სუსგ N ას-714-669-2010, 25 ოქტომბერი, 2010 წ;

22. მაი, 2013 / საკასაციო სასამართლო

საკასაციო საჩივარი

საქმის ნომერი ას-714-669-2010
თარიღი 25/10/2010
შედეგი დაუშვებლად იქნა ცნობილი
კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
სახეობა სხვა დელიქტური ვალდებულებანი
დავის საგანი ზიანის ანაზაურება

გადაწყვეტილება/განჩინება
ას-714-669-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს “… ს. ც.”

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ფ-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 5 თებერვალს ნ. ფ-ავამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „… სამედიცინო ცენტრის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, ნ. ფ-ავა პროფესიით პიანისტია. 2004 წელს მან პროფილაქტიკის მიზნით სს „…სამედიცინო ცენტრში” გაიკეთა ოპერაცია მარჯვენა ხელის მტევანზე, კერძოდ, მეხუთე თითის მყესის გამაგრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი კონსულტაციების დროს მოსარჩელეს მისცეს 100%-იანი გარანტია ოპერაციის დადებით შედეგზე, მას დაუზიანდა მარჯვენა ხელის მტევანი, განსაკუთრებით მეხუთე თითი, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. აღნიშნულის გამო, ნ. ფ-ავამ დაკარგა შრომის უნარი და იძულებული გახდა გადამდგარიყო ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობიდან. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მან შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა და მისი, როგორც პიანისტისა და პედაგოგის კარიერა დასრულდა. სარჩელის აღძვრამდე ნ. ფ-ავამ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური და 40 000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 1-3, 182-184).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „… სამედიცინო ცენტრს“ ნ. ფ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11 957 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით, მთლიანობაში 12 957 ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ფ-ავას ჯანმრთელობის მდგომარეობა (მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის მოხრის შეუძლებლობა) გამოწვეული იყო წინასაოპერაციო მკურნალობის ჩაუტარებლობით, ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობის არასწორად ჩატარებით. აღნიშნულმა შედეგად გამოიწვია ის, რომ მოსარჩელე _ პიანისტი და კონსერვატორიის რექტორი _ იძულებული გახდა დაეტოვებინა პედაგოგის და რექტორის თანამდებობა. კონსერვატორიის წესდების მიხედვით, სავალდებულოა, რომ კონსერვატორიის რექტორი იმავდროულად ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მან დაკარგა შემოსავალი ხელფასის სახით, რაც უნდა მიეღო პედაგოგის და რექტორის თანამდებობაზე მუშაობისათვის.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება საკონცერტო მოღვაწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნა, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის საკონცერტო საქმიანობა და მისგან მიღებული შემოსავალი იყო არა მუდმივი, არამედ ერთეული ხასიათის, ხოლო, რაც შეეხებოდა კერძო პედაგოგიური საქმიანობიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, საქმის მასალებით მოსარჩელის ამგვარი საქმიანობა არ დასტურდებოდა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ხელის მტევნის მეხუთე თითის მოხრის შეუძლებლობა პიანისტს ზოგადად ხელს შეუშლიდა ფორტეპიანოზე დაკვრაში და არა მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში, ხოლო ის გარემოება, რომ თითის მდგომარეობის გამო, მოსარჩელე სწრაფად ვეღარ წერდა სანოტო რვეულში ნოტებს, ზიანის ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდებოდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე, 992-ე, 316.1, 317.1 და 361.2 მუხლების საფუძველზე სახეზე იყო ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი შემადგენლობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა მოპასუხის (სამედიცინო დაწესებულების) ბრალეული მოქმედების შედეგად, ამასთან, ზიანის დადგომაში მისი ბრალის არარსებობა მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო მისთვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მიუღებლად ითვლებოდა შემოსავალი, რასაც ნ. ფ-ავა მიიღებდა ბათუმის კონსერვატორიის რექტორისა და პედაგოგის ხელფასის სახით გადაწყვეტილებაში ზემოთ აღნიშნული პერიოდისა და ოდენობის მიხედვით. ამასთან, მოპასუხემ იცოდა, რომ მოსარჩელე იყო პიანისტი და კონსერვატორიის რექტორი და, ამდენად, ზიანი მისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო.
მატერიალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა ფორტეპიანოს პედაგოგის თანამდებობა დაეტოვებინა საპენსიო ასაკის მიღწევამდე 65 თვით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში კი, 2004 წლის თვიური ხელფასის გათვალისწინებით, იგი პედაგოგის ხელფასის სახით მიიღებდა 6 877 ლარს (105.8X65). რაც შეეხებოდა რექტორის ხელფასს, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს იგი უნდა ანაზღაურებოდა 5 080 ლარის ოდენობით, კერძოდ, რექტორის თანამდებობის დატოვებიდან 2006 წლის 23 თებერვლამდე პერიოდისათვის (16 თვე), ვიდრე ბათუმის კონსერვატორია გაუერთიანდებოდა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ასევე არაქონებრივი ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მოპასუხის ბრალეული ქმედებით მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რამაც ამ უკანასკნელის მიერ კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დატოვება და პედაგოგიური მოღვაწეობის შეწყვეტა გამოიწვია (ტომი I, ს.ფ. 218-226).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ნ. ფ-ავამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 67 600 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 95 781 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 231-240).
სს „… სამედიცინო ცენტრის” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 241-252).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. ფ-ავასა და სს „… სამედიცინო ცენტრის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ფ-ავამ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით; 1998 წლის 21 მაისიდან 2004 წლის 1 ნოემბრამდე იგი მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორად და საფორტეპიანო კათედრაზე პედაგოგად. მისი წლიური ხელფასი 2004 წლის მდგომარეობით შეადგენდა 4 233 ლარს, მათ შორის, პედაგოგიური _ 1 058 ლარი, თანამდებობრივი _ 3 175 ლარი. ამდენად, 2004 წელს (ანუ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე 10 თვის განმავლობაში) მოსარჩელის თვიური პედაგოგიური ხელფასი იყო 105,8 ლარი, თანამდებობრივი _ 317,5 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის ¹37 დადგენილების საფუძველზე, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 ივნისის ¹1-84 ბრძანებით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია გაერთიანდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტთან ხელოვნების ფაკულტეტის კონსერვატორიის სტატუსით.
ავადმყოფობის ისტორიისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 16 აგვისტოს ¹კ/371 კომისიური დასკვნის თანახმად, 2004 წლის 6 ივლისს მოსარჩელე ნ. ფ-ავამ (59 წლის ასაკში), სს „… ეროვნეულ სამედიცინო ცენტრში“ გაიკეთა ოპერაცია მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითზე მყესის გამაგრებაზე დიაგნოზით _ მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის მოხრითი ნაწიბუროვანი კონტრაქტურა. მოსარჩელემ 2004 წლის 1 სექტემბერს წერილობით მიმართა ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს კონსერვატორიის რექტორისა და პედაგოგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით იმაზე მითითებით, რომ მარჯვენა ხელის მტევანზე გაკეთებული ოპერაციის შედეგად დაზიანება მიიღო მეხუთე თითმა, რომელიც აღარ მოძრაობს და სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული მესამე და მეოთხე თითებსაც, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა რექტორის და პედაგოგის თანამდებობა.
სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურა წარმოადგენდა უცნობი ეტიოლოგიის დაავადებას და მისი მკურნალობა ყოველთვის არ იძლეოდა სასურველ შედეგს. ამასთან, ოპერაცია ჩატარებული იყო კვალიფიციურად და მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული სქემის მიხედვით.
ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, ოპერაციის გაკეთებამდე ნ. ფ-ავას ჰქონდა მარჯვენა მტევნის V თითის მოხრითი ნაწიბუროვანი კონტაქტურა თითის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლა ფუნქციურად ხელსაყრელ მდგმოარეობაში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოპერაციის შემდგომ დაუდგინდა მეხუთე თითის გაშლითი კონტრაქტურა, რამაც გამოიწვია ნ. ფ-ავას საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა 15%-ით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნა, რომ ნ. ფ-ავას ჯანმრთელობის მდგომარეობა (მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის მოხრის შეუძლებლობა) გამოწვეული იყო წინასაოპერაციო მკურნალობის ჩაუტარებლობით, ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობების არასწორად ჩატარებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 8 მაისის ¹742/32 კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი ავტორის ექსპერტ ი. ბ-ძის ჩვენება იმასთან მიმართებით, რომ ნ. ფ-ავას მკურნალობის ტაქტიკა, მეთოდიკა და ჩატარებული ოპერაცია შეესაბამებოდა დასმულ დიაგნოზს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის – შპს „…“ დასკვნა უფრო კვალიფიციური და დასაბუთებული იყო, კერძოდ, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სამედიცინო საბუთები (ავადმყოფობის ისტორია) როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგ კომპლექსურად და სრულყოფილად იყო გამოკვლეული. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „…“ დასკვნის მომზადებისას სრულყოფილად იქნა გამოთხოვილი და შესწავლილი ყველა დოკუმენტი პაციენტის შესახებ და ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ბარათები, მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მეორე ექსპერტიზის ჩატარების დროს მოსარჩელე აღარ გაუსინჯავთ, შესაბამისად, სს „… სამედიცინო ცენტრის“ მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. ფ-ავას, როგორც პროფესიონალ, მოქმედ პიანისტს და თანამდებობის პირს _ კონსერვატორიის რექტორს, მოპასუხის ბრალით (არასწორი მკურნალობით) მიადგა ზიანი, ვინაიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა პედაგოგის და რექტორის თანამდებობა. შესაბამისად, მან დაკარგა შემოსავალი ხელფასის სახით, რაც უნდა მიეღო პედაგოგის და რექტორის თანამდებობაზე მუშაობისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მიუღებელი ხელფასის სახით მოპასუხისათვის 11 957 ლარის დაკისრების თაობაზე.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას საკონცერტო მოღვაწეობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის საკონცერტო საქმიანობა და მისგან მიღებული შემოსავალი იყო არა მუდმივი, არამედ ერთეული ხასიათის.
დაზარალებულის შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის, მისი ასაკის (პედაგოგიური მოღვაწეობა მან შეწყვიტა საპენსიო ასაკამდე 65 თვით ადრე), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ხელი არ ეშლებოდა კვლავ შეექმნა მუსიკალური ნაწარმოებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 1 000 ლარი (ტომი II, ს.ფ. 65-84).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „… ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სრულყოფილად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმის გარემოებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება რომ, ნ. ფ-ავას არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად მიადგა ზიანი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით არ შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შპს “…” ექსპერტიზის დასკვნა უფრო კვალიფიციურად და სრულყოფილად. შპს “…” არაერთი შეცდომა დაუშვა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში. შესაბამისად, მხოლოდ მის დასკვნაზე დაყრდნობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იყო.
კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ფ-ავას ექიმთან ვიზიტებზე კლინიკაში არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობდა, სასამართლომ მაინც დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. ფ-ავა მკურნალობას თავის ქირურგთან ოპერაციის შემდგომაც აგრძელებდა, რასაც ვერც თავად პაციენტი ვერ ადასტურებს დოკუმენტალურად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით სს “… სამედიცინო ცენტრის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „… სამედიცინო ცენტრის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „… სამედიცინო ცენტრის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (647.85 ლარი) 70% _ 453.495 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „… სამედიცინო ცენტრის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ სს „… სამედიცინო ცენტრს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (647.85 ლარი) 70% _ 453.495 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.