3.2 ძირითადი წყაროები

31. ივლ, 2011 / 3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

» ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კონვენცია: კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ (1997)1 ასახავს პაციენტის უფლებათა ცალკეულ პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება წინაპირობას, რომ არსებობს «ადამიანის, როგორც ინდივიდის პატივისცემის და მისი ადამიანური ღირსების დაცვის აუცილებლობა.» კონვენცია იურიდიულად სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისთვის.

ძირითადი დებულებები მოიცავს შემდეგს:

  • სათანადო და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვა (მუხ.3);
  • თანხმობის უფლების დაცვა (თავი II, მუხ. 5-9);
  • პირადი ცხოვრების და ინფორმაციის მიღების უფლება (თავი III, მუხ. 10).

» ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია2  (ECHR)

ადამინის უფლებათა ევროპული კონვენცია არის მთავარი ინსტრუმენტი უფლებათა დასაცავად, რომელიც რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს ყველა წევრ-სახელმწიფოს მიერ. მისი აღსრულება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომლის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილებები ხშირად მოიცავს ფულად კომპენსაციას დაზარალებულისთვის.

შესაბამისი მუხლები მოიცავს:

  • მუხ. 2 (სიცოცხლის უფლება);
  • მუხ. 3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა);
  • მუხ. 5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება);
  • მუხ. 6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება);
  • მუხ. 8 (პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება);
  • მუხ: 13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება);
  • მუხ. 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა);

» წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია

მუხლი 1: აფუძნებს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულ კომიტეტს, რომელიც ვიზიტების საშუალებით მონიტორინგს უწევს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არსებული პირობებისა და მოპყრობის შესაბამისობას კონვენციასთან.

» ევროპული სოციალური ქარტია 1961 . და 1996 .

ევროპული სოციალური ქარტია არის წამყვანი რეგიონული ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის ინსტრუმენტი და მასზე ზედამხედველობას ახდენს სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, პერიოდული სახელმწიფო ანგარიშების განხილვითა და კოლექტიური საჩივრებით. ქარტია თავდაპირველად შემუშავდა 1961 წელს და ძირეულად გადაისინჯა 1996 წელს, თუმცა, ზოგიერთ სახელმწოფოს არ მოუხდენია ქარტიის ბოლო ვარიანტის რატიფიცირება და აქვთ უფლება აირჩიონ მათთვის მისაღები მუხლები.

თუ მხედველობაში მივიღებთ ბევრი დებულების ზოგად ხასიათს, აგრეთვე სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის პროგრესულ/ლიბერალურ მიდგომას, პაციენტის უფლებათა დაცვა შეიძლება რიგი დებულებების ჭრილში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფოს არ უღიარებია სპეციალური ჯანმრთელობის დაცვის გარანტიები.

შესაბამისი მუხლები მოიცავს:

  • მუხ. 11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება);
  • მუხ. 13 (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება);
  • მუხ. 14 (სოციალური დაცვის სამსახურით სარგებლობის უფლება);
  • მუხ.15 (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება);
  • მუხ. 16 (ოჯახის სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის უფლება);
  • მუხ. 17 (ბავშვების და ახალგაზრდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის უფლება);
  • მუხ. 19 (მიგრანტი მუშების და მათი ოჯახის დაცვა და დახმარება);
  • მუხ. 23 (ხანდაზმულთა სოციალური დაცვის უფლება).

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული უფლებები განუყოფლად უკავშირდება მათ შესაბამის გარანტიებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რადგან ,,ადამიანის ღირსება არის ფუნდამენტური ღირებულება და ევროპული ადამანის უფლებათა პოზიტიური სამართლის არსი. ჯანმრთელობის დაცვა კი ადამიანის ღირსების პატივისცემის წინაპირობაა.»3

ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ 19954

ეს იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულება უზრუნველყოფს ყველა ეთნიკური და სხვა სახის უმცირესობათა თანასწორ მოპყრობას.

შესაბამისი დებულებები მოიცავს:

  • მუხ. 4(2) (სათანადო ზომების მიღება ეროვნულ უმცირესობათა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში სრული და ეფექტური თანასწორობის ხელის შესაწყობად, მათი სპეციფიური მდგომარეობის გათვალისწინებით).

» მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია NR (2000) 5 წევრ სახელმწიფოებს: სტრუქტურების ჩამოყალიბება მოქალაქეების და პაციენტების მონაწილეობისთვის მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. 5

მიუხედავად მათი არასავალდებულო ხასიათისა, რეკომენდაციებს აქვთ ძლიერი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა. რეკომენდაციები ხაზს უსვამს ყველა ადამიანის ეფექტური მონაწილეობის საჭიროებას, განსაკუთრებით კი მრავალფეროვან და მულტიკულტურულ საზოგადოებებში, სადაც ხშირად ხდება ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზება.

