1.2 სახელმძღვანელოს მიმოხილვა

29. ივლ, 2011 / 1. შესავალი

პრაქტიკული სახელმძღვანელო
1. შესავალი
2. საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
3. პაციენტზე ზრუნვის ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სისტემა
4. საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები
5. ქვეყნის შესაბამისი შენიშვნები
6. პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში
7. პროვაიდერთა ეროვნული უფლებები და მოვალეობები
8. ეროვნული პროცედურები და დამატებები
ლექსიკონი/ტერმინთა საძიებელი

განმარტებითი სახელმძღვანელო იურისტებისათვის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” შედგება რვა თავისგან. II და III თავები მიმოიხილავს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ სამართლებრივ აქტებს, ასევ კონკრეტულ შემთხვევებსა და მაგალითებს.

თავები მიესადაგება როგორც პაციენტის, ასევე ჯანდაცვის პროფესიონალების უფლებებს.

ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, სიმართლის ცოდნის უფლება, ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების უფლება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება, ადეკვატური სამუშაო პირობების უფლება, პაციენტის უფლება, არ გახდეს წამების, სასტიკი, არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

IV თავში განხილულია ამ უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული პროცედურები.

V, VI, VII და VIII თავები მიმოიხილავს საქართველოს სპეციფიკას სხვადასხვა კუთხით. V თავში განხილულია შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული შეთანხმებები, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, ასევე, ამა თუ იმ ქვეყნების მაგალითები, ჯანდაცვის სამართლებრივი სისტემა.

VI თავი ეხება პაციენტის უფლებებსა და მოვალეობებს ევროპის ქარტიიდან გამომდინარე. ქარტია შეიქმნა 2002 წელს აქტიური მოქალაქეების ქსელის მიერ, რომელიც არის მომხმარებელთა და პაციენტთა ორგანიზაციების ევროპული სამოქალაქო ქსელი. ევროპის პაციენტის უფლებათა ქარტია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი არაა, მაგრამ იგი მიჩნეულია პაციენტის უფლებათა ყველაზე ნათელ და ყოვლისმომცველ დოკუმენტად. ქარტია ცდილობს გადაიტანოს ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დოკუმენტები 14 კონკრეტულ მუხლში: პრევენციული ზომების მიღების უფლება, ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის მიღების უფლება, ინფორმაციული თანხმობა, თავისუფალი არჩევანი, პირადი ცხოვრების პატივისცემა და კონფიდენციალობა, პაციენტის დროის პატივისცემა, ხარისხობრივი სტანდარტების დაცვა, უსაფრთხოება, ნოვაცია, არაგარდაუვალი ტკივილისა და ტანჯვის არიდება, ინდივიდუალური მკურნალობა, საჩივრის შეტანა და ზიანის ანაზღაურება. ეს უფლებები გამოიყენება, როგორც სახელმძღვანელო ევროპაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემების შეფასებისთვის და როგორც მოდელი ეროვნული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, მე-6 თავი იყენებს პაციენტის უფლებათა ევროპულ ქარტიაში მოცემულ უფლებებს, როგორც სახელმძღვანელო პრინციპებს. ამასთანავე, თითოეულ უფლებასთან მიმართებით გაანალიზებულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მუხლები. აღნიშნული უფლებები განმეორებით მითითებულია უფრო ზოგადი უფლებების განხილვისას საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების შესახებ თავებში. VII ეხება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის გაერთიანების თავისუფლებას, სამართლიან სასამართლო პროცესს, სათანადო სამუშაო პირობებსა და სხვა შესაბამის უფლებებს, რომლებიც ქვეყნების თავისებურებიდან გამომდინარეობს.

VIII თავი განიხილავს პროცედურულ მექანიზმებს პაციენტისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის უფლებებისა და მოვალეობების აღსრულებისთვის. პირველი ნაწილი მოიცავს საერთაშორისო და რეგიონულ მექნიზმებს, ხოლო მეორე _ ცალკეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ პროცედურებს. ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნაწილი მოკლედ განიხილავს სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ პროცედურებს და ალტერნატიულ მექანიზმებს, ასევე იმ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც კავშირში არიან თავისი საქმიანობით ადამიანის უფლებებთან და ჯანდაცვასთან (სახალხო დამცველის ოფისი, ეთიკის კომიტეტები და სხვა).

სახელმძღვანელოს ბოლო ნაწილი მოიცავს ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ტერმინების საძიებელს.

სახელმძღვანელოს გამოყენება

სახელმძღვანელო შექმნილია როგორც სასამართლოში დავის წარმოების დამხმარე მასალად, ასევე ტრეინინგებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო ძირითადად იურისტებისთვისაა შექმნილი, იგი შეიძლება საინტერესო იყოს აგრეთვე ექიმებისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის, ჯანდაცვის მენეჯერებისათვის და პაციენტებისათვის, რომელთაც სურთ უფრო ახლოს გაეცნონ პაციენტის და ჯანდაცვის მიმწოდებლის უფლებებისა და მოვალეობების იურიდიულ საფუძველს და აღსრულების მექანიზმებს.

ვებგვერდი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები მუდმივად იცვლება, ვითარდება და ამიტომ, საჭიროა სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა რეგულარულად. სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსია განთავსებულია და მასში პერიოდულად შევა ცვლილებები შემდეგ ვებგვერდზე: http://www.healthrights.ge

ავტორებისგან 

სახელმძღვანელოში შესული მასალა წარმოადგენს სამართლისა და მედიცინის ექსპერტთა ინტერდისციპლინური სამუშაო ჯგუფის შეხედულებას. სახელმძღვანელოს მიზანი არ არის ჩაანაცვლოს კვალიფიციური იურისტის სამართლებრივი კონსულტაცია. პირიქით, სახელმძღვანელო არის ავტორების მცდელობა, ასახონ სამართლისა და იურიდიული პრაქტიკის თანამედროვე პოზიცია, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში. ავტორები მზად არიან მიიღონ ნებისმიერი შენიშვნა შეცდომების, გამოტოვებული ინფორმაციის ან საჭირო დამატებების შესახებ, აგრეთვე შეკითხვები, თუ როგორ არეგულირებს კანონი ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებას.

როგორც სახელმძღვანელო გვიჩვენებს, ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში ჯერ კიდევ ახალი დარგია და ვითარდება. სახელმძღვანელოში მოცემული ბევრი დებულების ინტერპრეტაცია ჯერ არ მომხდარა სასამართლოების მიერ და კვლავ მზადაა გამოყენებისა და ინტერპრეტაციისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ადამიანის უფლებების პრაქტიკული გამოყენების მხრივ ვხვდებით მნიშნელოვან ხარვეზებს. ასე რომ, ეს სახელმძღვანელო არის იურიდიული კვლევის დასაწყისი და არ შეიცავს საბოლოო პასუხებს ადამინის უფლებებთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებით.