კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

05. თებ, 2014 / მთავარი

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში” კონფერენცია გაიმართა სლოგანით დავამსხვრიოთ მითები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა თამარ სირბილაძემ, USAID Sustain პროექტის დირექტორმა ნინო ბერძულმა.
კიბოს მსოფლიო დღე 4 თებერვალი კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეს დღე აგებულია გასული წლების კამპანიის წარმატებებზე და ფოკუსირებულია კიბოს მსოფლიო დეკლარაციის მე-5 მიზანზე: საზიანო მითებისა და გაუგებრობების ელიმინაცია კიბოს შესახებ.
ღონისძიების მიზანია აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება კიბოს შესახებ, გააქარწყლოს დაავადებასთან ასოცირებული სტიგმა, დაამსხვიოს კიბოს შესახებ გავრცელებული მითები, ასევე მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომი სკრინინგისა და სხვა ონკოლოგიური სერვისების შესახებ.
უკანასკნელ წლებში საქართველოში კიბოს შემთხვევების უმეტესობა დიაგნოსტირდება მესამე და მეოთხე სტადიაზე. 2012 წელს მესამე და მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი კიბოს წილმა შეადგინა 65%.
კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით:
• ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის;
• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;
• პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის;
• კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.
USAID Sustain, რომელსაც ახორციელებს John Snow Inc, ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გააუმჯობესოს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისები და აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ამ დაავადებების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 1000-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმი და 500-მდე მეან-გინეკოლოგი ოჯახის დაგეგმვის, აბორტის შემდგომი მოვლის, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებზე. ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მიხნით, USAID Sustain ასევე ამუშავებს პერინატალური აკრედიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერტიფიცირების პროგრამებს საქართველოში დასანერგად.

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=1813

Tags: