სუსგ, N ას-1009-946-2010, 7 აპრილი, 2011 წ

22. მაი, 2013 / საკასაციო სასამართლო

საკასაციო საჩივარი

საქმის ნომერი ას-1009-946-2010
თარიღი 07/04/2011
შედეგი გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
სახეობა დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით გამოწვეული ზიანი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

გადაწყვეტილება/განჩინება

ას-1009-946-2010 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. წ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ალ.წ-ძის … ცენტრი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. წ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ალ.წ-ძის … ცენტრის» მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებამ ნ.წ-შვილს გაუწია არაკვალიფიციური და არასწორი სამედიცინო მომსახურება. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რითაც მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. წ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1007-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ზიანის მიყენების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ დადგინდება ზიანის არსებობა, ზიანი მიყენებული იქნება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის იარსებებს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხე სს ,,ალ. წ-ძის … ცენტრმა» ვერ დაამტკიცა, რომ მას სადავო ზიანის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 3 მაისის ¹კ/112 და 2007 წლის 5 ნოემბრის ¹… ექსპერტიზის დასკვნებით პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ პაციენტ ნ. წ-შვილის გამოკვლევა და მკურნალობა ტარდებოდა სწორად.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე სს ,,ალ. წ-ძის … ცენტრმა» სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დაადასტურა, რომ პაციენტ ნ. წ-შვილის მკურნალობა არასწორად არ ჩატარებია. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ მოპასუხეს ზიანის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის, რაც გამორიცხავს ზიანის მიყენების გამო მოპასუხისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ სამედიცინო მომსახურების თაობაზე არ არსებობდა პაციენტ ნ. წ-შვილის ინფორმირებული თანხმობა, რითაც დაირღვა «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან ასეთი თანხმობის მიღება სავალდებულო იყო.
2003 წლის 14 დეკემბერს უროლოგიის ეროვნულ ცენტრსა და ნ. წ-შვილს შორის გაფორმებულ ¹1390/3 ხელშეკრულებაში, მოსარჩელე ნათლად და ცალსახად ხელს აწერს ტექსტზე: ,,გაფრთხილებული ვარ მოსალოდნელ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე და თანახმა ვარ ოპერაციაზე».
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თაობაზე შესაძლო ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება შეესაბამება «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სამედიცინო მომსახურების თაობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხე სს ,,ალ. წ-ძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრს» ვერ დაეკისრება ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, ვინაიდან ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. წ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ის გარემოება, რომ უროლოგიის ეროვნული ცენტრის მკურნალი ექიმის გაუფრთხილებლობით ნ. წ-შვილს შარდის ბუშტის ბოლო გამორეცხვა ჩაუტარდა კონცენტრირებული ანტისეპტიკური ხსნარით, რომელიც პაციენტების მკურნალობისათვის არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულის შედეგად მას დაუზიანდა შარდის ბუშტი. უროლოგიის ეროვნული ცენტრის მიერ 2003 წლის 15 აგვისტოს გაცემული სამედიცინო დოკუმენტით, ფორმა ¹077-ით დასტურდება, რომ „ავადმყოფს უტარდებოდა ანტიბაქტეოროლოგიური მკურნალობა და შარდის ბუშტის ინსტილაციები ნარკოსეპტით, რის გამოც აღნიშნული იყო შარდის ბუშტის ქიმიური დამწვრობა“.
სანქტ-პეტერბურგის სასამართლო-სამედიცინო საკონსულტაციო დასკვნით, ნ. წ-შვილის ამჟამინდელი მდგომარეობა განპირობებულია არასწორად ჩატარებული მკურნალობით.
