ინფორმაცია პაციენტ გოგიტა აბაშიძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების თაობაზე

15. აპრ, 2013 / მთავარი

სოფელ მახოს, სადაც ცხოვრობს აწ გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის ოჯახი, ემსახურება სოფლის ექიმი.

სოფლის ექიმის მიერ გოგიტა აბაშიძე, ამბ. ბარათში არსებული ჩანაწერების თანახმად, სიცოცხლის (1 წელი) მანძილზე, კონსულტირებული იყო: დაბადებიდან მე-3 დღეს, ერთი თვის და ოთხი თვის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მის, ასევე ექთნის ჩანაწერებში აღნიშნულია მშობლების მიერ ბავშვის არაადეკვატურ მოვლასთან და კვებასთან დაკავშირებული ფაქტები, სოფლის ექიმის მიერ არ იქნა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარებული (პოლიციის ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირება სათანადო წესით).

დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივიბრძანების N 152/ნ – N496 – N45/ნ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ მე-4 და მე-6 მუხლების მოთხოვნები.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით, გაიდლაინებით/პროტოკოლებით, გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკის კონტინგეტისათვის (მათ შორის, ბინაზე დაბადებული ახალშობილებისათვის) ძალიან მნიშვნელოვან სკრინინგულ კვლევებში (სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე) ჩართვის, აცრების ჩატარების და ფიზიკურ განვითარებაზე ზედამხედველობის პირობები, რაც სოფლის ექიმის მიერ გოგიტა აბაშიძისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დროს განხორციელებული არ ყოფილა: ბავშვს არ ჩატარებია არც ერთი (!) აცრა; არ ჰქონდა მიმართვა მიცემული სკრინინგული გამოკვლევების ჩასატარებლად; მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო კვების პრობლემები, დაბადების მასის გარდა, სოფლის ექიმის მიერ არც ერთხელ არ ყოფილა განსაზღვრული ბავშვის მასა და მისი შესაბამისობა ასაკთან; 13.10.12წ მშობლების მიერ გამოძახებული სსდ ბრიგადის მიერ გ. აბაშიძე გადაყვანილ იქნა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მკურნალობდა 18.10.12წ-მდე – არც მანამდე და არც შემდეგ (!), პაციენტი სოფლის ექიმის მიერ კონსულტირებული არ ყოფილა; სოფლის ექიმისათვის უცნობი იყო ბავშვის ავადმყოფობის ბოლო ეპიზოდიც 21.03.13წ, როდესაც პაციენტი დაუზუსტებელი შოკის და პნევმონიის დიაგნოზით მოთავსდა ,,ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში“. ბავშვს, ასევე, აღენიშნებოდა ანემია და მძიმე ცილოვან-ენერგეტიკული დეფიციტი. ექიმის განცხადებით, მან პაციენტის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ შეიტყო ტელეეთერის მეშვეობით.

გოგიტა აბაშიძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის პროცესში ასევე, დადგინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები ოჯახის სხვა წევრი ბავშვებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების (ვაქცინაციის) პროცესში: მიუხედავად იმისა, რომ აცრების ამსახველი ჩანაწერები ხშირად გადასწორებულია (!), ნათლად ჩანს, რომ აცრები ტარდებოდა კალენდრის დარღვევით; განსხვავებულია ამბ. ბარათში არსებული მონაცემები ერთი და იგივე აცრის თაობაზე და სხვა. აცრის ერთი რაუნდი, ბარათის მიხედვით, ბავშვებს, თითქოს, ჩაუტარდათ 13.10.12წ, როდესაც გოგიტა აბაშიძე მშობლებმა გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში და არ იმყოფებოდნენ სახლში (გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში, საჭიროა მშობლის თანხმობა), აღნიშნული თარიღი ბარათში გადასწორებულია (მანამდე დაფიქსირებული იყო 12.10.12წ, რასაც ადასტურებდა ექთანი ახსნა-განმარტებით და ხელვაჩაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოწოდებული ინფორმაცია).

სხვა საკითხებთან ერთად, გამოვლინდა ექიმის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის უხეში დარღვევები.

ყოველივე ზემოაღნიშნული დარღვევა-ნაკლოვანებების საფუძველზე იმსჯელა პროფსიული განვითარების საბჭომ სოფლის ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე და კოლეგიური ორგანოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მას შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 4 თვის ვადით (აღსანიშნავია, რომ ექიმი ესწრებოდა საბჭოს სხდომას და მიეცა საშუალება, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები შემთხვევასთან დაკავშირებით).

წყარო:  http://rama.moh.gov.ge/index.php?page=37&news_id=84&lang=geo