ევროკავშირი

» ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია6, რომელსაც ხელი მოეწერა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 2000 წლის 7 ნოემბერს, ევროკავშირის ისტორიის მანძილზე პირველად, ერთ ტექსტში მოიცავს ევროკავშირის მოქალაქეთა და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მთელ რიგ სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს. იგი შევიდა ევროპის 2004 წლის 18 ივნისის კონსტიტუციის პროექტის მეორე ნაწილში. ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტის უარყოფის შემდეგ მოხდა ქარტიის ადაპტირება და გამოცხადდა 2007 წლის 12 დეკემბერს სტრასბურგში ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, რომელიც ქარტიას ანიჭებს იურიდიულად სავალდებულო ძალას.

ქარტიის სრული მოქმედება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის კვლავ გაურკვეველია, თუმცა, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისთვისაც იგი არის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კავშირში შესვლის პროცესში არიან.

მთავარი დებულება:

• მუხ. 35 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება, როგორც ,,პრევენციული ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უფლება და სამედიცინო მკურნალობით სარგებლობის უფლება ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად». მუხლი აზუსტებს, რომ ევროკავშირმა ,,ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხი» უნდა უზრუნველყოს»)

სხვა შესაბამისი დებულებები მოიცავს:
• მუხ. 1 (ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა);

• მუხ. 2 (სიცოცხლის უფლება);

• მუხ. 3 (ადამინის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება);

• მუხ. 6 (უსაფრთხოების უფლება);

• მუხ. 8 (პირადი მონაცემების დაცვის უფლება);

• მუხ. 21 (დისკრიმინაციის აკრძალვა);

• მუხ. 24 (ბავშვის უფლებები);

• მუხ. 25 (ხანდაზმულთა უფლებები);

• მუხ. 34 (სოციალური დაცვისა და სოციალური დახმარების უფლება);

• მუხ. 37 (დაცულ გარემოში ცხოვრების უფლება);

• მუხ. 38 (მომხმარებლის უფლებათა დაცვა)

» ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დირექტივა პაციენტის უფლებების შესახებ ჯანმრთელობის საერთაშორისო დაცვაში7

დიდ ხნიანი დაყოვნების შემდეგ, დირექტივის ეს პროექტი, წევრ-სახელმწიფოებს შორის ჯანმრთელობის დაცვის მხრივ თანამშრომლობის გაუმჯობესების წინადადებასთან ერთად, ევროპული კავშირის კომისიამ 2008 წლის 2 ივლისს მიიღო. მისი მიზანია მოახდინოს სამართლებრივი განმარტება ამ საკითხის შესახებ და თავიდან აიცილოს პოტენციური სასამართლო პროცესები, რადგანაც ევროკავშირის ხელშეკრულება უფლებას აძლევს კერძო პირებს ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვით სხვა წევრ-სახელმწიფოებში (ეს პრინციპი დამტკიცდა ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებით).

ხელშეკრულების ძირითადი დებულებები მოიცავს შემდეგს:

პაციენტებს აქვთ უფლება, მკურნალობისთვის მიმართონ სხვა წევრ-სახელმწიფოს გადახდის იმავე პირობებში, რაც მათ ექნებოდათ საკუთარ ქვეყანაში. დირექტივა განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უფლებების რეალიზაცია, მათ შორის მიუთითებს იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც წევრ-სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ საკუთარი საზღვრების გარეთ ჯანმრთელობის დაცვასთან და შესაბამის მატერიალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
წევრი სახელმწიფოები პასუხს აგებენ მათ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვაზე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ სხვა წევრ-სახელმწიფოში მიღებული მკურნალობის ხარისხი და უსაფრთხოება რეგულარულად მოწმდება და ეფუძნება ჯანსაღ სამედიცინო პრაქტიკას.

პრეს-რელიზში კომისიამ განაცხადა, რომ დირექტივა «უზრუნველყოფს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მოხდეს ევროპული თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალის სტიმულირება და გაუმჯობესდეს ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა და ქმედითობა.»
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპულმა ალიანსმა (EPHA) დირექტივის პროექტის რამდენიმე საკითხზე გამოთქვა უკმაყოფილება, მათ შორის პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით. კომისია შიშობს, რომ დირექტივამ შეიძლება ფინანსების დაზოგვის საშუალება მისცეს მხოლოდ გარკვეულ მცირე ჯგუფს, რომელთაც უკვე აქვთ საკმარისი სახსრები «ჯანდაცვის ტურიზმისთვის» და ვერ უზრუნველყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანისთვის.

არასახელშეკრულებო ინსტრუმენტები

» პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია8

,,ჩვენ, ევროპის მოქალაქეები, არ დავუშვებთ, რომ უფლებები განმტკიცდეს თეორიულად, მაგრამ დაირღვეს პრაქტიკაში არასაკმარისი ფინანსების გამო. ფინანსური შეზღუდვა, რაოდენ გამართლებულიც არ უნდა იყოს იგი, ვერ მოახდენს პაციენტის უფლებათა უარყოფის, ან ამ მხრივ დათმობებზე წასვლის ლეგიტიმაციას. ჩვენ ვერ შევურიგდებით იმას, რომ ეს უფლებები დააწესოს კანონებმა, მაგრამ შემდეგ არ მოხდეს მათი დაცვა, ჩაიდოს საარჩევნო პროგრამებში, მაგრამ დავიწყებას მიეცეს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.»9
2002 წელს ევროპული სამოქალაქო, სამომხმარებლო და პაციენტთა ორგანიზაციების ქსელის – აქტიური მოქალაქეობის ქსელი – მიერ შემუშავებული ეს ქარტია არის პაციენტის უფლებათა ყოვლისმომცველი განცხადება. ეს განცხადება იყო ნაწილი ევროპაში პაციენტთა მოძრაობის, რათა მათ ეთამაშათ უფრო აქტიური როლი ჯანდაცვის სერვისების ფორმირებასა და უზრუნველყოფაში. აგრეთვე იყო მცდელობა, რომ რეგიონალური დოკუმენტები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ გამოხატულიყო სპეციფიკური დებულებების სახით. 10

