელია გარკვეული სახის, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. ასე მაგალითად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა დანაშაულს წარმოადგენს, ანუ ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დასრულებული მძიმე შედეგით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თუმცა ცალსახად აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულს, როდესაც ამ ქმედებამ არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, ანუ ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადგენას, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით არსებითად ხელყოფილი იქნა თუ არა ადამიანის უფლება. მხოლოდ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლი, რომლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს ასევე რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება და იგი ისჯება სასჯელით – თავისუფლების აღკვეთის სახით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სისხლის სამართლის კოდექსის 1422 მუხლი, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა, ანუ ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქმედებამ არსებითად ხელყო ამ პირის უფლება. აღნიშნულისათვის კანონმდებლობით დადგენილია სასჯელი – ჯარიმა ან თავისუფლების შეზღუდვა ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ა.შ., ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

«პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობები. ასე მაგალითად: «ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის (შიდსის) პროფილაქტიკის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს არა აქვთ შრომითი მოწყობის უფლება იმ სპეციალობებზე, სადაც არსებობს თვით მისი ან მასთან კონტაქტში მყოფი პირის კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის ინფიცირების საფრთხე, მაგრამ დღესღეობით სამინიტროს მიერ გამოცემულ არც ერთ ბრძანებაში არ წერია რომ დაინფიცირებული ადამიანი შეზღუდულია იმუშაოს ნებისმიერი პროფესიით. დაინფიცირებულ ადამიანს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ პროფესიაში თუკი დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები. ასეთია მიდგომაა თანამედოვე მსოფლიოში შიდსიან პაციენტებთან მიმართებაში.

«კანონი პაციენტის უფლებების შესახებ» – მუხლი 5 განმარტავს, რომ:

«საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება».

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან (ანუ ნებისმიერი პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით პაციენტისათვის ჩატარებულ ნებისმიერ მანიპულაციას და პროცედურას) მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი ადგენს გარანტიებს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რათა მათ არანაირი სამართლებრივი პრობლემები არ ჰქონდეთ იმისათვის, რომ სახელმწიფოში მიიღონ სამედიცინო მომსახურება.

მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონით გათვალისწინებული გარკვეული უფლებებით სარგებლობენ. ეს უფლებები, რათქმაუნდა, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობასაც ეხება. კერძოდ, მოქალაქე ყოველთვის არ იხდის მომსახურების სრულ ღირებულებას; ზოგჯერ მოქალაქე მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილს ფარავს, არ საერთოდ არაფერს იხდის.

საქართველოში სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

როგორც ავღნიშნეთ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ძირითადი მიზანია მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობის დონის ამაღლება. ეფექტურად მომუშავე ჯანდაცვის სისტემამ ყოველმხრივ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები ემსახურება ხელმისაწვდომობის პრინციპს.

სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინასებს ბენეფიციარებს, რათა მათ მიიღონ ბაზისური სამედიცინო მომსახურეობა. ზოგ შემთხვევაში ეს არის სრული დაფინასება, ზოგჯერ თანაგადახდა.

პაციენტის ინდივიდუალური უფლებები

ადამინის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის I მუხლის მიხედვით «ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანაბარი ღირსებისა და უფლებების მქონეა»

პაციენტის ინდივიდუალური უფლებებია:

  • ინფორმაციის მიღების უფლება;
  • ინფორმირებული თანხმობა;
  • კონფიდენციალურობა;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეორე აზრის მოძიების უფლება;
  • სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება;

უფლება პრევენციულ ზომებზე

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სათანადო მომსახურება დაავადების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს კანონმდებლობა უშუალოდ არ ითვალისწინებს „უფლებას პრევენციეულ ზომებზე“. თუმცა, ზოგიერთი დებულების ინტერპრეტაციის მეშვეობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს უფლება აღიარებულია (მაგ: ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება).

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუციის არც ერთი დებულება პირდაპირ არ ითავლისწონებს უფლებას პრევენციულ ზომებზე, ისევე როგორც არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უფლებას. თუმცა, კონსტიტუციის 37.3 მუხლს, რომლის თანახმად, «ყველას აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება..(…)», აქვს კავშირი პრევენციის ერთ სპეციფიკურ ასპექტთან – დაავადების თავიდან აცილება ჯანსაღი გარემოს შექმნით/ შენარჩუნებით (მაგ. თამბაქოს კვამლისგან, პარაზიტებისგან, დაავადებული ცხოველებისგან და ა.შ. თავისუფალი გარემო).

აღნიშნულ უფლებასთან კავშირშია ასევე კონსტიტუციის ზოგადი დებულება ჯანდაცვის ხელმისაწვდლმობის შესახებ (იხ. სექცია ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ).

კანონები

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

კანონი ძირითადად ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს განსაზღვრული სერვსიები და არა პაციენტის უფლებას მიიღოს ეს სერვისები. კანონის მიხედვით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა (მუხ. 70)

კანონი ასევე აღნიშნავს, რომ «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გადამდები და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების ნუსხას, შეიმუშავებს მათი ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფართომასშტაბიან პროგრამებს, ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას.» (მუხ. 74)

პრევენციული სერვისების უზრუნველყოფის ვალდებულება აღნიშნულია ასევე ვაქციანაციის შესახებ მუხლში (მუხ. 78).

«საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამას

კანონი ასევე არეგულირებს ჩიყვის პრევენციას მაღალმთიან რაიონებში:

«მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებს Qჩიყვის და სხვა ენდოკრინული დაავადებების პრევენციას და მკურნალობას.»

კანონის ასეთი სპეციქიკა გამოწვეულია საქართველოს ზოგიერთ მთიან რეგიონში დაავადების ფართო გავრცელებით.

კანონი აგრეთვე აღიარებს მოსახლეობის უფლებას «რადიაციულ უსაფრთხოებაზე». (მუხ. 71)

დაბოლოს, კანონის თანახმად, სახელმწიფომ უნდა «მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში». (მუხ. 4)

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომსახურების ხელმისაწვდომობის უფლება შემოსაზღვრულია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით, რომლებიც მოწონებულია პარლამენტის მიერ, როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ნაწილი. ასე რომ, მოსახლეობა დამოკიდებულია სამედიცინო პროგრამების არსებობაზე, რაც ყოველწლიურად იცვლება.

კანონის 16.4 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მიერ ჯანდაცვის მენეჯმენტის ერთ-ერთი მექანიზმია «წამლის, ფარმაციის და ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის კონტროლი.»

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ

კანონი განსაზღვრავს სამედიცინო ჩარევას შემდეგნაირად: «ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით.» მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ «ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით. რასაც განხორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი,განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.» აქდან გამომდინარე, ეს მუხლი ითვალისწინებს პროფილაქტიკის ღონიძიებებს, რაც უნდა იყოს შესაბამისი ხაროსხის.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მსგავსად, კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო პროგრამებს. კანონის მე-11 მუხლის თანახმად, «სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.»1

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

რა არის აივ და როგორ იშიფრება ის? ეს არის ვირუსი, რომელიც იწვევს დაავადება შიდსს.
ა – ადამიანის
ი – იმუნოდეფიციტის
ვ – ვირუსი
რა არის შიდსი და როგორ იშიფრება ის? შიდსი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია აივ -ით. დაავადება გამოხატულია გარკვეული სიმპტომებით და საჭიროებს ექიმის დროულ მეთვალყურეობას.
შიდსი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია აივ -ით. დაავადება გამოხატულია გარკვეული სიმპტომებით და საჭიროებს ექიმის დროულ მეთვალყურეობას.

შ – შეძენილი
ი – იმუნო
დ – დეფიციტის
ს – სინდრომი

განსხვავებაა აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა შორის? ადამიანის ორგანიზმში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შეჭრის დღიდან, ეს პირი აივ ინფიცირებულია. თუმცა გარკვეული წლების მანძილზე ინფექციას არ გააჩნია რამე კლინიკური გამოვლინება, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ხდება გარკვეული სიმპტომების გამოვლენა, ინფიცირებული პირს შეიძლება ვუწოდოთ შიდსით დაავადებული. აივ ინფექციიდან შიდსის სტადიაზე გადასვლა დასტურდება სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევებით.

სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშავოს და გაატაროს ზომები აივ/შიდსის პრევენციისთვის. კანონის მიხედვით, ყველას აქვს უფლება «გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად.» (მუხ. 6.1)

კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკის პრინციპებს აივ/შიდსის სფეროში (მუხ. 5), რაც მოიცავს აივ/შიდსის პრევენციასაც:

  • აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე, როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული;
  • ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/და ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
  • აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების, აივ ინფექცია/ შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
  • აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
  • აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა.

მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და, მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება (მუხ. 8.4)

მეორე მხრივ, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა (მუხ. 8.3).

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

ამ კანონის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება.

კანონი სპეციალურად აღნიშნავს სახელმწიფოს და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას ორგანიზება გაუკეთოს და ჩაატაროს ვაქცინაცია, პროფილაქტიკური აცრები, გამოავლინოს გადამდები დაავადებები და ა.შ (მუხ. 6 და 7).

მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოში მყოფ ყველა ადამიანს აქვს უფლება:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;

ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;

გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;

დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

კანონი აღნიშნავს, რომ მოასახლეობას უნდა ჰქონდეს უფასო ვაქცინაციის უფლება აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით.

სხვა კანონები

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახნმად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უბდა იყოს უფასო ვაქცინა აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით. ეს არ ვრცელდება იმ ვაქცინებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არის მოწოდებული. ჯანდაცვის დაწესებულება პასუხისმგებელია პირს პირველ რიგში შესათავაზოს უფასო ვაქცინა.

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, 4 ივნისი, 2003 N122 ვაქცინაციის ეროვნული პრევენციული კალენდრის მიღების შესახებ განსაზღვრავს დეტალურ გეგმას, ვაქცინაციის უსაფრთხოების ზომებს საქართველოს მოსახლეობისთვის.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ¹215/ნ, 11.07.2007. ბრძანების მიხედვით, საჭიროა თანამშრომელთა რეგულარული შემოწმება დაავადების თავიდან ასაცილებლად, რაც, თავის მხრივ, პრევენციის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმაა.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ექიმთა ეთიკის კოდექსი არ შეიცავს სპეციალურ დებულებებს პრევენციის შესახებ. თუმცა, კოდექსის მიხედვით, ექიმმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებათა შესახებ, რამაც გარკვეული ჯგუფის ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. ექიმი თავად უნდა იღებდეს მონაწილებას ასეთი გარემოებების შეცვლაში.

) სხვა წყაროები

ევროპის საბჭოს კონვენციის «ადამიანის უფლებები და ბიომედიცინე» შესახებ, სახელმწიფომ, საჭიროებებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს სათანადო ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფა (მუხ. 3). ამაში უნდა იგულისხმებოდეს პრევენციული სერვისებიც.

ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს კანონის «პაციენტის უფლებების შესახებ», მე-16 მუხლის თანახმად:

«1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

აღნიშნული მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული პაციენტის უფლებების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელ გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ან გაყალბებისათვის. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღსანიშნავია, რომ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ძირითადად ევალება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს გარკვეული ტერიტორიის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, კვების პროდუქტებისა და სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების შესახებ, ასევე მონაცემებს რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ეკოლოგიური უსაფრთხოების, მოსალოდნელი მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების შესახებ, შენობა-ნაგებობების ავარიული მდგომარეობის შესახებ და სხვა.

კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულის ჩადენა შეიძლება გამოიხატებოდეს ორი სახის ქმედების განხორციელებაში, კერძოდ ინფორმაციის დამალვაში ან ინფორმაციის გაყალბებაში.

ინფორმაციის დამალვა ნიშნავს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობისთვის არ იქნა მიწოდებული არავითარი ინფორმაცია.

ინფორმაციის გაყალბებაში კი იგულისხმება არასწორი ან არასრული მონაცემების მიწოდება ფაქტის ან მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ არასრული ინფორმაცია ნიშნავს მედიცინაში (ან სხვა დარგში) სპეციალური ცოდნის არ მქონე პირისათვის სრული წარმოდგენის შეუქმნელობას გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას.

დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ინფორმაციის დამალვის ან გაყალბების მომენტიდან.

საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის მეორე ნაწილისთვის მაკვალიფიცირებელია იგივე ქმედების ჩადენა მოხელის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი.
აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თვალნათლივ ჩანს, რომ კანონით უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა ეკისრება მოხელეს, რომელმაც დამალა ან გააყალბა ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია, რომ კანონით არ არის დაკონკრეტებული პირის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი, გამომდინარე აქედან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ნებისმიერი სიმძიმის შეიძლება იყოს.

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ სხვა მძიმე შედეგს, იგი შეფასებითია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. მაგალითად სხვა მძიმე შედეგში შეიძლება იგულისხმებოდეს დაავადებების მასობრივად გავრცელება, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილიდან დაუყოვნებლივი ევაკუაცია და სხვ.

ამ შემთხვევებში აუცილებელია ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას და დამდგარ შედეგს შორის იყოს მიზეზობრივი კავშირი.

კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ» მე-18 მუხლი განმარტავს, რომ პაციენტს უფლება აქვს იცოდეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობის და მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, კერძოდ:

  • რა სახის სადიაგნოზო თუ სამკურნალო მეთოდებს იყენებს, ანუ რა რესურსებს ფლობს სამედიცინო დაწესებულება;
  • რა ღირს სამედიცინო მომსახურება და როგორია გადახდის წესი;
  • რა უფლებები და მოვალეობები აქვს პაციენტს დაწესებულების შინაგანაწესის მიხედვით (გასათვალისწინებელია, რომ შინაგანაწესი ვერ შეზღუდავს პაციენტის კანონით განსაზღვრულ უფლებებს);
  • ვინ არის პაციენტის მკურნალი ექიმი და აქვს თუ არა მას საკმარისი გამოცდილება;
  • რა მიზნით იგეგმება ესა თუ ის სამედიცინო ჩარევა, რა შედეგია მოსალოდნელი, რამდენად რისკის მატარებელია ჩარევა პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
  • არსებობს თუ არა მკურნალობის სხვა, ალტერნატიული მეთოდი, როგორია ამ მეთოდის მოსალოდნელი შედეგი და რა რისკი ახლავს მას;
  • რა შედეგები იქნა მიღებული სამედიცინო გამოკვლევებით;
  • როგორია დიაგნოზი და რას ნიშნავს ეს პაციენტისათვის (როგორია ავადმყოფობის გამოსავალი).

ზემოაღნიშნული მუხლი განმარტავს, რომ: პაციენტს უფლება აქვს იცოდეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობისა და მისთვის სამედიცინო მომსახურეობის გაწევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

პაციენტმა უნდა იცოდეს თუ რა რესურსებს ფლობს სამედიცინო დაწესებულება, და რა სახის სამკურნალო და სადიაგნოზო მეთოდებს იყენებს. პაციენტს აქვს უფლება წინასწარ იცოდეს რა ღირს ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება და როგორია გადახდის წესი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენლია პაციენტის უფლებები და მოვალოებანი, მაგრამ ასევე არსებობს სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესი, რომელიც დამატებით განსაზღვრავს პაციენტის უფლებებსა და მოვალეობებს, რომლის გაცნობის უფლებაც აქვს პაციენტს.

პაციენტს აქვს უფლება იცოდეს რა მიზნით იგეგმება სამედიცინო ჩარევა და მოსალოდნელი შედეგები რამდენად სარისკოა მისი ჯანმრთელობისათვის. ასევე მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში რა მოსალოდენელი შედეგი შეიძლება დადგეს.

პროფილაქტიკური მომსახურება გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი დაავადების თუ მდგომარეობის პრევენციისაკენ. საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ პროფილაქტიკურ მკურნალობას განმარტავს როგორც სამედიცინო ინტერვენციების განხორციელებას (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში. ამ კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1), საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, და სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას. ამავე კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 2), საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაშვებულია პაციენტისათვის ინფორმაციის ან მისი ნაწილის არმიწოდება (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 18). ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ინფორმაციის არმიწოდების გადაწყვეტილება ექიმს დაუდასტუროს ეთიკის კომისიამ ან სხვა ექიმმა.

ეთიკის კომისია არის დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი წევრები შეიძლება იყვნენ: ექიმები, ექთნები, იურისტი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სხვა. ეთიკის კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ყველა ადგილობრივი საკითხი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ექიმპაციენტის ურთიერთობას ეხება.

საქართველოს კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას ყველა შემთხვევაში, როცა პაციენტი ამას დაჟინებით მოითხოვს (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 18).

«პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის თანახმად პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები. ამავე დროს, ექიმის ვალდებულებაა გაითვალისიწნოს პაციენტის აღქმის უნარი და თავი აარიდოს სპეციალური ტერმინების გამოყენებას, რათა პაციენტმა ნათლად აღიქვას ყველა ის დეტალი, რაც მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.

ამავე კანონში გაცხადებულია პაციენტის უფლება უარი თქვას ინფორმაციის მიღებაზე. აღნიშნულ წესს აქვს გამონაკლისებიც. კერძოდ, თუ ინფორმაცია ეხება მაღალ რისკთან დაკავშირებულ სამედიცინო ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია პაციენტის თანხმობა, პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება გარდაუვალია.

ექიმი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

კანონის თანახმად, პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი მდგომარეობა. თუ ეს ინფორმაცია ზიანს მოუტანს მას, იგი უნდა მიეწოდეოს შეზღუდული მოცულობით. ამ გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის კომისია ან მისია არ არსებობის შემთხვევშაში უნდა მოძიებულ იქნას სხვა ექიმი, რომელიც დაადასტურებს ინფორამციის მიწოდების ფორმას და მოცულობას. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. აღნიშნული ძირითადად მძიმე დაავადებებს ეხება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1), საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. აქედან გამომდინარე, პაციენტს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს იმ ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებასთან.

პაციენტის თანხმობა და ინფორმირებული თანხმობა

კანონში პაციენტის უფლებების შესახებ არის სპეციალური თავი «თანხმობა», რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის თანხმობის მიღების პირობები.
ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ეთიკის «უახლესი» პრინციპის – «პაციენტის ავტონომიის» პატივისცემის რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია.

ცნება «პაციენტის ავტონომია» ქართულ ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობაში შემდეგნაირად არის განმარტებული: «ავტონომია პაციენტისპაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი» (კანონი «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ»,მუხლი 3. «ა»).

აუცილებელია, რომ ინფორმირებული თანხმობა:

  • წინ უსწრებდეს ნებისმიერ ჩარევას სამედიცინო მომსახურების გაწევისას და ბიოსამედიცინო კვლევის წარმოებისას;
  • იყოს თავისუფალი, ნებაყოფლობითი (გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ზეწოლა);
  • იყოს გააზრებული, რისთვისაც პაციენტს ან კვლევის სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჩარევის შესახებ;

თანხმობის წინ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა იყოს პაციენტისათვის (თუ საუბარია სამედიცინო კვლევაზე, მაშინ კვლევის სუბიექტისათვის) და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის გასაგები, ადვილად აღსაქმელი; ინფორმაციის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს ნათელი, მარტივი ენა, ხოლო თვით ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს:

  • ჩარევის მიზნის შესახებ (რატომ არის ჩარევა საჭირო; მაგალითად, დიაგნოზისთვის, მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის ან მკურნალობის შედეგების შეფასებისთვის, უშუალოდ მკურნალობისთვის, დაავადების პროგნოზის განსაზღვრისათვის, რეაბილიტაციისათვის და ა.შ.).
  • მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • საფრთხის შესახებ: რა დისკომფორტი შეიძლება ახდეს ჩარევას (მაგ. ტკივილი, უხერხულობა, დიდი ხანგრძლივობა და ა.შ.), რამდენად მოსალოდნელია გართულებები (გართულებების ხასიათი და სიხშირე), ხომ არ არის საშიში სიცოცხლისათვის (სიკვდილის რისკი);
  • შესაძლო ალტერნატივების შესახებ (პაციენტმა და/ან კვლევის სუბიექტმა უნდა იცოდეს შეთავაზებული ჩარევის გარდა კიდევ რა სახის ჩარევა არის ხელმისაწვდომი და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას, აგრეთვე რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან ადამიანს).

თანხმობის თავისუფლებას ხაზს უსვამს ის მოთხოვნაც, რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს მის მიერ ადრე გაცხადებული თანხმობა. ამასთან, აუცილებელია, რომ ამ ადამიანს დაწვრილებით განემარტოს თანხმობის გაუქმების მოსალოდნელი შედეგები. ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის გაუქმების გაცხადებას მიუხედავად სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს პროფესიული სტანდარტებით (მაგალითად, ექიმი ვერ შეძლებს უკვე დაწყებული ქირურგიული ოპერაციის შეწყვეტას, თუ ეს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის).

კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ» აღნიშნულ ცნებას უფრო სრულყოფილად განმარტავს (მუხლი 4, პუნქტი «ბ»):

«) ინფორმირებული თანხმობაპაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია:

  • .) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;
  • .) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • .) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ;
  • .) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტებისა და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
  • .) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • .) «.»-»ბე» ქვეპუნქტებში ჩამოთვლილთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ».

საქართველოს კანონის «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 22-ის თანახმად:

1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას.

2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

3. სამედიცინო მომსახურების გაწევისას წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ინფორმირებული თანხმობა აუციელებლია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, მიხედავად იმისა თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სამედიცინო მანიპულაცია. ანუ, იმ შემთხვეაშიც კი, როდესაც მანიპულაციის შედეგად ადგილი აქვს კარგ გამოსავალს, პაციენტის უფლების დარღვევად ითვლება ის ფაქტი, თუ წერილობითი ინფორმირებული თანხმობა არ არის მიღებული წინასწარ. ამ შემთხვევაში მთავარია რომ პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა შესაძლო (როგორც სახარბიელო ისე არასახარბიელო) გამოსავლის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონკრეტულ მანიპულაციასთან, იმისათის რომ პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

მოცემული მუხლის დარღვევამ, მკურნალობის /მანიპულაციის შედეგის / გამოსავლის გათვალისწინებით შეიძლება დააყენოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

თუ პაციენტი არასრულწლოვანია ან რაიმე სხვა მიზეზის (მაგ. დაავადების) გამო არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინ ინფორმირებულ თანხმობას აცხადებს პაციენტის ნათესავი ან ე.წ. კანონიერი წარმომადგენელი.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევები, როდესაც პაციენტს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ითვალისწინებს სამედიცინო ინტერვენციების განხორციელებას (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1), საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად (იგულისხმება ეპიდ აფეთქება, ეპიდემია, პანდემია).

კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ» ითვალისწინებს ადამიანის უფლებას, უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე ან შეწყვიტოს უკვე დაწყებული მომსახურება. ამასთან, «სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული» (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 23, პუნქტი 1)

საქართველოს კანონში «ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ» მე-2 თავი ეთმობა ორგანოთა გაცემის ნებაყოფლობითობას, კერძოდ მე-4 მუხლის თანახმად: «ქმედუნარიან პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოს აღებაზე».

ამ მუხლში თანხმობის ან უარის ნაბაყოფლობითობა გულისხმობს პირის თავისუფლებას გადაწყვეტილების მიღებისას. ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მათ შორის ორგანოს გაცემაზე, თანხმობა ნებაყოფლობითად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ პირი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისაგან. თუ ადამიანი თანახმაა გასცეს ორგანო სხვისთვის გადასანერგად გარკვეული საფასურის მიღების პირობით (მატერალური დაინტერესება) ან რაიმე სხვა გარემოების გამო (ფსიქოლოგიური ზეწოლა, სამსახურებრივის ინტერესები, მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების დაპირება და ა.შ.) ასეთ გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად, ხოლო თანხმობა ნებაყოფლობითად. აქედან გამომდინარე «ნებაყოფლობითი თანხმობა» შეიძლება მიჩენულ იქნეს «თავისუფალი თანხმობის» სინონიმად.

ამ შემთხვევაშიც აუცილებელი პირობაა პაციენტის ქმედუნარიანობა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, აგრეთვე ის გარემოება, თუ რამდენად გაითვალისწინა სამედიცინო პერსონალმა პაციენტის ინტელექტუალური დონე და მიაწოდა თუ არა ინფორმაცია მისთვის გასაგები ენით, სრულად და ამომწურავად.

ამრიგად, სამედიცინო ჩარევაზე, მათ შორის ორგანოს აღებაზე, თანხმობის ან უარის ნებაყოფლობითობის/თავისუფლების აუცილებელი პირობებია:

  • პაციენტის ქმედუნარიანობა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება მისთვის გასაგები ენითა და ტერმინოლოგიით, ისე, რომ პაციენტმა აღიქვას მიწოდებული ინფორმაცია;
  • არარსებობა გარემოებებისა, რომელთაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ პაციენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე (მაგ., მატერიალური დაინტერესება და ა.შ.).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტრანსპლანტაციის ნებაყოფლობითობის აუცილებლობაზე მითითება არის საქართველოს კანონშიც ჯანმრთელობის დაცვის შესახებ (თავი 20. ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღება და გამოყენება», მუხლი 114); სახელდობრ, კანონი ადგენს, რომ: ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – «ორგანო») გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევისა და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია.» იგივე პრინაციპი (ნებაყოფლობითობა) ასახულია იმავე კანონის 115-ე მუხლში, რომელშიც მითითებულია, რომ «საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედუნარიანია. დაუშვებელია პიროვნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად».

თანხმობა ან უარი სიკვდილის შემდეგ ადამიანის ორგანოს აღებაზე

სისხლის სამართლის კოდექსის 134 მუხლის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება. ამასთან აღნიშნული ქმედება მხოლოდ მაშინ არის დანაშაული თუ ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების მოტივი არის მისი სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად აღება. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმინობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ.

კანონმდებელი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულებას, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმინობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 135¹ მუხლის თანახმად ადამინის ორგანოებით ვაჭრობა დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე. Aდამიანის ორგანოებით ვაჭრობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიზნებისათვის ექსპლუატაციად მიჩნეული იქნეს ადამიანის იძულება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. (სისხლის სამარტლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით).

გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება, ცხადია, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა გადასანერგად გამიზნული ორგანო დაზიანებული არ არის.

ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ორგანოთა გადანერგვის სისტემაში გვამური ორგანოების გამოყენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

ა) ცოცხალი დონორისათვის ამა თუ იმ ორგანოს აღება ყოველთვის არის დაკავშირებული გარკვეულ რისკთან დონორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; აღწერილია შემთხვევები, როდესაც დონორი დაიღუპა საოპერაციო მაგიდაზე ან ოპერაციის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ;

ბ) მხოლოდ ცოცხლაი დონორებისაგან მიღებული ორგანოები არასოდეს იქნება საკმარისი ორგანოებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომაც ქვეყნები, რომლებშიც მკურნალობის ეს მეთოდი შედარებით ფართოდ არის დანერგილი, მნიშვნელოვან რესურსებს იყენებენ გვამური ორგანოების მოძიების შესაძლებლობის გასაზრდელად. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი გადასანერგ ორგანოებზე არსებული მოთხოვნა, თუმცაღა გვამური ორგანოების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა გადანერგვების რაოდენობა მთელ მსოფლიოში.

პოტენციური გვამური დონორების დიდი ნაწილის სიკვდილი უბედური შემთხვევით ან ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებით არის განპირობებული. ამ პაციენტებს აღენიშნებათ ტვინის სიკვდილი და, ამავე დროს, უგრძელდებათ გულის ცემა და სუნთქვა ხელოვნური ვენტილაციის წყალობით, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგება გრძელდება. ამდენად, ორგანო ფუნქციურად ვარგისია და შეიძლება მისი გამოყენება გადანერგვისათვის.

საყურადღებოა, რომ 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოს ჯანდაცვის კნონმდებლობაში ასახულია სამედიცინო მომსახურების შესახებ ნების წინასწარ გაცხადების შესაძლებლობა და ამ ნების გათვალისწინების აუცილებლობა (კანონი «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», მუხლები 10, 11, 149). მოგვიანებით, იგივე უფლება აისახა კანონებში «პაციენტის უფლებების შესახებ» და «საექიმო საქმიანობის შესახებ».

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების შესახებ ნების წინასწარი გაცხადება შეიძლება შეეხოს მხოლოდ ისეთ სიტუაციებს, როცა პაციენტი უკურნებელი დაავადების ტერმინალურ (სიკვდილის წინა) სტადიაზე აღმოჩნდება ან, განუვითარდება დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინვალიდობა (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 24, პუნქტი 1).

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობის მიხედვით მოქალაქეს შეუძლია დაასახელოს პირი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოქალაქის სამედიცინო მომსახურების შესახებ, როცა ამ უკანასკნელს არ ექნება გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ზოგადად წინასწარ (ადრე) გამოხატული ნება ეხება კონვენციას «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ» მე-8 მუხლში აღწერილ შემთხვევებსაც, როცა პაციენტს არ აქვს თანხმობის გაცხადების უნარი და საქმე ეხება სამედიცინო მომსახურების გადაუდებლად გაწევის აუცილებლობას.

მეორე მხრივ ნების წინასწარი გამოხატვა შეიძლება შეეხოს ისეთ მდგომარეობებს, როცა ქრონიკული დაავადების გამო, ჯანმრთელობის პროგრესული გაუარესების შედეგად, ადამიანი თანდათანობით სამუდამოდ კარგავს გადაწყვეტილების მიღების უნარს (მაგ., ალცჰეიმერის დაავადება, სენილური დემენცია).

ზემოხსენებული წინასწარ გაცხადებული ნების ერთგვარი ფორმაა და ინგლისურენოვან ქვეყნებში აღნიშნული ინსტიტუტი ცნობილია, როგორც «გახანგრძლივებული უფლებამოსილება» (Durable Power of Attorney, ინგლ.).

ტერმინოლოგიური სიზუსტისათვის აღვნიშნავთ, რომ ინგლისურენოვან ლიტერატურაში ზოგადად ნების წინასწარ გამოხატვას უწოდებენ «წინასწარ მითითებას» ან «წინასწარ დირექტივას» – Advanced Directive. ეს უკანასკნელი გულისხმობს:

- წერილობით გაფორმებულ მითითებას, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას ისურვებდა ან არ ისურვებდა პირი, რომელსაც უწოდებენ «სიცოცხლეში გაცხადებულ ნებას» – Living Will;

- სხვა პირისათვის გადაწყვეტილების მიღების მინდობას, რომელსაც უწოდებენ «განხაგრძლივებულ უფლებამოსილებას» ან «ჯანდაცვის უფლებამოსილებას» – Durable Power of Attorney or Health Care Power of Attorney.

ყოველივე ზემოაღნიშნულს კავშირი აქვს გარდაცვლილი ადამიანისაგან ორგანოს აღების პროცედურასთანაც.

საქართველოში მოქმედებს გაცხადებული თანხმობის სისტემა (კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ. მუხლი 8).

კანონის «ადამიანის ორგანოთა გადანერვის შესახებ» მე-5 მუხლის თანახმად: თანხმობა ან უარი შეიძლება ეხებოდეს ერთ ან მეტ ორგანოს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ადასტურებს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი».

რაც შეეხება წერილობითი თანხმობას, ამის თაობაზე მითითება არის კანონში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის 155-ე მუხლის თანახმად «საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედუნარიანია».

ზემოთ მოყვანილ ამონარიდში განცხადების წერილობითი ფორმის გამოყენება უფლების სახით არის მოცემული. «ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.

წერილობითი განცხადების სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის და არა ნოტარიალურად დამოწმება მიზნად ისახავს პროცედურის გამარტივებას.

კონვენცია «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ», მუხლი 6, ადგენს იმ პირთა დაცვის მექანიზმებს, რომელთაც არ შეუძლიათ თანხმობის გაცხადება.

1. პირს, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, ჩარევა შეიძლება ჩაუტარდეს, თუ ეს მას პირდაპირ სარგებლობას მოუტანს; (აღნიშნული საკითხი, აგრეთვე, რეგულირდება კონვენცია «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ», მე-17 და მე-20 მუხლებით);

2. იმ შემთხვევაში, როცა მცირეწლოვანს, კანონის შესაბამისად, არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი,

 ჩარევა შეიძლება ჩატარდეს მისი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ხელისუფლების ან პირის ან დაწესებულების ნებართვით;

ასაკის მატებისა და მომწიფების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას მცირეწლოვანის აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

3. იმ შემთხვევაში, როცა მოზრდილს, კანონის შესაბამისად, არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი ფსიქიკური მოშლილობის, დაავადების ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო, ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მისი წარმომადგენლის ან კანონითთ განსაზღვრული ხელისუფლების ან პირის ან დაწესებულების ნებართვით;

პირმა შეძლებისდაგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

1. მე-2 და მე-3 პუნქტებში მოხსენიებულ წარმომადგენლს, ხელისუფლებას, პირს ან დაწესებულებას უნდა მიეწოდოს, იმავე პირობების დაცვით, მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

2. მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ნებართვა შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს, პირის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

ზოგიერთ პირს ასაკის (არასრულწლოვანები) ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგ., ფსიქიკური დაავადების გამო) შეიძლება არ ჰქონდეს თანხმობის გაცხადების უნარი. ასეთ შემთხვევაში კანონმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ჩარევის განხორციელებისათვის სამედიცინო მომსახურების ან ბიოსამედიცინო კვლევების ფარგლებში.

კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მნიშვნელოვან დამცავ დებულებას შეიცავს ზემოაღნიშნული პირებისათვის. ამ დებულების მიხედვით, თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე ადამიანისათვის რაიმე ჩარევის განხორციელება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როცა ეს ჩარევა მათთვის პირდაპირი სარგებლობის მომტანია. თუმცა, აქვე მითითებულია მუხლები, რომლებიც გამონაკლისებს უშვებს (მუხლები 17 და 20). მე-17 მუხლი ეხება გამონაკლის შემთხვევებში ბიოსამედიცინო კვლევის ჩატარებას თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე ადამიანებზე, ხოლო მე-20 მუხლში საუბარია ასევე გამონაკლისის სახით რეგენერაციის უნარის მქონე ქსოვილების აღებაზე თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირებისაგან.

როგორც არასრულწლოვნების, ასევე თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირებისათვის ჩარევის განხორციელებაზე თანხმობას იძლევიან მათი წარმომადგენლები, ან კანონით განსაზღვრეული სახელისუფლებო სტრუქტურები ან პირები, ან დაწესებულებები. ქართულ კანონმდებლობაში პაციენტის ან კვლევის სუბიექტის ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების არქონის შემთხვევაში თანხმობას იძლევა ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი.

თანხმობის გაცხადებაში არასრულწლოვანთა როლის განსაზღვრისას კონვეცნიაში არ არის მითითებული ასაკი, რადგან ქმედუნარიანობის და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის ასაკობრივი კრიტერიუმები ეროვნული კანონმდებლობებით განისაზღვრება. საქართველოს კანონმდებლობით 16 წლის და მეტი ასაკის არასრულწლოვანს (18 წლამდე ასაკის პირს) შეუძლია დამოუკიდებლად «უფლება აქვს ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, თუ იგი სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს» (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 41, პუნქტი 3).
მოზრდილ პირს თანხმობის გაცხადების უანრი შეიძლება არ ჰქონდეს ფსიქიკური დაავადების გამო, ან ტრავმის გამო, ან რაიმე დაავადებით განპირობებული კომის გამო. ასეთ შემთხვევებში ადამიანი ან საერთოდ ვერ აფასებს ან სრულყოფილად ვერ აფასებს საკუთარ მდგომარებას და/ან არ შესწევს თავისი სურვილის ჩამოყალიბების უნარი.

ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებაში შეძლებისდაგვარად უნდა იყვნენ ჩართულნი პირები, რომლებსაც არ აქვთ თანხმობის გაცხადების უნარი.

კონვენცია «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, «მუხლი 7. ადგენს ფსიქიკურად დაავადებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 7

«კანონით განსაზღვრული დამცავი მექანიზმების, ზედამხედველობისა და გასაჩივრების პროცედურების ჩათვლით, მკურნალობის ქვეშ მყოფი მძიმე ხასიათის ფსიქიკური დაავადების მქონე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებული ჩარევა მისი თანხმობის გარეშე, როდესაც ამ ჩარევის გარეშე მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.»

ამ მუხლის მიზანია შექმნას დამატებითი დაცვის მექანიზმები ფსიქიკური დაავადების მქონე პირებისათვის, როცა საუბარია ფსიქიკური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებულ ჩარევებზე.

ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია პირის თანხმობის გარეშე ფსიქიკური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებული ჩარევის განხორციელება, თუ ამ ჩარევის მიზანი არ არის ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება.

ამრიგად, ფსიქიკური დაავადების მკურნალობისაკენ მიმართული ჩარევა რომ განხორციელდეს პირის თანხმობის გარეშე აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

ა) ფსიქიკური შესაძლებლობების დაქვეითების ფაქტი უნდა იყოს დადგენილი;

ბ) გამოყენებული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ყველა სხვა დამცავი მექანზიმი (მაგ., პაციენტის ჩართვის მცდელობა გადაწყვეტილების მიღებაში და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მოძიება);

გ) პაციენტის უარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი, როცა ჩარევის განუხორციელებლობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას.

საყურადღებოა, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე პირებისათვის ფსიქიკური დაავადების იძულებითი მკურანლობის საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2004 წელს მოამზადა სპეციალური რეკომენდაცია რომელიც წინამდებარე კონვენციას ეფუძნება.

კონფიდენციალურობა და პაციენტის პირადი ცხოვრების პატივისცემა

კონფიდენციალურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საკმაოდ სპეციფიკურია და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ბევრ ქვეყანას აქვს კანონმდებლობა პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, შენახვა და გადაცემა დეტალურად რეგულირდება.

«პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი ექიმს ავალებს საიდუმლო შეინხოს პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ეს პირობა ექიმმა პაციენტის გარდაცვალების შემდეგაც კი არ უნდა დაარღვიოს.

ამავე კანონის 26-ე და 30-ე მუხლებით დაცულია სამედიცინო მომსახურების გამწევისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გამჟღავნებული ან ხელმისაწვდომი და მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა (საიდუმლოება). ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება (კონსტიტუციის მე-20 მუხლი) განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგება ჯანდაცვის სფეროში, რადგან არაკეთილსინდისიერი მიზნებითა და განზრახვით მომსახურების გამწევის მიერ ინფორმაციის გამოყენებამ, შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უშუალოდ პაციენტს ან მესამე პირს. ამდენად, პაციენტის თანხმობა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას კონფიდენციალური ინფორმაციის გასამჟღავნებლად, ხოლო პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენებისათვის, აუცილებელია მისი «ინფორმირებული თანხმობის» მიღება (26-ე და 27-ე მუხლები). გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობის მიღება აუცილებელი არ არის, ოღონდ ცნობილი უნდა იყოს იმ პირის ვინაობა (სახელი და გვარი), ვისთვისაც საფრთხის აცილებაც წარმოადგენდა ინფორმაციის გამჟღავნების მიზანს.

ზემოაღნიშნული კანონის 28-ე მუხლი მიუთითებს გარკვეულ პირობებზე, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელია კონფიდენციალურობის დარღვევა.

1. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ:

ა) მიღებულია პაციენტის თანხმობა;

ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია;

დ) ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად შეიძლება ჩაითვალოს.

კანონის თანახმად, პაციენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა ნებადართულია, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს ეცნობოს მესამე პირს ან პირებს მის შესახებ მოპოვებული ფაქტების თაობაზე.

იგივე კანონის მიხედვით ინფორმაციის გაცემა ექიმს შეუძლია მაშინაც, როცა ამ ინფორმაციის დამალვა სხვა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ექიმი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პაციენტის შესახებ თუ ამას მოითხოვს სასამართლო. ექიმმა ასევე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სხვა კოლეგებს, რომლებიც ავადმყოფის მკურნალობაში მონაწილეობენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისას დასაშვებია მხოლოდ მასში უშუალოდ მონაწილე პირთა დასწრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს სხვა პირთა დასწრებას.

სპეციფიკური ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებები

კანონში «პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ» ორი თავი ეთმობა ორსული და მეძუძური ქალების უფლებებს.

მუხლი 35

ორსულს და მეძუძურ დედას უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახებ.

წინამდებარე მუხლით ორსულ და მშობიარე ქალს, მეძუძურ დედას უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, ჩაუტარდეს თუ არა მას ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება. მისი თანხმობა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. ამასთან, თანხმობა მიღებულ უნდა იქნას მას შემდეგ, რაც მას მიეწოდება სრულ ინფორმაცია დაგეგმილი ჩარევის ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ. სამედიცინო მომსახურებაზე უარის გაცხადება ქალის უფლებაა. კანონში 36 მუხლის სახით არის ერთი გამონაკლისიც, რომელიც ქალს არ აძლევს უფლებას უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე.

მუხლი 36

1. მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია.

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად მშობიარეს არ აქვს უფლება უარი თქვას საკეისრო კვეთაზე მისი აბსოლიტური ჩვენების შემთხვევაში, ანუ ისეთ შემთხვევაში როდეასაც საკეისრო კვეთა უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია.

მაგალითისთვის განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც მშობიარე ქალს აუცილებლად სჭირდება სისხლის გადასხმა იმისთვის, რომ ნაყოფი ცოცხლად დაიბადოს, ის კი უარს აცხადებს გადასხმაზე. ცხადია, ნაყოფი ასეთ შემთხვევაში დაიღუპება. ზემოაღნიშნული მუხლი იცავს არადაბადებული ნაყოფის უფლებას სიცოცხლეზე.

როგორც ავღნიშნეთ სიცოცხლის უფლება ძირითადია უფლებათა შორის. ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოიხსენიებს მას, როგორც «უზენაეს უფლებას», რომლის გაუქმებაც დაუშვებელია სახელმწიფოში განსაკუთრებული მდგომარეობის არსებობის შემთხვევაშიც კი.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი არაპირდაპირ მოიხსენიებს დაუბადებელი ბავშვის უფლებას, რამდენადაც მე-6(5) მუხლის თანახმად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა არ შეიძლება ორსული ქალისათვის. რათქმაუნდა ამას აქვს ჰუმანიტარული დასაბუთება (სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ადასტურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომელიც უნდა მიეცეს ორსულ ქალებს). თუმცა, ასევე შეიძლება გაგრძელებული იქნეს, როგორც დაუბადებელი ბავშვის სიკვდილის თავიდან აცილება.

მხოლოდ ამერიკული კონვენცია აცხადებს სიცოცხლის უფლებას ყველასთვის «ზოგადად, ჩასახვის მომენტიდან» (მუხლი 4).

ბავშვები

არასრულწლოვანად საქართველოს კანონმდებლობით ითვლება 18 წლამდე ასაკის პირი.

1994 წელს საქართველო გახდა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის 1989 წლის კონვენციის წევრი სახელმწიფო. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე საქართველომ იკისრა ვალდებულება, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა:

1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ»;

განმარტებითი მოხსენება ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ». კონვენციასთან დაკავშირებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ბავშვებისა და მშობლების სამართლებრივ ურთიერთობას და მეურვეობისა და მზრუნვველობის ორგანოების როლს ეხება;

«პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის მიხედვით, არასრულწლოვანისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას «მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 16 წლამდე არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება უტარდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

კანონი პაციენტის უფელებების შესახებ, კანონის მე-18 მუხლის თანახმად:

1. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურებაზე, თუ მან სამედიცინო მომსახურების გამწევს მიმართა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიზეზთა გამო.

16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება უტარდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობაც ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით. აღნიშნული მუხლის თანახმად, მშობელს ან კანონიერ წარმომადგე-ნელს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება თუ ამის წინააღმდეგია თავად ქმედუნარიანი პაციენტი ან ექიმისათვის სქესობრივად გადამდები დაავადებისა, ნარკომანიის, კონტრაცეფციისა და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისათვის მიმართვის შემთხვევებში.

წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებები

კანონი პაციენტის უფლებების შესახებ მოიცავს მუხლებს, რომლებიც ეხება წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებებს.

ზემოაღნიშნული კანონის 45 მუხლის თანახმად:

1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას – სამედიცინო მომსახურება.

ამავე კანონის 46 და 47 მუხლების თანახმად

წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს დაკავებული, წინასწარ პატიმრობაში ან პატიმრობაში მყოფი პირის უფლება – აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ზემოაღნიშნული მუხლებით კანონი იცავს წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებებს, კერძოდ: წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი სარგებლობს «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, თუმცა წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს დაკავებული, წინასწარ პატიმრობასა თუ პატიმრობაში მყოფი პირის უფლება – აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი, მაგრამ თავად იგივე კანონი ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სასამართლოში, ანუ წინასწარ პატიმრობასა თუ პატიმრობაში მყოფი პირის უფლება მაინც დაცულია, რამეთუ მას შეუძლია ამ უფლების უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდვის შემთხვევაში, სასამართლოს მეშვეობით აღიდგინოს ეს უფლება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, ასევე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურება.

