გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

15. ოქტ, 2013 / საერთაშორისო

საჩივარი N47729/08, 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

იხ. PDF ფაილი:  http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/goginashvili.pdf

საქმეში გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ  ბ-ნ გოგინაშვილმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცებდა, რომ საპატიმროში მას არ გაუწიეს ადეკვატური მკურნალობა, რაც არღვევდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს.
საპატიმროში მყოფ ბ-ნ გოგინაშვილს აღენიშნებოდა სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა და მას 2006 წლის შემდეგ  რამოდენიმეჯერ ჩაუტარეს მკურნალობა. 2008 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს დროებითი ღონისძიებების გატარება ბ-ნ გოგინაშილს მიმართვის საფუძველზე, გოგინაშვილი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარეს ყოველმხრივი სამედიცინო შემოწმება და მიაწოდეს მედიკამენტები. როდესაც 2010 წლის აგვისტოში სასამართლომ დროებითი ღონისძიებები გააუქმა, ციხის ადმინისტრაციამ ბ-ნ გოგინაშვილი დატოვა საავადმყოფოში და განაგრძო მისი მკურნალობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით ბ-ნ გოგინაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო დაეცვა მისი ჯანმრთელობა ციხეში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, შენარჩუნებული იქნა თუ არა ბ-ნ გოგინაშვილის ჯანმრთელობა ციხეში იმის გათვალისწინებით, რომ მას აწუხებდა თირკმლის სერიოზული დაავადება  დაპატიმრებამდე. ციხეში მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ  დადგენილიყო კონვენციის დარღვევა, თუ ციხის ადმინისტრაციამ მიიღო ყველა საჭირო ზომა მისი მკურნალობისთვის.
სასამართლომ არ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა , რადგან აღნიშნა, რომ ციხის ექიმებმა ბ-ნ გოგინაშვილს გაუწიეს დროული და სისტემატური სამედიცინო დახმარება; რომ ციხის ექიმები საკმარისი სიხშირით უწევდნენ კონსულტაციას ბ-ნ გოგინაშვილს; რომ მათ დაუსვეს დაავადებათა დიაგნოზი და გამოუწერეს სათანადო წამლები; რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო საშუალებით სათანადოდ უმკურნალეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში; რომ მკურნალობა იყო სისტემატური და ემყარებოდა თანმიმდევრულ თერაპიულ ჩარევებს და რომ ციხის ადმინისტრაციამ აწარმოა სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აკონტროლებდა მის მკურნალობას დაკავების მთელი პერიოდის მანძილზე.

Tags: ,