17 ნოემბერი – დღენაკლულბავშვთა მსოფლიო დღე

17 ნოემბერი – დღენაკლულბავშვთა მსოფლიო დღე

17. ნოე, 2013 / მთავარი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად იბადება (ორსულობის 37 კვირის ვადამდე).

დღენაკლულ ახალშობილთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, როგორიცაა: ინდოეთი – 2959300; ჩინეთი – 981050; ნიგერია – 665080; პაკისტანი – 633640; ინდონეზია – 564350; ბანგლადეში – 355030, ფილიპინები – 295780 და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 291 750(ჯანმო 2012). საქართველოში ყოველი 13 ახალშობილიდან დაახლოებით 1 დღენაკლულია (ქალთა რეპროდუქციული კვლევა, საქართველოში 2010). დღენაკლულობა წარმოადგენს ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლული ახალშობილიდან მილიონამდე იღუპება 5 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევათა 75%-ის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურის და მკურნალობის გამოყენების გარეშე.

„ჩვენ ვიცით როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელთაც დღენაკლულობის პრობლემა წამოჭრის და მზად ვართ გავაერთიანოთ ყველა პარტნიორი გამოცდილი და ხარჯთ-ეფექტური მკურნალობისა და პრევენციის მეთოდების დასანერგად” – განაცხადა ბან კი-მუნმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. მისი ინიციატივით 2010 წელს დაიწყო გლობალური სტრატეგია ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ. ამ სტრატეგიის ფარგლებში მსოფლიოში მობილიზებულია 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი და 2015 წლისათვის მიზნად არის დასახული 16 მილიონი ახალშობილის გადარჩენა.

17 ნოებერი დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია: აამაღლოს საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერება დღენაკლულობასთან დაკავშირებულ სიკვდილობასა და შეზღუდულშესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, იმ მარტივ, კარგად აპრობირებულ და ხარჯთ-ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება დღენაკლულობის გართულებების თავიდან აცილება.

ამ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლულ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ოჯახები, რომლებმაც გამოსცადეს დღენაკლული ახალშობილის დაბადება, შეძლებენ გაუზიარონ საზოგადოებას თავიანთი ისტორიები და გამოცდილება თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგალითად facebook.com-ზე არსებული დღენაკლულთა საერთაშორისო დღის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლულ ახალშობილებს ეხება. დღენაკლულ ახალშობილთა მოვლის ერთ–ერთი იაფფასიანი, თუმცა მეტად ეფეტური მეთოდი, რომლის ხშირი გამოყენება საზოგადოდ არ ხდება, არის კენგურუს მეთოდი.

კენგურუს მეთოდი პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით მცირეწონიანი ახალშობილის კანით-კანზე კონტაქტი ხდება დედასთან, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების წამოწყებას და ახალშობილის გათბობას. დღენაკლული ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეულები სწრაფად კარგავენ სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციების და სიკვდილის ალბათობას. ექსპერტების მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად შეიძლება 450000 სიცოცხლე გადაარჩინოს.

დღენაკლულობის პრევენცია – თანამედროვეობის გამოწვევა

დღენაკლულობის შემთხვევაში დაავადების ტვირთის შესამცირებლად, აუცილებელია ვიპოვოთ გზები ორსულობის სრულ ვადამდე მიყვანისათვის, ან 39 კვირამდე მაინც. შესწავლილია რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, ასეთი რისკ–ფაქტორებია: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობის არსებობა, ქალის წონანაკლულობა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამოდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკ ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

ლიტერატურა:

1. World Prematurity Day highlights effective, low-cost care –http://www.who.int/maternal_child_adolescent/news_events/news/2012/world_prematurity_day/en/

2. ქალთა რეპროდუქციული ჯამრთელობის კვლევა, საქართველოში – 2010 წელი –http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/GERHS_2010_%20Final%20Report%20%20ENGL.pdf

3. WHO – Preterm Birth –  http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs363/en/

4. The worldwide incidence of preterm birth: a systematic review of maternal mortality and morbidity –http://who.int/bulletin/volumes/88/1/08-062554/en/

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=675