შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

02. დეკ, 2013 / მთავარი

2013 წლის  1 დეკემბერს 13:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ერთობლივად ატარებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო  დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას სლოგანით

დავიყვანოთ ნულამდე

შეხვედრას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის  და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება, როგორც  შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე.  ის  მიზნად  აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის  ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე სახელმწიფო და კერძო სექტორიდან პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, გაავრცელონ  ინფორმაცია პანდემიის სტატუსის  შესახებ და ხელი შეუწყონ  აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრესს ამ დაავადების მაღალი პრევალენტობის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.

2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემაა: „ნულოვანი ნიშნულის მიღწევა: აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი. ნულოვანი დისკრიმინაცია. შიდსით სიკვდილობის    ნულოვანი მაჩვენებელი“. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანია ფოკუსირდება თემაზე:   „შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი“, რაც გულისხმობს მოქმედებების გააქტიურებას დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და წარმოადგენს მოწოდებას მთავრობებისადმი,  დაუყოვნებლივ განახორციელონ ქმედებები ამ მიმართულებით და  შეასრულონ აბუჯას დეკლარაციით გათვალისწინებული დაპირებები.

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს ართმევს.. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ ინფექციის ბოლო სტადია.

2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერ-ჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უზრუნველყო  აივ მკურნალობაზე  უნივერსალური  ხელმისაწვდომობა. აივ-ზე ტესტირება ერთადერთი გზაა აივ ინფექციის დიაგნოზის დასადგენად, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა ერთადერთი საშუალებაა აივ ინფიცირებულის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და  სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.

დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 1971 შიდსით დაავადებულ პაციენტს.

2013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 4084 შემთხვევა, მათგან 3000 მამაკაცი და 1084 ქალია. საქართველოში აივ/შიდსით დაავადებულთა სავარაუდო  რიცხვი  6600-ია. შიდსი განუვითარდა 2477 პაციენტს და 885 გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს აივ/შიდის ახალი შემთხვევების ნელ, სტაბილური ზრდას. 2013 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 443 ახალი შემთხვევა.

საქართველოში აივ/შიდსის ახალი შემთხვევების დინამიკა წლების მიხედვით

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_aids_day/en/index.html

აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას კვლავ ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს (51.6%), რასაც მოსდევს აივ სქესობრივი გზით გადაცემა ( 40% ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ინფიცირება, 5% ჰომოსექსუალური კონტაქტით ინფიცირება).

საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევევბის განაწილება გადაცემის გზების მიხედვით

მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრო­ბო ორგანიზაციების, მედიკოსების აქტიური მუშაობისა, აივ/შიდსი დღესაც უდიდესი პრობლემაა მსოფლიო მოსახლეობისათვის. პირველი დეკემბრის კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე.

შემოგვიერთდით 

დავიყვანოთ  ნულამდე

დამატებითი ინფორმაცია:

  • შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ვებ გვერდიhttp://www.georgia-ccm.ge/?lang=en;
  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ვებ გვერდი www.aidscenter.ge
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვებ გვერდი www.ncdc.ge, ფეისბუქიhttps://www.facebook.com/ncdcgeorgia;

საკონტაქტო პირები:  ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31, ნინო ბადრიძე 577 41 42 34;

მისამართი: თბილისი, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი. თელავის ქ. 20

წყარო: http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=684

Tags: , , ,