ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე

12. ოქტ, 2013 / მთავარი

12 ოქტომბერს, პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული წლევანდელი დევიზი ‘დავამსხვრიოთ მითები’ გულისხმობს, რომ უნდა გაქარწყლდეს ის წარმოდგენები, რაც პალიატიურ მზრუნველობასთან არის დაკავშირებული. არასწორი ინფორმაცია ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის შესახებ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რომ ამ მომსახურებით უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს.

სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო წელს უკვე მეხუთედ ერთვება ამ საერთაშორისო ინიციატივაში.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:

შაბათს, 15 საათზე, ალექსანდროვის ბაღში გაიმართება კონცერტი, რომელიც ახალგაზრდების ინფორმირებას ემსახურება.

კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს ვარსკვლავის მონაწილე მარიკო ლეჟავა, ასევე ვარსკვლავების აკადემიის კონკურსანტები ელენე კალანდაძე და სოფო ტოროშელიძე ბენდით ElDRINE.
შაბათს, 19:00 საათზე ‘თბილისი მარიოტის’ გალერეა ‘შარდენი’ უმასპინძლებს საქველმოქმედო ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების ცხოვრებას. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შემოწირულობების სახით დახმარება გაუწიონ საქართველოში არსებულ პალიატიური მზრუნველობის მომსახურების დაწესებულებებს.

პალიატიური მზრუნველობის შესახებ

პალიატიური მზრუნველობის მიზანია იმ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა.

ასეთი პაციენტები პალიატიური მზრუნველობის სერვისს იღებენ სპეციალურ დაწესებულებაში, ე.წ ჰოსპისში. დღესდღეობით, თბილისში ორი ჰოსპისი ფუნქციონირებს, ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში. არსებობს შინ მოვლის სამსახურებიც.

საქართველოში ჰოსპისის მომსახურება ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა, დაფინანსება და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს ბავშვთა ჰოსპისი. 10 ოქტომბერს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობა წელიწადში ესაჭიროება 0-15 წლამდე ასაკის 839 ბავშვს.

მითები, რომელიც პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებით არსებობს:

მითი: ჰოსპისში ყოფნა და პალიატიური მომსახურების მიღება ნიშნავს, რომ მალე გარდაიცვლები.

ფაქტი: ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს არ არის საჭირო. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს მომვლელის მიერ პაციენტზე ზრუნვას, მის მორალურ მხარდაჭერას, მძიმე დანაკარგის გამო ოჯახის თანაგრძნობას და კიდევ ბევრ სხვას. ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბევრი პაციენტი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ის პაციენტები, რომლებიც სტანდარტული მკურნალობის კურსს გადიან.

მითი: ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა მხოლოდ კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

ფაქტი: ჰოსპისით სარგებლობა და პალიატიური მზრუნველობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად ჰოსპისში მყოფი პაციენტების უმრავლესობა კიბოთი იყო დაავადებული, მაგრამ ჰოსპისების რაოდენობის და პალიატიური მზრუნველობის პროგრამების ზრდასთან ერთად, ასეთი სახის მომსახურების მიღება შესაძლებელი გახდა სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაც, მათ შორის, გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, ტვინის და მამოძრავებელი ნეირონის დაავადების მქონე პაციენტებისთვის და ძალიან დასუსტებული ხანდაზმულ ადამიანებისთვისაც.

მითი: პალიატიური მზრუნველობის მიღება მხოლოდ საავადმყოფოშია შესაძლებელი.

ფაქტი: პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მრავალ ადგილას სთავაზობენ, მათ შორის საავადმყოფოებში, ჰოსპისებსა და საკუთარ სახლებში.

ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას პაციენტებს უწევენ ყველგან, სადაც პალიატიური პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ზოგადად ეს არის ადგილი, რომელსაც “სახლს” ვუწოდებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს საკუთარი სახლია, მოხუცებულთა პანსიონი თუ უნარშეზღუდულთა და მოხუცებულთა სახლი ან თუნდაც თავშესაფარი. ძირითადად პალიატიურ მომსახურებას პაციენტებს სახლში უწევენ.

ნახეთ ვიდეორგოლი თბილისში არსებული ჰოსპისების შესახებ

დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანების ცხოვრებას ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისში.

წყარო: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15&info_id=3481