4.4 გასაჩივრების პროცედურა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

31. ივლ, 2011 / 4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

წინამდებარე სექცია შეიცავს ამონარიდებსა და განახლებულ ინფორმაციას პუბლიკაციიდან გაცხადებული მკვლელობები, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევები კეიტ ტომპსონისა და კამილ გიფარდის ავტორობით (გამოქვეყნებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ, ესსექსის უნივერსიტეტი).

რა არის დასაშვებობის მოთხოვნები?

განაცხადი გამოცხადდება დაუშვებლად თუ:
• განაცხადი არის ანონიმური;

• განაცხადის წარდგენა არ მომხდარა საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან ექვის თვის განმავლობაში;

• განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელია, ან წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას;

• განაცხადი არ შესაბამება კონვენციის დებულებებს;

• განაცხადი არსებითად იგივეა რაც საკითხი, რომელიც უკვე განხილული იყო სასამართლოს მიერ ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების სხვა ინსტანციას და არ შეიცავს შესატყვის ახალ ინფორმაციას;

• არ არის ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საშუალებები არაეფექტური ან უმიზეზოდ გაჭიანურებულია.

2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, კონვენციის მე-14 ოქმით (ევროპის საბჭოს ხელშეკრულებათა სერიები No. 194), დადგენილი დასაშვებობის ახალი მოთხოვნა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რომ დაუშვებლად ცნოს განაცხადი, თუ განმცხადებელს არ მიდგომია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა მოითხოვს განაცხადის არსებითად განხილვას და იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია ისეთი საქმის უკუგდება, რომელიც სათანადოდ არ განხილულა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოს მიერ (მე_14 ოქმის მე_ 12 მუხლი, რომელიც ცვლის კონვენციის 35 მუხლს). იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი საქმეების უკუგდება, რომლებიც არსებით განხილვას საჭიროებს, ერთ მოსამართლესა და კომიტეტებს არ შეუძლიათ ამ ახალი კრიტერიუმის გამოყენება მე-14 ოქმის ძალაში შესვლიდან პირვლი ორი წლის განმავლობაში (ოქმის მე_20 მუხლი).

რას უნდა მოიცავდეს თქვენი განაცხადი/სარჩელი?

თქვენი თავდაპირველი განაცხადი/სარჩელი უნდა მოიცავდეს:
• თქვენი საჩივრების მოკლე შეჯამებას;
• მითითებას, კონვენციის რომელი მუხლი დაირღვა თქვენი აზრით;
• მითითებას, სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, რომლებიც თქვენ გამოიყენეთ;
• თქვენს საქმესთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, ინფორმაციას ვის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები და როგორია მათი შინაარსი (თან დაურთეთ თითოეული გადაწყვეტილების ასლი).

თუ მოგვიანებით თქვნ მიიღებთ განაცხადის ფორმას, უნდა მიყვეთ იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მითითებულია ფორმასა და თანდართულ წერილში.

ცხრილიძირითადი ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ

ისტორია: როდის შეიქმნა?

როდის დაიწყო ფუნქციონირება?

1950 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის გადახედვაც მოხდა 11 ოქმის მეშვეობით, 1994

განახლებული სისტემის მიხედვით 1998 წელს

შემადგენლობა: რამდენი პირისგან შედგება
იგი?ეს პირები დამოუკიდებელი ექსპერტები არიან თუ სახელმწიფოს წარმომადგენლები?
იმდენი მოსამართლეა, რამდენი წევრი სახელმწიფოც ჰყავს კონვენციას

დამოუკიდებელი ექსპერტები

ისტორია: ძირითადი ამოცანა

ფუნქცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევათა შესახებ საჩივრების განხილვა

სახელმწიფოთშორისი საჩივრები (სავალდებულო) (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 33)

ინდივიდუალური საჩივრები (სავალდებულო) (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 34)

ფაქტების დადგენა (მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრების კონტექსტში და როგორც ფაკულტატური პროცედურული ნაბიჯი)

ცხრილი: კონვენციით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის შეტანის პროცე
დურის ძირითადი ქრონოლოგია

თქვენი თავდაპირველი განაცხადი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მოკლე რეზიუმეს, იგზავნება სასამართლოში.
თქვენ შეიძლება მოგთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა; თუ დადგინდება, რომ შესაძლებელია, საქმე სასამართლოს განხილვას დაექვემდებაროს, თქვენ გამოგეგზავნებათ განაცხადის ფორმა. თქვენს მიერ შევსებული ფორმა, მიღებისთანავე დარეგისტრირდება და წარედგინება სასამართლოს.

დარღვევის შესახებ განცხადებები წარედგინება მთავრობას, რომელსაც სთხოვენ წარმოადგინოს შუამდგომლობები განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით. თქვენ პასუხობთ მთავრობის შუამდგომლობებს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით (ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლომ შეიძლება გამართოს მოსმენა დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად).

მორიგების შესაძლებლობა მხარეებს სთხოვენ ნებისმიერი შემდგომი შუამდგომლობის წარდგენას საქმის არსებით მხარესთან ან დამატებით მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

სასამართლო განიხილავს საქმის არსებით მხარეს და იღებს განჩინებას, შესაძლებელია ღია სასამართლო მოსმენის გამართვის შემდეგ.

როგორც წესი, განჩინების გამოტანისას, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა, შეუძლია გადადოს ამ გადაწყვეტილების მიღება შემდგომი ეტაპისათვის. წევრმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს განჩინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით.

ცხრილიძირითადი ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ

ვის შეუძლია ამ პროცედურით გათვალისწინებული განაცხადის შეტანა? ფიზიკურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირთა ჯგუფებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი; განაცხადი შესაძლებელია შეიტანოს მსხვერპლის ახლო ნათესავმა, როდესაც უშუალოდ მსხვერპლს არ შეუძლია ამის გაკეთება, მაგალითად, თუ ის დაიკარგა ან გარდაიცვალა.
არსებობს რაიმე შეზღუდვა განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით? განაცხადი შეტანილ უნდა იქნას საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან ექვსი თვის ვადაში.
შეიძლება თუ არა ამ პროცედურით გათვალისწინებული განაცხადის შეტანა, თუ თქვენს მიერ უკვე შეტანილია განაცხადი სხვა პროცედურის ფარგლებში იმავე ფაქტებთან დაკავშირებით? არა
გჭირდებათ თუ არა იურიდიული წარმომადგენლობა? იურიდიული წარმომადგენლობა არ არის საჭირო განაცხადის შეტანის დროს, თუმცა საჭიროა პროცედურებისათვის, რომელიც მოსდევს საქმის დასაშვებად ცნობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს პრეზიდენტი იძლევა გამონაკლისის სახით ნებართვას, რომ განმცხადებელი თავად იყოს წარმომადგენელი საკუთარი საქმეში.
არის თუ არა ფინანსური დახმარების მიღება შესაძლებელი? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შესახებ ეცნობა მთავრობას; განმცხადებელმა უნდა შეავსოს დეკლარაცია მისი საარსებო წყაროების შესახებ, რომელსაც ხელს მოაწერს შიდასახელმწიფოებრივი იურიდიული დახმარების საბჭო, რადგან იურიდიული დახმარების გაწევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამის საჭიროება ფინანსური თვალსაზრისით.
მიიღება თუ არა ინფორმაცია ამიცუს ცურია ფორმით? დიახ, შესაბამისი ნებართვის არსებობისას (სასამართლოს პროცედურები, წესი 61)
ვისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია განაცხადის შესახებ? როგორც წესი, სამართალწარმოება ღიაა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პალატის თავმჯდომარემ სხვა რამ არ გადაწყვიტა. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც განმცხადებელს არ სურს, რომ მისი ვინაობა საჯაროდ იყოს ცნობილი და ის წარადგენს განცხადებას, რომლითაც ახსნის ამის მიზეზებს, პრეზიდენტმა შესაძლებელია დაუშვას ანონიმურობა.
რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა? რამდენიმე წლის განმავლობაში.
რა ზომების მიღებაა შესაძლებელი სასამართლოსათვის გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების გაწევის მიზნით, თუ ასეთი რამ საერთოდ დასაშვებია? ფაქტის დამდგენი მოსმენები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი შესაგებლები და ზეპირი მოსმენები.
არის თუ არა დროებითი ან სასწრაფო ზომების მიღება შესაძლებელი? დიახ, თუმცა ეს არის პრაქტიკა, რომელიც სასამართლომ განავითარა და რომელსაც არ გააჩნია რაიმე საფუძველი კონვენციაში. ეს პრაქტიკა გამოიყენება მხოლოდ ძალიან სპეციფიურ შემთხვევებში, ძირითადად იმიგრაციის/დეპორტაციის დროს, როდესაც პირი დგას „რეალური რისკის“ წინაშე (სასამართლოს პროცედურები, წესი 39).

სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპები

• თავდაპირველი პროცედურის შესაბამისად, რომელიც 1998 წელს შეიცვალა, საქმის განხილვა საწყის ეტაპებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში გადიოდა. თუ თქვენ გსურთ მოიძიოთ რომელიმე კონკრეტულ საკითხი კონვენციასთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალში, დაიმახსოვრეთ, რომ უნდა მოძებნოთ კომისიის ანგარიშები და ასევე სასამართლოს განჩინებები.

• თუ ექვს თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც განაცხადი უნდა იყოს წარდგენილი უკვე გადის, და აღარ რჩება დრო სრული განაცხადის მოსამზადებლად, უნდა გააგზავნოთ ე.წ. „შეაჩერეთ დრო“ განაცხადი, რომელიც აღწერს თქვენი საჩივრის მოკლე შინაარსს. ამგვარი განაცხადის გაგზავნას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოყვეს სრული განაცხადის წარდგენა.

• სასამართლოს მიერ დადგენილი ბოლო ვადის დაცვის მიზნით, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლო განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევს არა მიღების თარიღს, არამედ გაგზავნის თარიღს. თუმცა, სასურველია ბოლო ვადის გასვლამდე ელ-ფოსტით, ტელეფონით ან განაცხადის თავფურცელის სახით დართული წერილის ასლის ფაქსით გაგაზავნის მეშვეობით მოხდეს სასამართლოს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ განაცხადი უკვე გაიგზავნა.

• სასამართლოს შეუძლია, საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის მოთხოვნით, მიიღოს ნებისმიერი მტკიცებულება, რომელსაც ის საქმისათვის სასარგებლოდ მიიჩნევს, მათ შორის შეუძლია ფაქტების დასადგენად ჩაატაროს სასამართლო მოსმენა. თუ ამგვარი ზომების მიღებას მოითხოვს რომელიმე მხარე, როგორც წესი, ეს მხარე ანაზღაურებს შესაბამის ხარჯებს, თუმცა პალატას შეუძლია სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებაც. თუ ამ ხარჯების გაღება არ გსურთ, სასურველია თქვენი წერილის ფორმულირება ფრთხილად მოახდინოთ – მაგალითად, შესთავაზოთ სასამართლოს, რომ შესაძლოა მას სურდეს განახორციელოს დისკრეცია იმ მიზნით, რომ მიიღოს ზომები მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

• სასამართლო თავისი საქმიანობის უმეტეს ნაწილს ახორციელებს შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატების მეშვეობით. როდესაც საქმე უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხს, ან შესაძლოა ეხებოდეს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით სასამართლოს შეხედულებათა ცვლილებას, ის შეიძლება გადაეცეს 17 მოსამართლისაგან შემდგარ დიდ პალატას. მას შემდეგ, რაც პალატა საქმეს განიხილავს და გამოიტანს გადაწყვეტილებას, გამონაკლის შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა გადასინჯვისათვის (სასამართლოს პროცედურა, წესი 73).

• 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმის შესაბამისად (მუხლი 6), სასამართლო განახორციელებს საქმიანობას შემდეგი სტრუქტურის მიხედვით: (1) საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე, რომელსაც დაეხმარება მომხსენებელი სამდივნოდან, შეძლებს დაუშვებლად ცნოს ან ამორიცხოს სასამართლოს განსახილველი საქმეების ნუსხიდან ინდივიდუალური განაცხადი ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც განაცხადის დაუშვებლობა აშკარაა დასაწყისშივე. (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 ოქმის მე-7 მუხლი, რომელიც გახდება 27 მუხლი);

(2) სამი მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტები მიიღებენ გადაწვეტილებას გამარტივებული პროცედურით, როგორც განაცხადის დასაშვებობასთან, ისე საქმის არსებითად განხილვასთან დაკავშირებით, თუ საქმის ძირითადი საკითხი უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრეცედენტული სამართლით, ანუ საქმეებზე, რომლებსაც პალატა ერთგვაროვნად წყვეტს (მე-14 ოქმის მე-8 მუხლი, რომელიც გახდება კონვენციის 28 მუხლი); (3) შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატა გამოიტანს ერთობლივ გადაწყვეტილებას იმ ინდივიდუალური
განაცხადების როგორც დასაშვებობაზე ისე არსებითად განხილვაზე, რომელთა განხილვაც არ მომხდარა 27 ან 28 მუხლების შესაბამისად (14 დამატებითი ოქმის მე-9 მუხლი, რომელიც ცვლის კონვენციის მოქმედ 29 მუხლს). (4) ჩვიდმეტი მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მას გადაეცა პალატის მიერ და ეხება კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხს, ან თუ პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეუთავსებელი შედეგი (კონვენციის 30 და 31 მუხლები).

• კონვენციის მე-14 ოქმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეუძლია წერილობითი კომენტარების წარდგენა და საქმის მოსმენაში მონაწილეობის მიღება პალატისა და დიდი პალატის წინაშე წარდგენილ ყველა საქმესთან დაკავშირებით. (მე-13 მუხლი, რომელიც ცვლის კონვენციის 31 მუხლს). ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ საქმეებთან მიმართებით, სადაც კომისრის გამოცდილება შესაძლოა დაეხმაროს სასამართლოს რესპოდენტი ან სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის სტრუქტურული ან სისტემური პრობლემების გამოვლენაში. (ოქმის მე-13 მუხლი).

• შესაძლებელია განჩინების განმარტების მოთხოვნა მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში (სასამართლოს პროცედურა, წესი 79). ასევე შესაძლებელია განჩინების გადასინჯვის მოთხოვნა, თუ არსებობს მნიშვნელოვანი ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოთხოვნა შესაძლებელია ამგვარი გარემოებების აღმოჩენიდან ექვის თვის განმავლობაში (სასამართლოს პროცედურა, წესი 80).