მოპასუხე დაწესებულებაში ნ.წ-შვილს ოპერაცია ჩაუტარდა ისე, რომ პაციენტი მოსალოდნელ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე გაფრთხილებული არ ყოფილა. იგი ამჟამად შრომისუუნაროა და საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2004 წლის 4 მაისის ბრძანებით დათხოვილ იქნა სამსახურიდან. შს ორგანოებში მუშაობისას მოსარჩელის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 89,08 ლარს. ნ.წ-შვილს დაენიშნა პენსია _ თვეში 76,14 ლარი. „სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. წ-შვილს საპენსიო ვადა ეწყება 20 წლის ნამსახურეობის შემთხვევაში, აქედან გამომდინარე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელე ვერ მიიღებს სხვაობას თანამდებობრივ სარგოსა და პენსიას შორის, სულ _ 2 536,29 ლარს.
კასატორს ყოველდღიურად ესაჭიროება 5 კათეტერი. ერთი ცალის ღირებულება შეადგენს 3 ლარს. ყოველთვიურად იგი მოიხმარს 540 ლარის ღირებულების 180 ცალ კათეტერს. არსებულ უროლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით მოსარჩელე საჭიროებს ყოველთვიურად 159 ლარის ღირებულების კონსულტაციებს და მკურნალობას უროლოგის, ნევროლოგის და თერაპევტის ზედამხედველობით. სხვადასხვა სახის ანალიზებში მხარემ დახარჯა 619 ლარი, მედიკამენტების შეძენაში კი _ 2035,77 ლარი, ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 924,17 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავა უნდა გადაეწყვიტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1007-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 411-ე, 414-ე, 408-ე მუხლების საფუძველზე განესაზღვრა ზიანის ოდენობა, ხოლო 413-ე მუხლი ითვალისწინებს კასატორისათვის მორალური ზიანის _ 1000000 ლარის ანაზღაურების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.
მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმაში მითითებული შემთხვევების არსებობისას არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულებაის ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებას აწევს.
მოსარჩელე ნ. წ-შვილის მითითებით, ს.ს. ,,ალ. წ-ძის სახელობის უროლოგიის ცენტრში’’ მკუნალობის შედეგად მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. ასეთ შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულებამ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრეცხავი გარემოებების არსებობა. ის, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობა სერიოზულად დაზიანებულია, მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სააპელაციო სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უთითებს, რომ 2003 წლის ივლისის თვეში ნ. წ-შვილს უტარდებოდა ანტიბაქტერიული მკურნალობა, შარდის ბუშტის ინსტალაციები დიოქსინით და არაკონცენტრირებული ნარგოსეპტით, რასაც არ გამოუწვევია შარდის ბუშტის შეჭმუხვნა. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული ეს დასკვნა არ ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ფაქტია, რომ ნ. წ-შვილი მკურნალობდა მოპასუხესთან, ფაქტია ისიც, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო დასჭირდა ოპერაციული ჩარევა და ოპერაციის შედეგად პაციენტი განკურნებული არ არის. აღნიშნული გარემოებანი, ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, უკვე იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა გამოწვეულია არასწორი მკურნალობის შედეგად. საწინააღმდეგო უნდა დადასტუდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა ¹077 გაცემული 2003 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნული მტკიცებულება რატომღაც სასამართლოს შეფასებული არ აქვს. ცნობის მე-7 პუნქტი შეიცავს არა მხოლოდ ანამნეზს, არამედ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, ავადმყოფობის მიმდინარეობისა და ჩატარებული მკურნალობა მდგომარეობის თაობაზე მონაცემებს, და ა.შ. აღნიშნულ გრაფაში მითითებულია, რომ ,,ავადმყოფს უტარდებოდა მკურნალობა და შარდის ბუშტის ინსტილიციები დიოქსიზონით, ნარგოსეპტით, რის გამოც აღნიშნული იყო ქიმიური დამწვრობა შარდის ბუშტის ყელის.” აღნიშნული რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ანამნეზს. იგი წარმოადგენს მკურნალი ექიმის მითითებებს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერიდან ცალსახად ჩანს, რომ მოსარჩელეს ნამდვილად განუვითარდა შარდის ყელის დამწვრობა და ეს გამოწვეულია შარდის ბუშტის ინსტილაციების შედეგად. აღნიშნული მტკიცებულება ცალსახად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამკურნალო დაწესებულების არაბრალეულობის თაობაზე. გაუგებარია, ამ მტკიცებულების არსებობის პირობებში ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეწონილობაც.
ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილადაც რომ იქნეს მიჩნეული, საქმეში წარმოდგენილი, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ექსპერტის დასკვნები სასამართლოს არ შეუფასებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული მტკიცებულებები გამორიცხავენ თუ არა ზემოთ მითითებულ ცნობაში არსებულ ჩანაწერებს და სამკუნალო დაწესებულებების ბრალეულობას.
2006 წლის 3 მაისის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტს განუვითარდა შარდის ბუშტის შეჭმუხვნა, რამაც აუცილებელი გახადა პაციენტისათვის ოპერაციის ჩატარება (ს.ფ. 261, იხ. ექსპერტის დასკვნის შედეგი ¹1). ზემოთ მითითებული ორივე მტკიცებულებიდან (ფორმა¹077 და ექსპერტის დასკვნიდან) ცალსახად იკვეთება, რომ შარდის ბუშტის შეჭმუხვნას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. საყურადღებოა ის გარემოება სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ ექსპერტის დასკვნა ხშირ შემთხვევაში შეიცავს ისეთი მითითებებს, რაც ცალსახად გამორიცხავს კატეგორიული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ამისი მაგალითია თუნდაც ექსპერტის ისეთი სახის მითითება, რომ შარდის ბუშტის ქიმიური დაზიანება ცუდად შესწავლილი დარგია, ხოლო არსებული ინფორმაცია არასაკმარისია რაიმე დასკვნის გასაკეთებლად.
სასამართლომ არც ის ფაქტორი გაითვალისწინა, რომ ექსპერტი ხშირად გვერდს უვლის სასამართლოს მიერ დასმული კითხვებისათვის პასუხის გაცემას. დასკვნის თანახმად, ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ჩატარებულია მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. ექსპერტი თავს არიდებს ოპერაციამდელი მკურნალობის შეფასებას და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნას არ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს კითხვა სასამართლოს განჩინებით დასმული აქვს. დასკვნის მიხედვით ტერმინი- შარდის ბუშტის დამწვრობა არაკორექტულია. არსებობს დიაგნოზი შარდის ბუშტის დაზიანება, რაც შედარებით ცუდად შესწავლილი დარგია. ამავე დასკვნის თანახმად, ,,ძნელია საუბარი შარდის ბუშტის ქიმიურ დაზიანებაზე პრეპარატ ,,ნარგოსეპტის’’ ინტრავეზიკალური ინსტილაციის ხანმოკლე კურსით… არსებული ინფორმაცია არასაკმარისია რაიმე დასკვნის გასაკეთებლად.’’
უნდა ითქვას, რომ სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ახსნა-განმარტებანიც არ არის ცალმხრივი და ერთმნიშვნელოვანი, რაზეც სასამართლოს ყურადრება არ გაუმახვილებია. ექსპერტი ლ. ჩაჩუა შეკითხვაზე- ,,შეიძლება თუ არა მთელი უტყუარობით იმ დასკვნის გაკეთება, რომ კონცენტრირებული ნარგოსეპტით გამოწვეული იქნებოდა შარდის ბუშტის შეჭმუხვნა” იძლევა ასეთი სახის პასუხს- ,,შეიძლება შეჭმუხვნაზე უფრო მძიმე შედეგი გამოიწვიოს’’. ექსპერტი დ.ქ-შვილი კი ასე აზუსტებს პასუხს ნარგოსეპტთან მიმართებაში-თუ პროცენტი მაღალია შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის დაზიანება, დაახლოებით 2 თვე გრძელდება განახლება. თუ პროცესი სცილდება 10 კვირას მაშინ ლაპარაკია შარდის ბუშტის ქიმიურ დაზიანებაზე. – აღნიშნული პასუხები არაკატეგორიულია და იგი უფრო მეტად დაფუძნებულია ექსპერტთა ვარაუდზე, ვიდრე ცალსახა მეცნიერულ მოსაზრებებზე.
ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებანი სააპელაციო სასამართლოს არასრულყოფილად აქვს შეფასებული. არ არის გამახვილებული ყურადღება ექსპერტის იმ მითითებაზეც, რომ ოპერაცია განაპირობებული იყო შარდის ბუშტის შეჭმუხვნის ფაქტის გამო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია არა შარდის ბუშტის დამწვრობასა თუ ქიმიურ დაზიანებაში ნარგოსეპტის ფაქტორის დადგენა, არამედ სამკურნალო დაწესებულების ბრალეულობის საკითხის გამორიცხვა და თუ დადგენილია, რომ ნამდვილად შარდის ბუშტის შეჭმუხვნას ადგილი ჰქონდა (ეს მითითებულია ექსპერტის დასკვნაშიც) და ეს მოხდა სტაციონარში მკურნალობის დროს, სამკურნალო დაწესებულება ბრალეულად ჩაითვლება თუ არ დადგინდა ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რომელთაც სამკურნალო დაწესებულება უთითებს მისი არაბრალეულობის დასადასტურებლად და თუ ეს მტკიცებულებანი გამორიცხავენ მოპასუხის ბრალს, სარჩელი უნდა ჩაითვალოს უსაფუძვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ნ.წ-შვილის მოთხოვნა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება სასარჩელო განცხადებაში მითითებული სხვა მოთხოვნების გადაწყვეტაც და მათი გადაწყვეტაც უნდა მოხდეს ერთდროულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომნდინარე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს სამკურნალო დაწესებულების ბრალეულობის ან მისი გამომრიცხავი გარემოებანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. წ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.