ამასთან, «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილია, რომ წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისწვდომობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით, რითაც ცალსახად არის ხაზგასმული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულების თაობაზე.

პაციენტის უფლება გაუფრთხილდნენ მის დროს

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საჭირო მკურნალობა სწრაფად და წინასწარ განსაზღვრულ დროში. ეს უფლება მოქმედებს მკურნალობის ყველა ფაზაში.

ეს უფლება არ არის გახილული საქართველოს კანონმდებლობაში. არ არსებობს დებულებები პაციენტთა რიგის შესახებ. ძალიან შეზღუდულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, დააფინანსოს სამედიცინო მომსახურება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ კრიტიკულ შემთხვევებში სამედიცინო ჩარევა უნდა მოხდეს გადაუდებლად, პაციენტის თანხმობის გარეშეც კი (მაგ. როდესაც პაციენტი კომაშია). ასევე, პაციენტის კანონიერი წერმომადგენლის თანხმობის მიუღებლად (როცა წარმომადგენელი მიუწვდომელია).

ჯანდაცვის სამართალი ასევე ითვალისწინებს პაციენტის ინფორმირების ვალდებულებას მკურნალობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ინფორმაციის გადაცემა და ახსნა საჭიროებს დროს.
დაბოლოს, პაციენტის დროის პატივისცემა შეიძლება იმგვარად, რომ პაციენტი არ იდგენს რიგში დიდი ხნის განმავლობაში.

უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუციის მე-17 მუხლი აცხადებს: «ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.»

პაციენტის დროის პატივისცემა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თვით პაციენტის, როგორც ადამიანის, პატივისცემა.

კანონმდებლობა:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

ქმედუუნარო და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით (მუხ. 12).

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ (მუხ. 12) განსაკუთრებვით აღნიშნავს უფლებას გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე (“სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება»). თუმცა, ეს უფლება კანონში დამატებით არ არის განხილული.

მეორე მხრივ, იმავე კანონის მიხედვით, ჯანდაცვის მომწოდებელმა შეიძლება მოითხოვოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ქმედუუნარო პაციენტისთვის პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე შემდეგ 2 შემთხვევაში:

  • თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.
  • თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ხოლო მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები ამ უფლებათან დაკავშირებით.

) ექიმის ეთიკის კოდექსი

საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსის მიხედვით, როდესაც პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ექიმი უნდა დაეხლაროს «ნებისმიერ პირს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში არასამუშაო გარემოშიც კი» (თავი «ექიმი და პაციენტი», პარაგრაფი 5)

) სხვა წყაროები

აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს სხვა დამატებითი წყარო.

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველას აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს მარალი ხარისხის ჯანმრთელობის სერვისებზე სპეციალური და ზუსტი სტანდარტების დაცვით.

ეს უფლება გარკვეულწილად განვიხილეთ ხელმისაწვდომობის უფლებასთან ერთად, რადგან მომსახურების ხელმისაწვდომობა გულისხმობს პაციენტის უფლებას მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას ძირითადად აღწერს შესაბამისი ვალდებულებების მიხედვით (ამ ვალდებულებებს შეიცავს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ).

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუციის 37-ე მუხლის 2 პუნქტის მიხედვით:

«სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას

ეს პუნქტი გულისხმობს სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას ჯანდაცვის დაწესებულებებში.

კანონები

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის დაცვის ხარისხთან მიმართებით (მუხ. 4 და 16). შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აწარმოებს «ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს დადგენილი წესით». (მუხ. 63)

მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები. (მუხ. 53)

სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტებია ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა და სამედიცინო საქმიანობის შესახებ გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავება. (მუხ. 16, 23-33, 53-63)
დაუშვებელია სამედიცინო საქმინობა ლიცენზირების გარეშე (მუხ.56). კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ განსაზღვრავს საქმიანობათა სიას, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას. (მუხ. 6, პუნქტი 42-84).

გაიდლაინები და პროტოკოლები მნიშვნელოვანი საშულებაა იმის დასადგენად, არის თუ არა მომსახურება ხარისხიანი და დამაკმაყოფილებელი. ეროვნული გაიდლაინების შემუშავება ხდება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ (მუხ. 16). სამინისტრომ უნდა შექმნას სპეციალური საბჭო, რომელიც გაიდლაინთა შემუშავებას და მიღებას ადევნებს თვალყურს. დღესდღეობით, მინისტრიეს ინდივიდუალური აქტით მიღებულია 80-ზე მეტი გაიდლაინი.

კანონი განსაზღვრავს ჯანდაცვის დაწესებულებებში ეთიკის კომიტეტების არსებობას პაციენტის უფლებების და სამედიცინო ეთიკის დასაცავად (მუხ. 62).

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ

კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს «უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.» «პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტები» აღნიშნავს შესაბამისი ხარისხის მომსახურების მიღებას სამედიცინო მომსახურების ნებისმიერი გამწევისგან.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

კანონი ექიმებს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას უზრუნველყონ ჯანდაცვის სათანადო ხარისხი.2

საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

ხარისხიანი მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანოთა გადანერგვის სფეროში, რათა ეს პროცესი დიდ რისკს უქმნის როგორც დონორს, ისე რეციპიენტს. 27-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

  • შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;
  • განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;
  • პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, თუ საჭიროა აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;
  • უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;

) დამხმარე აქტები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის საფუძველზე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N419/ნ, 29.11.2001 გამოიცა, რომლის მიხედვითაც ორგანოთა გადანერგვის დროს ხარისხის კონტროლი უნდა მოხდეს შემდეგი გზებით:

  • ადამიანის ორგანოთა მოპოვების, აღების, შენახვის და გადანერგვის სტანდარტების დაწესება;
  • ორგანოთა ხარისხის გაკონტროლება;
  • ორგანოთა განადგურების წესების დაცვა.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს ექიმის ეთიკის კოდექსის შემდეგი დებულებები:

  • ექიმი ცდილობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც აუცილებელია პაციენტისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად. ( «ექიმი და პაციენტი», მუხ. 8).
  • საექიმო საქმიანობის აღსრულებისას ექიმის გზამკვლევია მხოლოდ პროფესიული სტანდარტები და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ნორმები. (“ზოგადი დებულებები», მუხ. 2)
  • პროფესიული ცოდნის განახლება და სრულყოფა, შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწა ექიმის ყოველდღიური საზრუნავია მთელი მისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. (“ზოგადი დებულებები», მუხ. 8)
  • ექიმი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს სხვა ექიმს პროფესიული მოვალეობის აღსრულებაში. (“ექიმი და კოლეგა», მუხ. 2)
  • ექიმს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები. თუ მას აკლია სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ის დასახმარებლად სხვა ექიმს უხმობს. (“ექიმი და კოლეგა», მუხ. 3)
  • ექიმი პაციენტს კოლეგასთან გზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულია ამ უკანასკნელის კომპეტენციაში. ამასთან, კონსულტაციის წინ იგი კოლეგას აწვდის პაციენტის სათანადო სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას. (“ექიმი და კოლეგა», მუხ. 4)
  • პაციენტის უარი სწავლების პროცესში მონაწილეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს სამედიცინო დახმარების ხარისხსა და ექიმის დამოკიდებულებაზე პაციენტის მიმართ. (“ექიმი – მასწავლებელი,» მუხ. 2)

) სხვა წყაროები

აღნიშნულ უფლებას ეხება ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ (მუხ. 3, 4) და მისი დამატებითი ოქმები ადამიანის ორგანოსა და ქსოვილის გადანერგვის (მუხ. 3, 4) და ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ (მუხ. 23, 14).

ევროპის საბჭოს ინსტრუმენტი შესაბამისი მუხლები
კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ მუხ. 3, 4: ხარისხის და პროფესიული ვალდებულებების დაცვის მოთხოვნა
დამატებითი ოქმი ადამიანის ორგანოსა და ქსოვილის გადანერგვის შესახებ მუხ. 3, 4: ხარისხის და პროფესიული ვალდებულებების დაცვის მოთხოვნა
დამატებითი ოქმი ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ მუხ. 23, 24: ჩაურევლობის მოთხოვნა პროფილაქტიკურ, სადიაგნოსტიკო და თერაპევტულ პროცედურებში ბიოსამედიცინო კვლევის დროს

უსაფრთხოების უფლება

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველას აქვს უფლება დაცული იყოს ზიანისგან, რომელიც გამოწვეულია ჯანდაცვის სერვისების არასათანადო ფუნქციონირების და სამედიცინო შეცდომებისგაბ, აფრეთვე, ყველას აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს სერვისებსა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

ერთი მხრივ, პაციენტის უსაფრთხოება მიიღწევა მომსახურების სათანადო ხარისხის დაცვით. მეორე მხრივ, უსაფრთხოება შეიძლება განიხილებოდეს როგორც მკურნალობის მინიმალური სავალდებული სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ეს უფლება კავშირშია თანამედროვე სამედიცინო ეთიკის ოთხი პრინციპიდან ერთ-ერთთან – nonmalefi cence («არ ავნო»).

საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურად არეგულირებს სამედიცინო უსაფრთხოების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჯანდაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული, პაციენტის უსაფრთხოების უფლება შეიძლება განიხილებოდეს როგორც ფიზიკური შეურაცხყოფგისგან/თავდასხმისგან თავისუფლება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს. ცხადია, რომ ამ უფლების ჭრილში დაცული უნდა იყვეს სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებებიც.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს სპეცილურ დებულებებს ჯანდაცვის მომსახურების უსაფრთხოების შესახებ. თუმცა, კონსტიტუცია ზოგადად იცავს პირის უსაფრთხოებას (მუხ. 15.1):

«სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

მუხლები, რომლებიც ხარისხიან მომსახურებას ეხება, პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. აგრეთვე, კანონი სპეცილურად ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო ტექნოლოგიების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას. (მუხ. 67)

იგივე კანონი სპეცილურად უსვამს ხაზს სახელმწიფოს ზოგად პასუხისმგებლობას უზრუნველოყოს უსაფრთხო გარემო, აწარმოოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი. (მუხ. 70-79)

კანონი აგრეთვე იცავს კვლების სუბიექტების უსაფრთხოების უფლებას (თავი XIX).

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ:

იხ. სექცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლების შესახებ.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ:

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.(მუხ.49)

აღნიშნული კანონის დებულებები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლების შესახებ ასევე შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოებას.

საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

იხ. სექცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლების შესახებ.

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

კანონი ეხება უსაფრთხო გარემოს (თავი 6), ბიოუსაფრთხოებას (თავი 5), ვაქცინის უსაფრთხოებას (მუხ. 7). სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში (მუხ. 8) და განსაკუთრებით აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა პირის უფლებას დაცული იყვეს ინფექციური დაავადებებისგან სამედიცინო დაწესებულებაში (მუხ. 5.2). კანონი ასევე აწესებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სისხლის და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით (მუხ. 15.2).

საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

კანონის მთავარი მიზანია წამლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იგი არეგულირებს წამლის მიწოდებასა და გამოყენებაში ჩაბმული პირების და დაწესებულებების საქმიანობასა და ახალი წამლების კლინიკურ გამოცდას.

საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ

კანონი აწესებს ექიმისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას პაციენტის გასინჯვის დროს (მუხ. 13). კანონი ასევე განსაზღვრავს გარემოებებს, როდესაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს სხვა პირთა უსაფრთხოებისთვის (მუხ. 16, 18, 19).

კანონი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

კანონი შეიცავს დებულებებს სისხლისა და სისხლის კომპონენტების ხარისხის შესახებ.

) დამხმარე აქტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება 215/ნ, 11.07.2007, რომელიც ეხება თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმების დაფინანსებას დამქირავებლის მიერ.

იხ. აგრეთვე ქვესექცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლების შესახებ.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსი არ სეიცავს აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებულ დებულებებს.

) სხვა წყაროები

არ არსებობს დამატებითი წყაროები აღნიშნული უფლების შესახებ.

თანამედროვე მედიცინის მიღწევებით სარგებლობის უფლება

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველა პირს აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს ნოვაციურ პროცედურებზე, მათ შორის სადიაგნოსტიკო პროცედურებზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ეკონომიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ახსენებს თანამედროვე მედიცინის მიღწევებით სარგებლობის უფლებას, კანონი უზრუნველყოფს მსგავს უფლებას იშვიათი, უჩვეულო დაავადების მქონე პაციენტებისთვის (კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ). კანონი ასევე არეგულირებს ადამიანის ბიოსამედიცინო კვლევას ( კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ). დაბოლოს, თანამედროვე მედიცინის მიღწევებით სარგებლობის უფლება არაპირდაპირ კავშირშია უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან და პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან, რაც მათ საშუალებას მისცემთ უმკურნალონ პაციენტს თანამედროვე სტანდარტებით.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებებს აღნიშნულ საკითხზე.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

კანონი არ ცნობს კონკრეტულად აღნიშნულ უფლებას.

კანონის მე-19 თავი არეგულირებს მიოსამედიცინო კვლევას, მათ შორის ადამიანის კვლევას (მუხ. 10-15)

სახელმწიფო ქმნის პირობებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და, შესაბამისად, პროფესიული სტატუსის ამაღლების უზრუნველსაყოფად. (მუხ. 48)

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

პაციენტის უფლებათა შესახ კანონის მიხედვით, «სახელმწიფო უზრუნველყოფს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.» (მუხ. 13).

ამგვარი დაავადებების სია განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, «დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.» უწყვეტი სამედიცინო განათლების მიზანია, რომ ექიმებს ჰქონდეთ უნარები ისარგებლონ თანამედროვე მედიცინის მიღწევებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წლიდან (როდესაც მიღებულ იქნა კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ) 2007 წლამდე, უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულო იყო ექიმებისთვის. თუმცა, 2007 წლეს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც უწყვეტი სამედიცინო განათლება ნებაყოფლობითი შეიქმნა.

) დამხმარე აქტები

პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N199 იშვიათ დაავადებათა სიის მიღების შესახებ (14.05.2001). 2004 წელს ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შედეგად სია შეიცავს 23 დაავადებას.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ექიმის ეთიკის კოდექსის შემდეგი დებულებები ეხება ბიოსამედიცინო კვლევაში ადამიანის ჩართვას («ექიმი – მკვლევარი»)

1. «მეცნიერული კვლევა ექიმის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია და მისი პროფესიული სრულყოფის საშუალებაა. კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ექიმი საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო პრინციპებით ხელმძღვანელობს. კვლევის ჩატარების დროს და მისი შედეგების გამოქვეყნებისას ექიმი ობიექტურია.

2. ადამიანზე მეცნიერული კვლევის წარმოებისას პაციენტის ინტერესები უზენაესია; კვლევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენს გავლენას ექიმის ძირითად მოწოდებაზე – ემსახუროს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.»

) სხვა წყაროები

ევროპის საბჭოს კონვენციის «ადამიანის უფლებები და ბიომედიცინე» დამატებითი ოქმის «ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ» მიხედვით სპეციფიკურად რეგულირდება ადამიანის კვლევა. დღესდღეობით, ოქმი უფრო სპეციფიკურია, ვიდრე შესაბამისი დებულებები საქართველოს კანონმდებლობიდან (კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ).

მოსალოდნელია პარლამენტის მიერ ახალი კანონპროექტის განხილვა ბიოსამედიცინო კვლევაში ადამიანის ჩართვის შესახებ, რაც, მიღების შემთხვევაში, იქნება ყველაზე სპეციფიკური კანონი ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ საქართველოში.

ტანჯვისა და ტკივილის შემსუბუქების უფლება

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველას აქვს უფლება შემსუბუქდეს მისი ტანჯვა და ტკივილი, რამდენადაც ეს შესაძლებელია დაავადების თითოეულ სტადიაზე.

საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობაში არ არის სპეციალური დებულება ტკივილის შემსუბუქების უფლების შესახებ. თუმცა, ტკვივილის თავიდან აცილება და შემსუბუქება არის პალიატიური მზრუნველობის ერთ-ერთი პრინციპი, რაც აღნიშნულია საქართველოს კანონებში (იხ. ქვემოთ). დებულებები ფსიქიტრიული პაციენტების არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ უფლებასთან. ამ ჭრილში ხვდება ასევე ძალადობა ციხეში და ფსიქიტრიულ დაწესებულებებში. დაბოლოს, ეს უფლება უკავშირდება ხელმისაწვდომობის უფლებას, უსაფრთხოებისა და თავისუფალი არჩევნის უფლებებს.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა პალიატიური მზრუნველობასაც მოიცავს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენში იმ პირებისათვის, რომლებიც პალიატიური მზრუნველობას საჭიროებდნენ, მათ შორის, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის, არ არსებობდა ადეკვატური რესურსები. აქ ვგულისხმობთ სათანდო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალსა და მომსახურების იმ ფორმებს, რომლებსაც ასეთ პაციენტებს შესთავაზებდნენ.

საბედნიეროდ, მსგავსად მრავალი სხვა ქვეყნისა, ჩვენშიც დაიწყო პალიატიური მზრუნველობის განვითარება და, ერთი შეხედვით, «უიმედო» პაციენტებსაც იმედი გამოუჩნდა – ტკივლის და სხვა მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება, ზრუნვა მათ ფსიქოსოციალურ პრობლემებზე.

დღეს პაციენტებისათვის გარკვეულ ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა, როგორც ბინაზე მოვლის, ისე სტაციონარში (საავადმყოფოში) გაწეული სამედიცინო მომსახურების სახით.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას ითვალისწინებს პალიატიური მზრუნველობა, როგორ შეიძლება პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების მიღება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.

მეორე მხრივ, პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, გაერკვნენ მათ ინდივიდუალურ უფლებებში, რომელიც პალიატიური მზრუნველობასთან არის დაკავშირებული ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, პაციენტის ახლობლების როლი გადაწყვეტილების მიღებისას, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი და სხვა.

საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, კანონებში «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» და «პაციენტის უფლებების შესახებ»3 პალიატიური მზრუნველობა შემდეგნაირად არის განმარტებული:

«აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება».

პალიატიური მზურნველობა შეიძლება განხორციელდეს საავადმყოფოში (პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში ან ჰოსპიში) ან ბინაზე.

დღეს საქართველოში პალიატიური მზრუნველობა უკვე დანერგილია, თუმცა მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა ქვეყნის მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი არ არის.

რამდენად ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა

მხოლოდ ხუთიოდე წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის (როგორც საავადმყოფოში, ისე ბინაზე მოვლის სახით) მიღება.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

მე-17 მუხლის დებულებების დაკავშირება შეიძლება ტკვილის და ტანჯვის შემცირების უფლებასთან:

1. «ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.»

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

კანონის განსაზღვრებით, პალიატიური მზრუნველობა, არის «აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება».

პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული ყველა დებულება ვრცელდება ასევე პალიატიურ მზრუნველობაზეც (მაგ. მუხ. 8)

ზოგ შემთხვევაში პალიატიური მზრუნველობა სპეციალურად არის აღნიშნული. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, «ყველა ქმედუნარიან პირს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/ და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ.» ამასთანავე, «უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს უტარდება სათანადო მკურნალობა, თუ ავადმყოფს წინასწარ, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ ჰქონია განცხადებული უარი სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.» (მუხ. 149)

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ» დეტალურად განმარტავს, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს (მუხლი 18);

1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ:

ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ.
აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ იმავე კანონში ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტისათვის ინფორმაციის გასაგები ენით მოწოდებაზე. კერძოდ კანონის მე-19 მუხლში გაცხადებულია შემდეგი:

«პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წამომადგენელს ინფორმაცია მიეწოდებათ მათი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტებების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.»

ამრიგად, როგორც ერთი, ისე მეორე კანონი უფლებას აძლევს პაციენტს მიიღოს სრული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ზემოაღნიშნულთან ერთად პაციენტს უფლება აქვს გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს (სამედიცინო ისტორიას) თავის თავზე. «პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის მე-17 მუხლის თანახმად პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავს ან კანონიერ წამომადგენელს უფლება აქვთ გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.

პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ (მუხ. 24.1). თუმცა, ამგვარი სურვილის გამოთქმა შესაძლებელია შემდგომ ორ შემთხვევაში:

თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია:

ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;

ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით, პალიატიური მზრუნველობა არის მზრუნველობის ერთ-ერთი ფორმა. პალიატიური მზრუნველობის შესახებ აღნიშნულია 39-ე მუხლში (პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება) და 29 (პაციენტის პირად ცხოვრებაში ჩარევა).

საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მეტადონის პროგრამა ეხმარება პაციენტებს თავიდან აიცილონ ტკივილი და ტანჯვა ნარკოტიკზე დამოკიდებულების გადაჩვევის პროცესში. აქდან გამომდინარე, მეტადონის პროგრამის ხელმისაწვდომობა ტკივილის და ტანჯვის შემცირების უფლების მნიშვნელოვანი ასპექტია. კანონი მიიჩნევს ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეცილური პროგრამების განხორციელებას, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულების მკურნალობის გზას (მუხ. 38.3). ჩანაცვლების თერაპიის მეთოდები უნდა განისაზღვროს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. (მუხ. 38.4)

) სხვა წყაროები

დღეს ექიმს შეუძლია დანიშნოს და გამოწეროს ქრონიკული განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილი პაციენტებისათვის ტკივილის გასაყუჩებლად აუცილებელი ნარკოტიკული საშუალებების სათანადო რაოდენობა, რომელიც 7 დღის მანძილზე იქნება სამყოფი პაციენტისათვის. ამასთან, ექიმს შეუძლია გამოწერილი ნარკოტიკების გახარჯვამდე შეცვალოს ნარკოტიკული საშუალება ან მისი ფორმა ან დოზა, თუკი ამას პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 154-ე მუხლის მიხედვით, გამოიცა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 157/ნ – ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (10.07.2008)

ფაქტობრივად, ბრძანება არის გაიდლაინი პალიატიური მზრუნველობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ბრძანება ასევე ეხება ოპიატების, როგორც ტკივილის კონტროლის საშუალებების, გამოყენებას პალიატიური მზრუნველობის დროს. ბრძანების დებულებების მეშვეობით იზრდება ოპიატების ხელმისაწვდომობა, რაც გააუმჯობესებს ტკივილის კონტროლს ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფებში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ძლიერი ტკივილების მქონე პაციენტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას. ბრძანებით დადგენილია, რომ:

«ა) ქრონიკული ინკურაბელური პაციენტისთვის გამოწერილი ერთი რეცეპტი (ფორმა) შეიძლება შეიცავდეს ნარკოტიკული საშუალების 7 დღის სამყოფ რაოდენობას;

ბ) პრეპარატის მართებული დანიშვნის და გამოწერის თაობაზე პასუხისმგებელია ექიმი, რომელიც გასცემს რეცეპტს და დაწესებულების ხელმძღვანელი, ან ხელმძღვანელის მიერ ოფიციალურად დანიშნული პასუხისმგებელი პირი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს;

გ) თუკი მკურნალობის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა შეიცვალა, რაც საჭიროებს ნარკოტიკის, ან მისი დოზის ან ფორმის შეცვლას, მაშინ ექიმმა უნდა გასცეს ახალი რეცეპტი;

დ) რეცეპტით გამოწერილი ნარკოტიკული საშუალება უნდა გაიცეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ხუთი სამუშაო დღის შემდეგ ფარმაცევტს აღარ აქვს უფლება გასცეს მედიკამენტი. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ახალი რეცეპტი.»

