ახალი კვლევის შედეგები ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობაზე საქართველოში

ახალი კვლევის შედეგები ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობაზე საქართველოში

15. ოქტ, 2013 / მთავარი

ახალი კვლევის მიხედვით საქართველოში პალიატიური მზრუნველობის პოტენციური მოსარგებლე საშუალოდ 0-15 წლამდე ასაკის 839 ბავშვია, რაც შეადგენს, დაახლოებით 107.7 ბავშვს 100, 000 თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვზე გადაანგარიშებით.

კვლევა ჩატარდა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით და მისი მიზანია პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რაც, სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის შესაბამისი პალიატიური მომსახურების შექმნას. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა, არსებული სერვისები, სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მოცულობა.

პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა კვლევაში სხვადასხვა მიდგომით არის დათვლილი. მოცემული ციფრი 839 მოიცავს ახალშობილობის პერიოდში დამდგარ სიკვდილის შემთხვევებსაც (0-28 დღემდე).

“აღსანიშნავია, რომ ახალშობილობის პერიოდში პალიატიური მომსახურების მიწოდების საჭიროება ნაკლებად დგას, ვინაიდან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილებისათვის სერვისის მიწოდება ხდება შესაბამის განყოფილებებში. შესაბამისად მოცემული გათვლებით, ამ ასაკის ბავშვების გათვალისწინება პალიატიური სერვისების დაგეგმვისას არ არის აუცილებელი’- ამბობს კვლევის ავტორი, ივდითი ჩიქოვანი.

მიიჩნევა, რომ იმ ადამიანების დაახლოებით 1/3, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით არიან შეპყრობილნი, საჭიროებენ სპეციალიზირებულ პალიატიურ სერვისებს სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე. პალიატიური მზრუნველობა პაციენტს შესაძლოა გაეწიოს ჰოსპისში, ან ბინაზე. ამიტომ, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში პალიატიური მზრუნველობა სპეციალურ დაწესებულებაში (ჰოსპისში) სულ მცირე 15-20 ბავშვს სჭირდება.

“ერთ-ერთ მითი, რაც პალიატიური მზრუნველობის შესახებ არსებობს არის ის, რომ ეს მომსახურება მხოლოდ ხანდაზრმული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ შესაძლოა პალიატიური მზრუნველობა ბავშვსაც დასჭირდეს, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ უკურნებელი სენით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. ამისათვის, საჭიროა, რომ შეიქმნას სპეციალური დაწესებულება ე.წ. ჰოსპისი, სადაც ბავშვებს და მოზარდებს შეუმსუბუქებენ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს, გაუწევენ სულიერ თანადგომას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ბოლო წლებია აქტიურად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს შენობა პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებისთვის, რომელიც საგანგებოდ ბავშვებს მოემსახურება. პირველი ეტაპი იყო კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ დაგვედგინა წელიწადში რა რაოდენობის ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მომსახურება და რა სერვისები არსებობს ამ ეტაპზე. კადრებს მომზადებას, ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას და ზოგადად, ჰოსპისის ფუნქციონირებას 2015 წლამდე ხელს შეუწყობს ჩვენი ფონდი.’ – ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ წარმომადგენელი.

პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაიწყო 1998 წელს. დღესდღეობით, თბილისში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის ორი დაწესებულება ე.წ ჰოსპისი, რომლებიც, ძირითადად, მოზრდილ პაციენტებს ემსახურება. ერთი ჰოსპისი ფუნქციონირებს ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში. არსებობს შინ მოვლის სამსახურიც. ბოლო პერიოდში, ფონდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ბავშვთა პალიატიური სერვისების და პროგრამების განვითარების ხელშეწყობისათვის. მოცემული კვლევა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა არის მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილის მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

წყარო: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15&info_id=3479