26 ივნისი – ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

26 ივნისი – ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

26. ივნ, 2013 / მთავარი

1987 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 26 ივნისი გამოცხადდა ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ და მას შემდეგ ის ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანი  მოსახლეობისთვის ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი გარემოს ხელშეწობაა.

ნარკომანია რჩება 21 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჯანმრთელობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 210 მილიონი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკებს. მათგან 200 000 იღუპება მისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით ან ნარკოტიკების ზედოზირების  გამო.

საქართველოში ინექციური (ნარკოტიკის მოხმარება ნემსით) ნარკომანების  რაოდენობა 2012 წლის კვლევების წინასწარი მონაცემებით შეადგენს 45 000-ს.

რა არის ნარკომანია ანუ წამალდამოკიდებულება?

ნარკომანია არის ქრონიკული, მორეციდივე (რეგულარულად განმეორებადი) დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებებისადმი დაუძლეველი ლტოვით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, ნარკომანია ითვლებოდა „უნებისყოფო ადამიანების უარყოფით თვისებად“. თუმცა, მოგვიანებით მეცნიერებმა ინოვაციური  აღმოჩენებით დაადგინეს, რომ წამალდამოკიდებულება არის თავის ტვინის დაავადება. ნარკოტიკული საშუალებების რეგულარული მიღება, დროთა განმავლობაში იწვევს თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლას, რის შედეგადაც ადამიანს  უქვეითდება სიტუაციის შეფასებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, უძნელდება ემოციებისა და სურვილების კონტროლი, უქვეითდება კრიტიკის უნარი და ა.შ. გარდა თავის თვინის დაზიანებისა, ნარკოტიკების მოხმარება  იწვევს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული, შარს-სასქესო, რეპროდუქციული, ნერვული სისტემების, ასევე ღვიძლის, თირკმლების დაავადებებს, ფსიქიკურ აშლილობებს, სხვადასხვა ორგანოს კიბოს. აგრეთვე აივ-ინფექციის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი), ჰეპატიტებისა და სხვა ინფექციური დაავადებების უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორი.

რა არის ნარკოტიკი?

ნარკოტიკი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლის სისტემატიური მოხმარება იწვევს შეჩვევას – ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

ნარკოტიკულ ნივთიერებებს მიეკუთვნება: მარიხუანა, ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინი, ელესდე( LSD), ექსტაზი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი, კოფეინი და ალკოჰოლი ასევე მიეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ასევე იწვევენ შეჩვევას და არასასურველი შედეგების განვითარებას.

რატომ მოიხმარენ ადამიანები ნარკოტიკებს?

არსებობს ნარკოტიკების მიღების სხვადასხვა მიზეზი:

  • სიამოვნების მიღება. ნარკოტიკული საშუალებების მიღება   იწვევს ძლიერი  სიამოვნების შეგრძნებას, მხიარულ განწყობას, ენერგიისა და თავდაჯერებულობის მომატებას. ზოგიერთი სახის ნარკოტიკული საშუალება კი სიამოვნების შეგრძნებასთან ერთად იწვევს მოდუნებისა და რელაქსაციის შეგრძნებას. 
  • რეალობიდან გაქცევა. ზოგიერთი ადამიანი, რომელისაც აწუხებს  სოციალური პრობლემები, მოუსვენრობა, მღელვარება, აქვს სტრესით გამოწვეული აშლილობები და/ან დეპრესია იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას თავისი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.  სტრესი  ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ადამიანი იწყებს ნარკოტიკის მოხმარებას „რეალობიდან გაქცევის“ მიზნით.
  • ცნობისმოყვარეობა და „იმიტომ, რომ სხვები აკეთებენ იგივეს“. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებონი არიან მოზარდები, ვინაიდან თანატოლების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან  . ნარკოტიკების მოხმარებით ისინი ხდებიან უფრო გამბედავები, რაც „ეხმარება“ მათ თავის დამკვიდრებაში. 

რატომ არის ნარკოტიკების მოხმარება პრობლემა?

ნარკოტიკების მოხმარების დაწყება უმეტეს შემთხვევაში ნებაყოფლობითია. ახალგაზრდების უმეტესობას გონია, რომ ნარკოტიკების დროდადრო მიღება ცხოვრების ისეთივე ჩვეული წესია, როგორც, მაგალითად, ალკოჰოლის. მათ მიაჩნით, რომ შემდეგ მარტივია მათზე უარის თქმა. თუმცა, ეს ასე არ არის.  დროთა განმავლობაში, იგი იღებს სისტემატიურ ხასიათს  და თანდათან ქრება მისი მიღებით  გამოწვეული სიამოვნების შეგრძნება. ადამიანი კარგავს თავის გაკონტროლების უნარს და  ხდება წამალდამოკიდებული, რომლისთვისაც ნარკოტიკის მიღება ხდება აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ თავი იგრძნოს „ნორმალურად“. ამ დროს წამალდამოკიდებული ადამიანი უკვე იწყებს ნარკოტიკის მოპოვებასა და მათ რეგულარულ მიღებას მიუხედავად ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული გამანადგურებელი შედეგებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯამნრთელობასა და სიცოცხლეს. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა მიღებული ნარკოტიკის დოზა აღარ არის საკმარისი და  იწყება მიღებული ნარკოტიკული საშუალების  დოზისა და სიხშირის მატება.

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ წამალდამოკიდებულების განვითარებას

წამალდამოკიდებულების  ანუ ნარკომანიის განვითარებას როგორც ბიოლოგიური  ( გენეტიკა, სქესი, ასაკი), ასევე გარემო ფაქტორები (ოჯახური სიტუაცია, მეგობრების წრე) განსაზღვრავენ. მეცნიერული კვლევების მიხედვით, გენეტიკური ფაქტორი 40%-დან 60%-მდე  განაპირობებს წამალდამოკიდებულების განვითარების რისკს. ხოლო ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები ნარკოტიკებზე დამოკიდებულების განვითარების უდიდესი რისკის ქვეშ არიან.

 თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ნარკოტიკს არ მიმართავს ყველა, ვისაც ეს რისკ-ფაქტორები გააჩნია

ოჯახური გარემო.  ბავშვთა ასაკში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს ზეგავლენა.  ნარკომანიის განვითარების რისკი იზრდება იმ მოზარდებისთვის, რომელთა ოჯახშიც არის:

  • ბავშვებსა და მშობლებს შორის  ურთიერთობის დეფიციტი, არამეგობრული გარემო, აღზრდის ნაკლებობა;
  • მშობლის მოვალეობების არასრულყოფილად შესრულება, უგულველყოფა, მეთვალყურეობის ნაკლებობა,;
  • ნარკოტიკების მომხმარებელი მშობელი/მშობლები;

ოჯახურ გარემოს  შეუძლია  დაიცვას ბავშვი ნარკოტიკების მოხმარებისაგან, თუ ოჯახში არის:

  • ძლიერი ურთიერთკავშირი და მეგობრობა ბავშვებსა და მშობლებს შორის;
  • მშობლების ჩართულობა შვილების ცხოვრებაში;
  • მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვები და დისციპლინა

სკოლა და თანატოლები.  არსებობს რისკები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ოჯახის გარეთ, მაგალითად:

  • არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრება;
  • ურთიერთობა ნარკოტიკების მომხმარებელ თანატოლებთან;
  • ცუდი ყოფაქცევა სკოლაში- თანატოლების დაჩაგვრა,  მასწავლებლებისადმი დაუმორჩილებლობა

ურთიერთობა ნარკოტიკების მომხმარებელ თანატოლებთან  წარმოადგენს ყველაზე უფრო დიდ საფრთხეს  მოზარდებისთვის.  თანატოლების ზეგავლენის შედეგად, მოზარდმა შესაზლოა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალებები სხვა ყველა რისკ-ფაქტორის არარსებობის შემთხვევაშიც კი.

