აჭარაში ნარკოტიკებთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

26. ივნ, 2013 / მთავარი

26 ივნისს მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცოვრების წესის პოპულარიზაციას.

მოხალისეებმა და სპორტსმენებმა 1500 მეტრიან დისტანციაზე მოაწყვეს გარბენი ბათუმის „არდაგანის“ ტბიდან აკვაპარკამდე, რის შემდეგაც მარათონის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

მართონული გარბენის შემდეგ ღონისძიება აკვაპარკში გაგრძელდა, აქ ბათუმის კარატეს ფედერაციის მოზარდებმა საჩვენებელ ვარჯიში, ხოლო პატარა მოცურავეებმა აუზში შეჯიბრი გამართეს. ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სპორტული ცეკვების ფედერაციის მოცეკვავეებმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს. მკლავჭიდელებმა კი ძალა მოხალისეებთან ერთად გამოსცადეს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართული იყვნენ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდები. მათ სიურპრიზის სახით უკრაინული ცირკის „კრაკატუკის“ შოუზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს, სამინისტროსა და დეპარტამენტს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამადლობელო სიგელი გადაეცათ.

ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: აჭარის მთავრობა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინიტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ტურიზმის დეპარტამენტი, დასქმების სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო.

1987 წლის 7 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 26 ივნისი ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოცხადდეს. მის მიზანს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული პრობლემების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება წარმოადგენს.

2008 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევისა, ნარკოტიკების პრობლემა კვლავ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობის, მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის სერიოზულ საფრთხედ რჩება. ის აფერხებს სახელმწიფოების სოციალურ–ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და განვითარებას.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებებს არალეგალურად მოიხმარს. ევროპის რეგიონში განსაკუთრებით პრობლემურია ნარკოტიკების ინექციური მოხმარება. იგი ისეთ ინფექციებთან ასოცირდება, როგორიცაა აივ ინფექცია, ბ და C ჰეპატიტი და ა. შ.

წყარო: http://www.molhs.gov.ge/index.php?cnt=vnws&nwid=1469