ჩანაცვლების თერაპიის მეთოდები უნდა განისაზღვროს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით (მუხ. 38.4). შესაბამისი აქტი გამოიცა 2005 წელს. მასში ცვლიელებები შევიდა 2006 წელს: ბრძანება N302, 24.11.2005 «მეტადონით ჩანაცვლების პილოტური პროექტების მეთოდოლოგია და იმპლემენტაცია

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

უკურნებელი სენით დაავადებული თუ სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფისათვის სათანადო სამედიცინო დახმარებას და სულიერ თანადგომას ექიმი აგრძელებს პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე. (ზოგადი დებულებები, მუხ. 4)

) სხვა წყაროები

აღნიშნული უფლების შესახებ არ არსებობს დამატებითი წყაროები.

საჩივრის შეტანის უფლება

) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველა პირს აქვს უფლება იჩივლოს, როდესაც მას მიაყენებენ ზიანს და აქვს უფლება მიიღოს პასუხი, ან სხვაგვარი გამოხმაურება

ჩივილის და გასაჩივრების უფლება განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.4 თუმცა, ეს უფლება ჯანდაცვის კონტექსტში სპეციალურადაც არის განხილული.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კონსტიტუცია:

კონსტიტუცია ყველა პირს ანიჭებს უფლებას «თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს» (მუხ. 42.1). ცხადია, რომ ეს უფლება მოქმედებს ჯანდაცვის კონტექსტშიც.

ამ საკითხს კონსტიტუციის არც ერთი სხვა დებულება არ ეხება. თუმცა, სახალხო დამცველის ოფისი (რომელიც დაარსდა კონსტიტუციის 43 მუხლის საფუძველზე) უფლებამისილია გამოავლინოს ფაქტები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევებს. სახალხო დამცველი უფლებამოსიალია შეატყობინოს ამის შესახებ «შესაბამის ორგანოებს და პირებს.»

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია წვლილი შეიტანოს ჯანდაცვის სფეროში (ისევე როგორც სხვა სფეროებში) ადამიანის უფლებათა დაცვაში 89-ე მუხლის საფუძველზე.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

კანონის მიხედვით, «პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში.» (მუხ. 104)

ზემოთნახსენების დამატებითი რეგულირება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივრის შეტანა ხდება სასამრთლოში. ასე რომ, ჩივილის უფლების გამოყენების ალტერნატიული სისტემა არ არის კარგად განვითარებული.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონის მიხედვით, პაციენტს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს (მუხ. 10). სასამართლოსშტვის მიმართვის საფუძველი სეიძლება სხვადასხვა იყოს. პაციენტი ან მის წარმომადგენელი შეიძლება მოითხოვდეს:

ა) კომპენსაციას ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია:

ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით;

ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით;

ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;

ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;

ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;

გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.

პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის მიხედვით, «სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს.» სასამართლოსთვის მიმართვის დროს, სამედიცინო მომსახურებისა გამწევი უჩივის პაცეინტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი მიდგომა, პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლისგან განსხვავებით, პაციენტის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. ნებისმიერ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გამწევის ეს უფლება არსებობს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

მსგავსი დებულებები გვხვდება საექიმო საქმინობის შესახებ კანონშიც. მუხ. 45.4-ის მიხედვით, «თუ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში და მოითხოვოს პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებართვა.»

საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ

სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი შემუშავდა კონსტიტუციის 43-ე მუხლის საფუძველზე.

კანონის თანახმად, მოქალაქეებს, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს თანაბრად შეუძლიათ შეიტანონ საჩივარი სახალხო დამცველის აპარატში, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები და თავისუფლებები (კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული) დაირღვა (მუხ. 13). ეს მუხლი რა თქმა უნდა ეხება ადამიანის უფლებებს ჯანდაცვის სფეროში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში (მუხ. 14.3). აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის პროცედურა არ არის შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უნდა ამოიწუროს საერთაშორისო ორგანოებისთვის მიმართვამდე.

განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა (მუხ. 16).

განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს და იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის ქმედებაც ან გადაწყვეტილებაც არის გასაჩივრებული (მუხ. 17).

საქართველოს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ:

ნებისმიერ ფიზიკურ პირს აქვს უფლება შეიტანოს საკონსტიტუციო საჩივარი, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტი არღვევს კონსტიტუციის მე-2 თავით მისთვის გარანტირებულ უფლებებს. ამის მსგავსად, საერთო სასამართლოებსაც შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ეჭვი ეპარებათ იმ მორმატიული აქტის კონსტიტუციურობაში, რომელზეც უნდა დააფუძნონ გადაწყვეტილება.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმარე აქტები აღნიშნულ ეფლებასთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსის დებულებები ამ საკითხს არ ეხება.

) სხვა წყაროები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი:

თავისუფლებაშეზღუდული პირებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უზრუნველყოფს საჩივრის შეტანის დამატებით მექანიზმებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია:

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიძლება საჩივრის შეტანა ევროპული კონვენციიის საფუძველზე, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1999 წლის 12 მაისს (როდესაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი).

კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით, «სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას.»

საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები განსაზღვრულია კონვენციის 35- მუხლით:

1. «სასამართლოს შეუძლია საქმე მიიღოს განსახილველად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად, და თუ გასული არ არის ექვსი თვე, საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.

2. სასამართლო არ განიხილავს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ არც ერთ განაცხადს, რომელიც:

ა) ანონიმურია; ან

ბ) არსებითად იგივეა და სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა ინსტანციას და არ შეიცავს შესატყვის ახალ ინფორმაციას.

1. სასამართლო დაუშვებლად აცხადებს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადს, რომელსაც მიიჩნევს შეუთავსებლად კონვენციასა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად დაუსაბუთებლად, ან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებად.

2. სასამართლო უკუაგდებს ნებისმიერ განაცხადს, რომელსაც იგი მიიჩნევს დაუშვებლად ამ მუხლის საფუძველზე. ამის უფლება მას აქვს სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე.»

კომპენსაციის მიღების უფლება

ა) უფლება პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტიის მიხედვით (ECPR)

ყველას აქვს უფლება მიიღოს საკმარისი კომპენსაცია გონივრულად მოკლე დროში, თუ განიცდის ფიზიკურ არ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც გამოწვეულია ჯანდაცვის მომსახურების გამწევის მიერ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პაცინეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის სპეციალიზირებული სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს და მიყენებული ზიანის შემთხვევაში დავის გადაწყვეტის ერთადერთი მექანიზმი მხოლოდ სასამართლოა და ისიც სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი ნორმების საფუძველზე.

საქართველოს კანონი «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» შეიცავს ჩანაწერს, რომლის მიხედვით «სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.»4

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომელიც პაციენტის უფლებებს სამართლებრივად უნდა სკურპულოზურად არეგულირებდეს და იცავდეს – პაციენტს ამისამართებს სასამართლოზე ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანის დადგომის შემთხვევაში.5

სამედიცინო შეცდომის გამო ზიანის ანაზღაურებისთვის საჭიროა მინიმუმ სამედიცინო სტანდარტების არსებობა, რომლითაც იხელმძღვანელებენ მხარეები წარმოშობილი დავის შემთხვევაში. ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობიდან, ცხადი ხდება, რომ სამედიცინო შეცდომის და ზიანის საკითხების რეგულირებისას კანონმდებელი ცალსახად არ უთითებს სამედიცინო სტანდარტების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.

კანონი «სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ» არ იცნობს სამედიცინო შეცდომას, ამით გამოწვეულ ზიანს, სამედიცინო შეცდომას და ექიმის დაუდევრობას არ მოიხსენიებს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის კატეგორიებში.

კომპენსაციის მიღების ერთადერთი შესაძლებლობა (სადაც სისტემა კარგად არის ჩამოყალიბებული) არის სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებით.

განსხვავებული მიდგომა და სამართლებრივი გამოცდილება არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკმაოდ მოქნილი სამარლებრივი მექანიზმი მოქმედებს. მაგალითისათვის, საინტერესოა შვედეთის გამოცდილება ამ კუთხით.

შვედეთში მოქმედებს აქტი პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შესახებ, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული. აქტის მიხედვით ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან შეიძინონ პაციენტის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში იქნება გამოყენებული კომპენსაციის მიზნით. კომპენცია ზიანის დადგომის შემთხვევაში ვრცელდება მხოლოდ პაციენტებზე. ტერმინი «პაციენტი» დეფინირებულია, როგორც ნებისმიერი პირი, რომელმაც დაამყარა კავშირი ჯანდაცვის პერსონალთან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აქტით ასევე განსაზღვრულია მნიშვნელოვანი ტერმინი «პირადი ზიანი», რომელიც მოიცავს, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ზიანსაც.

აქტით პაციენტისათვის მიყენებული ზიანის 6 ტიპია განსაზღვრული:

1. მკურნალობასთან დაკავშირებული ზიანის

აღნიშნულ კატეგორიაში ხვდება ზიანი, რომელიც გამოწვეულია სამედიცინო შემოწმების, მზრუნველობის, მკურნალობის ან მსგავსი პროცედურების შედეგად (მაგალითისათვის სისხლის დონაცია) და რომ აღნიშნული ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო სხვა სახის ნაკლები რისკის შემცველი პროცედურების ჩატარების შემთხვევაში. კვლევას იმასთან დსაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლებოდა დამდგარი ზიანის თავიდან აცილება ატარებს გამოცდილი სპეციალისტი, რომელმაც მხედველობაში არ უნდა მიიღოს ექიმის გამოცდილება და კვალიფიკაცია, არამედ უნდა იმოქმედოს დადგენილი სამედიცინო სტანდარტების მიხედვით. მაგალითისათვის ნერვის დაზიანების შემთხვევაში მან უნდა იხელმძღვანელოს დადგენილი სამედიცინო სტანდარტით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს გამოცდილმა ორთოპედმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში.
ჯანდაცვის პროვაიდერის მხრიდან რესურსების სიმწირე ან არარსებობა, რამაც გამოიწვია ზიანი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპენსაციის მიღების საფუძვლად.

2. სამედიცინო-ტექნიკური ზიანი

პაციენტს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების უფლება, თუ მას ზიანი მიადგა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-ტექნიკური აღჭურვილობის დეფეტის ან დეფეტური გამოყენების შედეგად.

3. დიაგნოსტიკური ზიანი

პაციენტს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს არასწორი დიაგნოზით გამოქვეული ზიანის შემთხვევაშიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაცია პაციენტის რეალური დაავადების შედეგად დამდგარი ზიანის გამოა.