რისკ-ფაქტორები და მათი თავიდან აცილების გზები

მეცნიერები უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ იწყება წამალდამოკიდებულება და როგორ პროგრესირებს ის. ზემოთ ავღნიშნეთ, რომ წამალდამოკიდებულების ჩამოყალიბება მხოლოდ ერთი ფაქტორით არ განისაზღვრება, ის სხვადასხვანაირად უვითარდება  ნარკოტიკის მომხმარებელ თითოეულ ადამიანს. ზოგადად, რაც უფრო მეტი რისკ-ფაქტორი აქვს ადამიანს, მით უფრო დიდია შანსი ამ დაავადების განვითარების. ასევე არსებობს დამცავი ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ მისი განვითარების რისკებს.

რისკ-ფაქტორების პრევენცია შესაძლებელია სწორედ დამცავი ფაქტორების გაძლიერებით. ბავშვთა განვითარების ადრეულ ეტაპებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შვილებისა და მშობლების ურთიერთკავშირი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს წამალდამოკიდებულების რისკი.  ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია რისკ-ფაქტორებისა და შესაბამისი დამცავი ფაქტორების ჩამონათვალი.

რისკ-ფაქტორები დამცავი ფაქტორები
ბავშვობის ასაკში გამოვლენილი აგრესიული ქცევა თავის გაკონტროლება
მშობლების უყურადღებობა მშობლების მეთვალყურეობა, ზრუნვა
ნარკოტიკების მიმართ ინტერესი ინფორმირებულობა ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობის შესახებ
ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკა
სიღარიბე მთავრობისა და საზოგადოების მხარდაჭერა

რატომ არის მოზარდობის პერიოდი ყველაზე სარისკო ნარკოტიკების მოხმარების დასაწყებად?

ნარკოტიკების მოხმარების დაწყება ადრეულ ასაკში ზრდის მათზე დამოკიდებულების განვითარების შანსს და შესაბამისად სხვა მრავალი ჯანმრთელობისა თუ სოციალური პრობლემების აღმოცენებას. აქედან გამომდინარე, ადრეულ ასაკში ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნარკოტიკების მოხმარების დაწყების რისკი განსაკუთრებით მატულობს მოზარდობის გარდამავალ პერიოდებში. პირველი ასეთი პერიოდია 11-12 წლის ასაკი, როდესაც მოზარდს ხვდება სოციალური თუ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევები, დიდია თანატოლების ზეგავლენა ერთმანეთზე.  ამ დროს ყველაზე ხშირია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების დაწყება. 14-15 წლის ასაკიდან , მოზარდებს უჩნდებათ სურვილი ჩაიდინონ  რამე ახალი, რისკის შემცველი საქციელი, გასინჯონ ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც, მათი წარმოდგენით, დაეხმარება მათ სოციალური კავშირების დამყარებასა და  თავის დამკვიდრებაში თანატოლთა შორის.

მოზარდები, ამ ასაკში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული  მავნე შედეგების მნიშვნელობას, არ აქვთ მიღებული  სათანადო ინფორმაცია სკოლასა თუ ოჯახში  და ვერ იღებენ ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ამიტომ, მათ ექმნებათ პრობლემები ოჯახში, სკოლაში და ხშირად ხვდებიან სასჯელაღსრულების სისტემაში.

მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინა : ნარკოტიკების მოხმარების დაწყების შანსი მცირდება, როდესაც მოზარდებს აქვთ სრული ინფორმაცია მათი მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შესახებ.

აქედან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს:

უმნიშვნელოვანესია მთელი რესურსებისა და ძალისხმევის ფოკუსირება ნარკომანიის პრევენციაზე, სანამ ის მოსახლეობის ჯანმრათელობას საფრთხეს შეუქმნის.

ნარკომანიის პრევენცია შესაძლებელია!


შენ ცხოვრებაში არ არის ნარკოტიკების ადგილი!

იცოდე, არჩევანი ყოველთვის შენზეა!

http://www.who.int/topics/substance_abuse/en/

http://www.unodc.org/documents/data-and-analysis/WDR2012/WDR_2012_web_small.pdf

http://www.drugabuse.gov/

http://www.emcdda.europa.eu/