საქმე N2/6831-10 29 აპრილი, 2011 წ

02. სექ, 2013 / რაიონული (საქალაქო) სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება (ინფორმირებული თანხმობა, მეორე აზრის მოძიების უფლება, სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის და შეცვლის უფლება)

2010 წლის 10 აპრილს მოსარჩელე მიიყვანეს შპს X-ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში “გასტრო-ინტენსიური სისხლდენის” გამო.  კლინიკაში ყოფნის დროს მოსარჩელეს ჩაუტარდა 7 ტრანსფუზია. შპს X-ში მკურნალობისას მოსარჩელეს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში დარღვევა არ ჰქონია.

მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ მოსაჩელეს დაუდგინდა დიაგნოზი – ახალი მწვავე HCV ინფექცია რეპლიკაციის ფაზაში.  დონაციის შემდგომ დონორ A-ს აღმოაჩნდა HCV (+) და RW (+) ინფექცია, ხოლო დონორ B-ს HCV ინფექცია.მოსარჩელე ითხოვდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლომ მიუთითა “ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ” კონვენციის მე-4 მუხლზე, რომლის თანასმად ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა მოხდეს სათანადო პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად. მე-5 მუხლის მიხედვით ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა მოხდეს პირის მიერ ნებაყოფლობითი და გააზრებული თანხმობის შემდეგ. ასევე, სასამართლომ მიუთითა “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლს, რომლის თანახმადაც სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა ინფორმირებული თანხმობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პაციენტი არ იყო ინფორმირებული მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის, განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, რის გამოც მას მოესპო პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად უფლება მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიემართა სხვა ექიმის ან სამედიცინო დაწესებულებისთვის, ხოლო მე-8 მუხლის თანახმად აერჩია და ნებისმიერ დროს შეეცვალა სამედიცინო მომსახურების გამწევი ან უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურებაზე.

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს X-ის მიერ არ იქნა განხორციელებული სამედიცინო ჩარევა “ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ” კონვენციით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად, რამაც გამოიწვია პაციენტის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევა, რის გამოც სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკი თავისი სამართლებრივი შედეგებით გადავიდა შპს X-ზე და იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ სუბიექტს პაციენტის მიმართ ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

სასამრთლომ დააწესა მატერიალური ზიანის სრულად, ხოლო მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება.

იხ. PDF ფაილი: 26831-10