4. ინფექციური ზიანი

კომპენსაციის მიღების უფლება დგება პაციენტისათვის მისი გამოკვლევის, დათვალიერების, მზრუნველობის, მკურნალობის ან მსგავსი პროცედურების დროს. კომპენსაციის დროს მხედველობაში მიიღება ინფექციის ტიპი და მისგან მიყენებული ზიანის სიმკაცრე.

5. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ზიანი

კომპენსაციის მიღების უფლება პაციენტს ეძლევა მაშინ, როცა მისი გამოკვლევის, დათვალიერების, მზრუნველობის, მკურნალობის, გადაყვანის ან მსგავსი პროცედურების დროს, ხანძრის და სხვ. დადგა უბედური შემთხვევა.

6. მედიკამენტური ზიანი

კომპენაციის მიღების უფლება დგება მაშინ, როცა პაციენტს ზიანი მიადგა არასწორად ან სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით გამოწერილი მედიკამენტების მოხმარების გამო.

ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ზიანის კომპენსაციის საკითხი, რომელიც წარმოიშვა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტისათვის არასროწი ინფორმაციის მიწოდების ან სამედიცინო მკურნალობაზე პაციენტისგან თანხმობის მიუღებლობის გამო. აქტით ეს საკითხი არ არის რეგულირებული, თუმცა სპეციალური სამართლებრივი კომენტარის მიხედვით6, შვედური სამართალწარმოების გამოცდილებით მსგავსი ზიანისათვის კომპენაციის მიღების უფლების რეალიზაციის პრაქტიკა არსებობს აქტით დელიქტების შესახებ.

კომპენსაციის დაანგარიშებისას ყურადღება ექცევა, როგორც ეკონომიკურ მხარეს (მაგალითისათვის, შემოსავლის დაკარგვა, მკურნალობის ხარჯები მიყენებილი ზიანის გამო და სხვ.), ასევე არაეკონომიკურ დანაკარგებსაც (კერძოდ – ხანმოკლე ან ხანგრძლივი ტკივილი და ტანჯვა, დაძაბულობა მუშაობის დროს, ფუნციების დაკარგვა და სხვ.).

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

საქართველოს კანონმდებლობა:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად.

«ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

«მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით» (მუხ. 50)

«სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას ფონდი მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო პერსონალის მიმართ საჩივრის აღძვრის შემთხვევისათვის.ფონდი იქმნება სამედიცინო პერსონალის შენატანებისა და კანონმდებლობით ნებადართული სახსრებისაგან» (მუხ. 58). დამატებითი დეტალები ამ ფონდების ფუნქციონორების შესახებ არ არის განსაზღვრული და ამგვარი ფინდების არსებობა რეალობაში ხშირი არ არის.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი განსაზღვრავს მცდარ სამედიცინო ქმედებას შემდეგნაირად: «ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა» (მუხ. 3)

საქართველოს კანონი «პაციენტის უფლებათა შესახებ»

როგორც უკვე აღინიშნა, მე-10 მუხლის ფარგლებში პაციენტებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • პაციენტის უფლებების დარღვევით;
  • მცდარი სამედიცინო ქმედებით;
  • სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;
  • სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, «პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.» კანონის დარღვევა არის საჭირო წინაპირობა საექიმო საქმიანობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისთვის.

მუხ. 1007 განსაზღვრავს, რომ «სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.»
სამოქალაქო კოდექსი აწესებს ხანდაზმულობის ვადას 3 წელს იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (მუხ. 1008).

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსი არ შეიცავს შესაბამის დებულებებს.

) სხვა წყაროები

არ არსებობს სხვა წყაროები აღნიშნულ უფლებაზე.

ნების წინასწარ გამოხატვის უფლება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს უფლება ფართოდ აღიარებულა არ არის, ჯანდაცვის კანონმდებლობა უზრუნველყოფს ნების წინასწარი გამოხატვის უფლებას მკურნალობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებით (კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონი პაციენტის უფლებების შესახებ). წინასწარი ნების სხვა ასპექტია ორგანოთა დონაციის შესახებ სურვილის გამოთქმა წინასწარ.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციის 17.1 მუხლის თანახმად, «ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.» ადამიანის უფლება მიიღოს წინასწარი გადაწყვეტილებები თავისი ჯანმრთელობის შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ღირსების პატივისცემასთან, რადგან წინასწარი ნება ძალიან ხშირად ეხება პაციენტის სურვილს, როგორ იცოცხლოს ან მოკვდეს.

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

«ყველა ქმედუნარიან პირს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ» (მუხ. 10).

წინასწარ გაცხადებული ნების არსებობა აუცილებელია შემდეგ შემთხვევაშიც – როცა ხდება ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის განხორციელება, მისი ჩართვა სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში (მუხ. 11).

მსგავს დებულებას შეიცავს მუხ. 149, რომლის მიხედვითაც უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს უტარდება სათანადო მკურნალობა, თუ ავადმყოფს წინასწარ, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ ჰქონია განცხადებული უარი სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია (მუხ. 24.1):

ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;

ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.

ამასთანავე, იმავე კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ. (მუხ. 24.2)

დამატებით დეტალებს ნების წინასწარ გამოხატვის უფლების იმპლემენტაციის შესახებ კანონმდებლობა არ აზუსტებს.

საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

კანონის თანახმად, ყველა ქმედუნარიან პირს აქვს უფლება ნებაყოფლობით გამოხატოს წინასწარი სურვილი სიკვდილის შემდეგ ორგანოთა დონაციის შესახებ. (მუხ. 4-6)

დამატებითი დეტალები ამ თემაზე იხილეთ ინფორმირებული თანხმობის სესახებ სექციაში.

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსი არ შეიცავს შესაბამის დებულებებს.

) სხვა წყაროები

არ არსებობს სხვა წყაროები აღნიშნულ უფლებაზე.

გენეტიკასთან დაკავშირებული უფლებები

კლინიკური გენეტიკა შედარებით ახალი დარგია ჯანდაცვის სისტემაში და იგი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას შესაძლო დისკრიმინაციისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო.

) უფლება საქართველოს კონსტიტუციის/კანონების მიხედვით

კონსტიტუცია:

კონსტიტუციის შემდეგი მუხლები შეიძლება განიხილებოდეს გენეტიკასთან დაკავშირებულ უფლებებთან მიმართებით:

  • «ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია» (მუხ. 17.1).
  • «ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა» (მუხ. 14).
  • «ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას» (მუხ. 20.1)

კანონები:

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი არის პირველი კანონი, რომელიც არეგულირებს გენურ თერაპიას და ადამიანის კლონირებას.

52-ე მუხლის თანახმად, გენური თერაპია დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ:

  • მისი მიზანია ფატალური დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  • არ არსებობს მკურნალობის სხვა, უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდი;
  • მიღებულია პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში,ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფორმებული ინფორმირებული თანხმობა;
  • მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონე შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, რომ მკურნალობა არ გამოიწვევს ადამიანის შთამომავლობის გენომის არასასურველ შეცვლას.

მუხ. 142.1 კრძალავს ადამიანის კლონირებას. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონზე (რომელიც მიღებულ იქნა 1997 წლის 10 დეკემბერს) ზეგავლენა მოახდინა ევროპის საბჭოს ოქმმა ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ოქმი ხელმოსაწერად გაიხსნებოდა. აღნიშნული მუხლის საქართველოს კანონმდებლობაში შემოტანაზე კი ზეგავლენა მოახდინა ევროპის საბჭოს დებატებმა ოქმის პროექტზე 1997 წელს. აქედან გამომდინარე, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კრძალავენ ადამიანის კლონირებას. თუმცა, საქართველოს კანონის ტექსტი არ ემთხვევა ოქმისას.

კლონირების ამკრძალავი ოქმი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2001 წლის 1 მარტს, ისევე როგორც 4 ქვეყნისთვის, რომლებსაც ქონდათ რატიფიცირებული ოქმი. საქართველო იყო მე-5 ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ოქმის რატიფიცირება და ამით რატიფიკაციების მინიმალური რაოდენობა მოგროვდა მის ძალაში შესასვლელად.

საქართველოს კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ შეიცავს ცალკე თავს (VI) «უფლებები გენეტიკური კონსულტაციისა და გენური თერაპიის სფეროში».

ამ თავის დებულებები მჭიდრო კავშირშია ევროპის საბჭოს კონვენციასთან ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ (იხ. ქვემოთ).

კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას მისი გენეტიკური მემკვიდრეობის ნიშნით (მუხ. 31).

მუხ. 32 განსაზღვრავს გენეტიკური ტესტირების ორ შესაძლო მიზანს: პაციენტის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა.

კანონი ნებადართულად აცხადებს ჩარევას მხოლოდ დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პრევენციის მიზნით და თუ იგი არ ითვალისწინებს პაციენტის შთამომავლობის გენომის შეცვლას (მუხ. 33).

დაბოლოს, კანონი კრძალავს სქესის ხელოვნურ შერჩევას გარდა იმ შემთხვევებისა, «როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება» (მუხ. 34).

) დამხმარე აქტები

არ არსებობს დამხმრე აქტები ამ საკითხთან დაკავშირებით.

) შესაბამისი მუხლები ეთიკის კოდექსიდან

ეთიკის კოდექსი არ შეიცავს შესაბამის დებულებებს.

) სხვა წყაროები 

კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ კრძალავს ადამიანის ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციას მისი გენეტიკური მემკვიდრეობის მიხედვით (მუხ. 11).

«გენეტიკური დაავადების განვითარების შესაძლებლობის ან დაავადების განმაპირობებლი გენის, ან დაავადებისადმი წინასწარგანწყობის ან მიდრეკილების განსაზღვრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიზანია ჯანმრთელობის დაცვა ან ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა და საჭიროებს სათანადო კონსულტაცია გენეტიკის საკითხებზე» (მუხ. 12).

მე-13 მუხლი მოითხოვს, რომ «ადამიანის გენომის მოდიფიცირებისათვის განსაზღვრული ჩარევა დასაშვებია მხოლოდ დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პრევენციის მიზნით და მხოლოდ იმა შემთხვევაში, თუ ეს არ ითვალისწინებს პაციენტის შთამომავლობის გენომის ნებისმიერი სახით შეცვლას.»

დაბოლოს, კონვენცია კრძალავს სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენებას. ერთადერთი გამონაკლისი ამ წესიდან არის ის შემთხვევები, «როცა აუცილებელია სქესთან დაკავშირებული მძიმე მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება». (მუხ, 14)

როგორც ზემოთ განვიხილეთ, ევროპის საბჭოს სხვა ინსტრუმენტი – დამატებითი ოქმი ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ – საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2001 წლის 1 მარტს.


1 სახელმწიფო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ www.moh.gov.ge

2 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი VII, ხარისხიანი მომსახურების გაწევის ვალდებულება

3 პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე ცვლილებები კანონებში «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» და «პაციენტის უფლებების შესახებ» შევიდა 2007 წლის 8 მაისს, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარების ინიციატორების ძალისხმევის შედეგად.

4 დეტალებისთვის იხ. თავი VIII

4 მუხლი 103, საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, 1997.

5 მუხლი 10, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2000.

6 კომენტარი პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შესახებ აქტზე, კარლ ესპერსონი, შვედეთის პაციენტთა დაზღვევის ასოციაცია, 2000.