ქარტია განსაზღვრავს 14 რისკის ქვეშ არსებულ უფლებას: პრევენციული ღონისძიებების გატარების უფლება, ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის მიღების უფლება, პაციენტის თანხმობა, თავისუფალი არჩევანი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კონფიდენციალობა, პაციენტის დროის პატივისცემა, ხარისხის სტანდარტების დაცვა, უსაფრთხოება, განათლება, ტანჯვის და ტკივილის აცილება, პერსონალური მკურნალობა, საჩივრების შეტანა და კომპენსაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქარტია იურიდიულად სავალდებულო არ არის, პაციენტის უფლებათა დამცველი ჯგუფების ძლიერი ქსელი ევროპის მასშტაბით წარმატებით ლობირებდა ხელისუფლებასთან, რათა ეცნო და მიეღო ქარტიაში ჩამთვლილი უფლებები. ქარტია აგრეთვე გამოიყენება, როგორც სახელმძღვანელო ევროპაში ჯანდაცვის სისტემის მონიტორინგისა და შეფასებისთვის.

» ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია ევროპაში პაციენტთა უფლებების ხელშეწყობის შესახებ: ევროპული კონსულტაციები პაციენტის უფლებათა შესახებ, ამსტერდამი11
«თავისი კომპეტენციითა და რეგულირების სფეროთი, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს გამოხატოს ადამიანთა მისწრაფება არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების კუთხით, არამედ მათი, როგორც პაციენტების, უფლებათა უფრო მეტი პატივისცემით. ამისათვის, დოკუმენტი მხედველობაში იღებს არა მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებათა თვალთახედვას, არამედ პაციენტებისასაც. ეს გულისხმობს უფლებათა და მოვალეობათა ერთმანეთის შემავსებელ ხასიათს: პაციენტებს აქვთ საკუთარ თავზე მზრუნველობის ვალდებულება და ვალდებულება ჯანდაცვის დაწესებულების მიმართ. ჯანდაცვის მომწოდებლებიც, თავის მხრივ, სარგებლობენ იმავე უფლებებით, რითაც ყველა ადამიანი. ტექსტის თანახმად, პაციენტის უფლებათა ხელშეწყობა უბიძგებს პირებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს, როდესაც იღებენ ან გასცემენ სამედიცინო სერვისებს. ეს ხელს შეუწყობს პაციენტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთ პატივისცემასა და მხარდაჭერას.»

დეკლარაცია შეიმუშავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ოფისმა 1994 წელს. იგი არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული, დეკლარაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დოკუმენტს.

დეკლარაციის იდეოლოგიური საფუძველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სოციალური ქარტია. ამიტომ, დეკლარაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის მიღების უფლებას, ინფორმირებულ თანხმობას, კონფიდენციალურობას, პირადი ცხოვრების უფლებას, მზრუნველობისა და მკურნალობის მიღების უფლებებს.

» 1996 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიუბლიანას ქარტია12

ეს ქარტია არეგულირებს მთელ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს, რათა უზრუნველყოს, რომ ,,ჯანდაცვის სისტემა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულ იქნას ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.»13 კონკრეტულად, იძლევა რეკომენდაციას, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იყოს ადამიანის საჭიროებებზე მიმართული და მოუწოდებს პაციენტებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ პოზიტიური ცვლილებების დანერგვაში (პარაგრაფი 5.3)


1 ტექსტი იხილეთ http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/164.htm

2 ტექსტი იხილეთ http://www.hri.org/docs/ECHR50.html

3 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია საფრანგეთის წინააღმდეგ (FIDH – Fédération Internationale des Droits de l’Homme) v France (14/2003) § 31

4 ტექსტი იხილეთ http://conventions.coe.int/treaty/en/Treaties/Html/157.htm

5 https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1062769&BackColorInternet=9999CC&BackColorIntranet

6 ტექსტი იხილეთ http://www.europarl.europa.eu/charter/default_en.htm

7 ec.europa.eu/health/ph_overview/co_operation/health care/cross-border_health care_en.htm

8 ტექსტი იხილეთ http://www.activecitizenship.net/health/european_charter.pdf

9 პრეამბულა

10 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარმაცევტული კომპანია Merck & Co. აგრეთვე აფინანსებდა მოძრაობას.

11 ტექსტი იხილეთ www.who.int/genomics/public/eu_declaration1994.pdf

12 ტექსტი იხილეთ: http://www.bmj.com/cgi/content/full/312/7047/1664

13 პარაგრაფი 2