საქართველოში 28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოში 28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

29. ივლ, 2011 / მთავარი

იცოდე! შეცვალე! დაიცავი!- ამ მოწოდებით 28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და „მსოფლიო ექიმები” ( საფრანგეთის) მხარდაჭერით „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” და „კოალიციამ – ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” აღნიშნეს.

С ჰეპატიტის დღისადმი მიძღვნილი კამპანია მიზნად ისახავდა C ჰეპატიტის საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას.

ღონისძიებები ერთდროულად საქართველოს 4 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თბილისში მიმდინარეობდა.

ეს დღე ყველა ქალაქში პრესკონფერენციებით გაიხსნა. შემდეგ კი მრგვალი მაგიდები გაიმართა, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას იღებდნენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის, სასჯელაღსრულების ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

თბილისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ბატონმა ანდრია ურუშაძემ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნატო ავალიანმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელმა ლალი შარვაძემ, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელმა ირმა ხაბაზმა, ორგანიზაცია “ჰეპა+”-ს და “ახალი ვექტორი”-ს წარმომადგენლებმა კოკა ლაბარტყავამ და კონსტანტინე რუხაძემ.

მრგვალ მაგიდაზე ნაჩვენები იყო C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების ვიდეო ისტორიები; მომხსენებლებმა მიმოიხილეს C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხები. შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პეტიცია, რომელიც მრგვალი მაგიდის მონაწილეები ხელმოწერით შეუერთდნენ. ხელმოწერები შეგროვების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს გადაეცემა. იგივე პეტიცია განთავსებულია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”-ც, სადაც ხელმოწერები ელექტრონულ გროვდება. ამ ეტაპზე უკვე 7000 ხელმოწერაა დაფიქსირებული.

გარდა ფორმალური შეხვედრებისა, 28 ივლისს, ქუჩის აქციებიც გაიმართა, სადაც მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და შეგროვდა ხელმოწერები. აქცია რუსთაველის გამზირის, ლესელიძისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გავლით რიყის პარკში ჩატარდა. ამავე დღეს აქციის მონაწილეებმა რიყეზე მოძრავი კედლები მოხატეს და ჰაერში ფერადი ბუშტები გაუშვეს.

28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.