მსოფლიო თამბაქოს გარეშე

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

30. მაი, 2013 / მთავარი

ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ  მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე.  ამ დღის აღნიშვნით აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ ძირითად ღონისძიებებზე კეთდება, რაც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს. 2013 წლის 31 მაისის თემად შეირჩა

აიკრძალოს თამბაქოს რეკლამა, პოპულარიზაცია  და სპონსორობა

თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია, რომლის პრევენცია შესაძლებელია. ამჟამად თამბაქოს მოხმარება ათიდან ერთი ზრდასრული ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს.

ყოველწლიურად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების ეპიდემია იწვევს 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს, მათგან 600 000 ადამიანი პასიური მწეველია და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგად იღუპება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, 2030 წლისთვის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს, მათგან 80% იქნება საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებიდან. თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, 21–ე საუკუნეში, თამბაქოს მოხმარება სავარაუდოდ,  1 მილიარდამდე ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) თანახმად ამ შეთანხმების ყველა მონაწილე მხარემ  უნდა უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა. სტატისტიკა მოწმობს, რომ იგი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ხარჯთეფექტურ საშუალებას თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს მიიღო  კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის #58 დადგენილება,  რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. კომისიის ძირითადი ამოცანაა თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.

კომისიის სამდივნო პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს და მართავს ინდივიდუალური შეხვედრებსა და განხილვებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოსთან.    ჩატარდა სამუშაო ჯგუფის ორი სხდომა, სადაც განხილულ იქნა საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ მომზადებული თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო დოკუმენტთა პაკეტი, რომელშიც შედის:

  1. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია
  2. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის 2013-18 წლების სამუშაო გეგმა
  3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  4. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  7. „რეკლამის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  8. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი
  9. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი

აღნიშნული დოკუმენტები უახლოეს პერიოდში გავა სამთავრობო სხდომაზე  განსახილველად.

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი