სუსგ, N ას-874-1146-05, 14 სექტემბერი, 2005 წ;

22. მაი, 2013 / საკასაციო სასამართლო

საკასაციო საჩივარი

საქმის ნომერი ას-874-1146-05
თარიღი 14/09/2005
შედეგი დატოვებულია უცვლელად
კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
სახეობა სხვა სახის დავები
დავის საგანი თანხის დაკისრების შესახებ

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-874-1146-05 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი, მ. ცისკაძე

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ შპს «… ინსტიტუტისა» (ამჟამად … კვლევითი ინსტიტუტი) და ვ. კ-ას მიმართ და მოითხოვა, შპს «… ინსტიტუტს» დაეკისროს მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა 300 ლარის ოდენობით, წინასწარი მკურნალობის ხარჯების _ 5765.22 ლარის, მატერიალური ზიანის _ 2167.40 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 450000 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ვ. კ-ას _ მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 24 სექტემბერს ერთწლიანი გამოკვლევების შედეგად შპს «… ინსტიტუტში» მოწვეული ქირურგის, პროფესორ ვ. კ-ას მიერ მოსარჩელეს ჩაუტარდა ზემო-წინა შუასაყრის სიმსივნე თიმობის თიმოქთომია სტერნოტომული მიდგომით, წინა შუასაყრის დრენაჟირება.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში, 2002წ. 8 ოქტომბერს, აღებულ იქნა ნაცხი დრენაჟის ადგილიდან და მას ამოეთესა ბაქტერია Pსეუდომონას Aერუგინოსა, რომლის საშიშროებასა და თვისებებზე მისთვის ცნობილი არ იყო და არც ექიმებს განუმარტავთ სათანადოდ. სარჩელში, ასევე, აღნიშნულია, რომ სავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც 2002წ. 29 აპრილს იგი მოათავსეს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, სადაც დაუდგინეს მკერდუკანა ჯირკვლის სიმსივნე გართულებული მიასთენიით, ოპერაციის შემდგომი გართულება, მკერდის ძვლის ნეკნების ოსტეომელიტი. ამის შედეგად მას ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია, ხოლო მე-3 ოპერაცია _ 2003წ. 29 აპრილს ქ. მოსკოვში … სამედიცინო აკადემიის ქირურგიის ინსტიტუტში.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მის ორგანიზმში პირველი ოპერაციის შედეგად, რომელიც შპს «… ინსტიტუტში» ჩატარდა ხარვეზით, შეჭრილმა ჰოსპიტალურმა ბაქტერიამ ოპერაციებისა და ტრავმების შედეგად ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესა, რამაც არსებითად შეუმცირა მას შრომის უნარი. შპს … ცენტრის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე (2004წ. 4 მაისი) იგი ითვლება პირველი ჯგუფის ინვალიდად.

სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე სარჩელში უთითებს სკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 413-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, «პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის მე-10 და მე-18 მუხლებსა და «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონის 45-ე მუხლს.

სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შესაგებელში აღნიშნულია, რომ სარჩელს არ ცნობს, რადგან ინსტიტუტმა პაციენტ დ. კ-ას განკურნებისათვის გამოიყენა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა არსებული საშუალება.

მოპასუხე ვ. კ-ას შესაგებელში აღნიშნულია, რომ თიმობა გართულებული მიასთენური სინდრომით მიმდინარეობს რთული ბოქიმიური ფონზე, რისი შედეგიცაა ნერვკუნთოვანი გადაცემის ბლოკირება და კუნთური სისუსტის (მიასთენიის) განვითარება, რაც პროგრესირებადია და ხშირ შემთხვევებში ვითარდება მიასთენოზის გენერალიზებული (გავრცელებული) ფორმები სუნთქვის კუნთების დამბლით. თიმომებს ასევე შეიძლება ახასითებდეს ანთებით-ჩირქოვანი გართულებების ალბათობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 30 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრს.

¹კ/30 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კლინიკო-რენდგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე ავადმყოფ დ. კ-ას სწორად დაუდგინდა დიაგნოზი. დასკვნაში ანიშნულია, რომ ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი სტერნოტომიის შემდგომი მკერდის ძვლისა და ნეკნების ოსტეომილიტის პროფილაქტიკის საკითხი. დ. კ-ას ჩაუტარდა ონკოლოგიური თვალსაზრისით რადიკალური ოპერაცია-თიმექტომია ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან ერთად. თიმობა ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს იმუნოდეფიციტს (იმუნიტეტის დაქვეითება), რაც შეიძლება იყოს ოპერაციის შემდგომი გართულების ერთ-ერთი მიზეზი. დ. კ-ას პლევროპნევმონიის დიაგნოზი დაესვა დროულად, მკურნალობა ამ მიმართულებით ჩატარებულია ადეკვატურად, რამაც ხელი შუწყო ანთების სწრაფ კუპირებას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფსევდონომა აეროგინეზა წარმოადგენს არამაფერმინტირებულ გრამ-გრამ უარყოფით ბაქტერიას, რომელიც წარმოქმნის ეგზოტიქსინს და ხასიათდება მაღალი ვირულენტობით. განსაკუთრებით გავრცელებულია სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებში, რადგანაც აქ ხდება იმუნიტეტ-დაქვეითებული მძიმე ავადმყოფების კონცენტრაცია.
ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის … ინსტიტუტის სტაციონარი (საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური თერაპია, შესახვევი, სასტერილიზაციო, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია) დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ ბლოკის დამუშავება-დეზინფექცია წარმოებს ყოველ დღე, ოპერაციის დამთავრების შემდეგ ლიცენზირებული და სერტიფიცირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია თვეში ორჯერ საოპერაციოდან იღებს მასალას. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები შეტანილია სპეციალურ ჟურნალში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით 2001 წლიდან დარღვევები არ გამოვლენილა.

დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ დ. კ-ას უტარდებოდა შესაბამისი ადეკვატური ანტიბაქტერიული მკურნალობა ბაქტერიოგრამის გათვალისწინებით. არც ერთი ოპერაციული ჩარევის შემდეგ არაა გამორიცხული ინფექციური გართულებების გამორიცხვა, მითუმეტეს, როდესაც ჩატარებულია ისეთი რთული კატეგორიის ოპერაცია, როგორიც არის სტერნოტომია, თიმემოქტომია და შუასაყრის დრენირება. არის შემთხვევები, როდესაც ამ ბაქტერიის სრული ერიდიკაცია ვერ ხერხდება.

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირველი ოპერაციის შემდგომ გართულებების დაკავშირება თვით ოპერაციასთან შეუძლებელია, რადგანაც ინფექციის გააქტიურებისათვის სრულიად საკმარისია დაქვეითებული იმუნიტეტის არსებობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გამოირიცხება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. კ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამდენად არ არსებობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის ისეთი საფუძველი როგორიცაა _ ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა, არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

დ. კ-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ კასატორის ჭრილობაში აღმოჩნდა ჰოსპიტალური ტიპის ბაქტერია _ ფსევდომონა აეროგინოზა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო დასკვნითაც და ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ მოცემული ბაქტერია განსაკუთრებით გავრცელებულია სამედიცინო დაწესებულებებში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს მოთხოვნას და, ამდენად, მცდარი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ არ არსებობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლები, რადგან ნაოპერაციევ ჭრილობაში ჰოსპიტალური ბაქტერია შეიჭრა სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხარვეზით.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

ამრიგად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ შპს «… ინსტიტუტსა» (ამჟამად … კვლევითი ინსტიტუტი) და დ. კ-ას შორის 2002წ. 23 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო დახმარების შესახებ. ამ ხელშეკრულების 2.2.2. მუხლის თანახმად, ინსტიტუტი ვალდებულია შექმნას ყოველგვარი პირობა დ. კ-ას სრულყოფილი მკურნალობისათვის; სრულყოფილად აწარმოოს მკურნალობის სტანდარტები და პრეისკურანტი; დაუყოვნებლივ მისცეს ინფორმაცია სათანადო ორგანოებს ავადმყოფის შესახებ დადგენილი წესის მიხედვით; არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ინსტიტუტი ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილებით აუნაზღაუროს კასატორს დამატებითი მკურნალობისა და შრომისუუნარობის მთელ პერიოდში განაცდური ხარჯები.

სასამართლომ დაადგინა, რომ ¹კ/30 ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა.

კერძოდ, ¹კ/30 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კლინიკო-რენდგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე ავადმყოფ დ. კ-ას სწორად დაუდგინდა დიაგნოზი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი სტერნოტომიის შემდგომი მკერდის ძვლისა და ნეკნების ოსტეომილიტის პროფილაქტიკის საკითხი. დ. კ-ას ჩაუტარდა (ონკოლოგიური თვალსაზრისით) რადიკალური ოპერაცია-თიმექტომია ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან ერთად. თიმობა ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს იმუნოდეფიციტს (იმუნიტეტის დაქვეითება), რაც შეიძლება იყოს ოპერაციის შემდგომი გართულების ერთ-ერთი მიზეზი. დ. კ-ას პლევროპნევმონიის დიაგნოზი დაესვა დროულად, მკურნალობა ამ მიმართულებით ჩატარებულია ადეკვატურად, რამაც ხელი შუწყო ანთების სწრაფ კუპირებას.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ დ. კაჭრავას უტარდებოდა შესაბამისი ადეკვატური ანტიბაქტერიული მკურნალობა ბაქტერიოგრამის გათვალისწინებით. არცერთი ოპერაციული ჩარევის შემდეგ არ არის გამორიცხული ინფექციური გართულებები, მითუმეტეს, როდესაც ჩატარებულია ისეთი რთული კატეგორიის ოპერაცია, როგორიც არის სტერნოტომია, თიმემოქტომია და შუასაყრის დრენირება. არის შემთხვევები, როდესაც ამ ბაქტერიის სრული ერიდიკაცია ვერ ხერხდება.

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირველი ოპერაციის შემდგომ გართულებების დაკავშირება თვით ოპერაციასთან შეუძლებელია, რადგანაც ინფექციის გააქტიურებისათვის სრულიად საკმარისია დაქვეითებული იმუნიტეტის არსებობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გამოირიცხება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ნაოპერაციევ ჭრილობაში ჰოსპიტალური ბაქტერიის შეჭრა გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხარვეზით. სამართლებრივ საფუძვლად უთითებს «პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის «ა.გ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულების სხვა ხარვეზებით.

¹კ/30 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციური დიაგნოსტიკის ინსტიტუტის სტაციონარი (საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური თერაპია, შესახვევი, სასტერილიზაციო, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია) შემოწმდა დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის სპეციალისტების მიერ, რომლის მიხედვით, ბლოკის დამუშავება-დეზინფექცია წარმოებს ყოველ დღე, ოპერაციის დამთავრების შემდეგ ლიცენზირებული და სერტიფიცირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია თვეში ორჯერ საოპერაციოდან იღებს მასალას. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები შეტანილია სპეციალურ ჟურნალში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2001 წლიდან ამ მიმართულებით დარჭვევევი არ გამოვლენილა.

ამრიგად, დაწესებულების ხარვეზი, რასაც შეეძლო გამოეწვია პაციენტის ჭრილობაში ჰოსპიტალური ბაქტერიის შეჭრა, არ დასტურდება.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ბაქტერია მუდმივად ბინადრობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, ასევე გვხდება კანსა და ლორწოვან გარსებზე, ასევე ნიადაგში, წყალში, ჰაერში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფსევდონომა აეროგინეზა წარმოადგენს არამაფერმინტირებულ უარყოფით ბაქტერიას, რომელიც წარმოქმნის ეგზოტიქსინს და ხასიათდება მაღალი ვირულენტობით. განსაკუთრებით გავრცელებულია სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებში, რადგანაც აქ ხდება იმუნიტეტდაქვეითებული მძიმე ავადმყოფების კონცენტრაცია.

ამდენად, არც აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით და არც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ეს ბაქტერია გაჩნდა ამ დაწესებულების მიერ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით. ასევე არ დასტურდება, რომ პირველი ოპერაციის შემდგომი გართულებები დაკავშირებულია ოპერაციასთან. აღნიშნული გარემოების არსებობის შეუძლებლობა აიხსნება იმით, რომ ინფექციის გააქტიურებისათვის სრულიად საკმარისია დაქვეითებული იმუნიტეტის არსებობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვერ გამოირიცხება.

აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კასატორის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. არ დასტურდება «პაციენტის უფლებების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის «ა.გ» ქვეპუნქტის თანახმად სამედიცინო დაწესებულების სხვა ხარვეზებით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი. ასევე, ზემოაღნიშნული საფუძვლების გათვალისწინებით არ დასტურდება ვ. კ-ასათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

სკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. განსახილველი ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია არა მარტო ზიანის არსებობა, კერძოდ, დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება, შრომის უნარის შემცირება და ა.შ., არამედ, ვნების მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც გამოირიცხა განსახილველი ნორმით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელი მოთხოვნები, რაც არ გასაჩივრდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს «… ინსტიტუტისა» (ამჟამად … კვლევითი ინსტიტუტი) და ვ. კ-ას მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად კასატორს მიადგა ზიანი, რის გამოც დ.კ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ.წ. 13 მაისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.